საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლისთვის ემზადება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლის სტრატეგიაზე მუშაობს. მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ცირკულარული ეკონომიკის ძირითად ასპექტებს განმარტავს.

“ჩვენს ქვეყანას გამიზნული აქვს, რომ შემუშავდეს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია, კონცეფცია, პროგრამა, ღონისძიებათა ნუსხა, რათა ქვეყანამ შეძლოს და გადავიდეს ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე. ეს უნარჩენო ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. ასევე მისი არსი, ნედლეულის გამოყენებაზე ზეწოლის შემცირებაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გულისხმობს ისეთი პროდუქციის გამოშვებას, რომელიც მსოფლიოში კონკურენტუნაირანი იქნება.

ცირკულარული ეკონომიკა ეს არის მწვანე ეკონომიკის, ბუნებასთან მეგობრული დამოკიდებულების მოდელი. მეორე, ეს ნიშნავს, რომ ნარჩენები მაქსიმალურად მცირდება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ესაა ეკონომიკის მოდელი, რომელიც ღირებულებას პროდუქციის წრებრუნვითი გამოყენების გზით ქმნის. ანუ, ნარჩენები, რომელიც პროდუქციის გამოყენების შემდეგ რჩება, შემდგომში ნედლეულად იქცევა. მსოფლიომ დაამტკიცა, რომ ეს მდგრადი ეკონომიკის მოდელია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“,- აღნიშნა პავლიაშვილმა.

მანვე პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ბიზნესის ჩართულობით ფასწარმოქმნის მოდელი იცვლება. ანუ, პროდუქცია კონკურენტუნარიანი ხდება. ჩვენ განახლებადი ენერგიების გამოყენება გვინდა. მაგალითად, როგორიც არის მზის ენერგია, ქარის ენერგია, ზღვის ტალღები და უამრავი სხვა რამ. განახლებადი ენერგიების გამოყენება გულისხმობს, რომ რაც შეიძლება შემცირდეს თვითღირებულება და პროდუქცია გახდეს კონკურენტუნარიანი. აუცილებელია, რომ შეიქმნას მოტივატორები, რომლებიც ამ პროდუქციის გამოშვებას ხელს შეუწყობენ“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღეს, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია კერძო სექტორის მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება და სისტემის ეფექტიანი დანერგვა იყო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.