სპეციალური ოპერაციების ძალები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწავლებას გადის

ფოტო: youtube

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯგუფის ერთობლივი საჩვენებელი სწავლება – რეიდი ობიექტზე გაიმართა. წვრთნების მიზანს წინააღმდეგობის ძალების ჩამოყალიბება და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის დახვეწა წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ობიექტზე თავდასხმის, ჩხრეკისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს.

სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი იოსებ ლოლაძე, სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საელჩოს მასტერ-სერჟანტი გრეგ ენჯელი დაესწრნენ.

მსგავსი, ერთობლივი ქართულ-ამერიკული გეგმიური წვრთნები სპეციალური ოპერაციების ძალებში რეგულარულად მიმდინარეობს. სწავლება სპეციალური ოპერაციების ძალების დასვლეთის ბატალიონში უკვე ჩატარდა.

„მოხარული ვარ, რომ აშშ განაგრძობს ურთიერთობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და განსაკუთრებით, სპეციალური ოპერაციების ძალებთან. სიამოვნებით ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობის მხარდაჭერას. დღეს ძალიან წარმატებულ სწავლებას ვესწრებით. მოვინახულეთ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი, რომელიც სპეციალური ოპერაციების ძალების ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად წარმატებით გადის წვრთნებს. ქართველები ძალიან კარგად ასრულებენ დავალებებს. მოხარული ვარ, რომ ამ ტრენინგის სახით ძალიან პოზიტიური გამოცდილების დემონსტრირება ვიხილეთ. ქართველ სამხედროებთან თანამშრომლობის განვითარებას მიმდინარე წლის განმავლობაში და მომავალშიც კვლავ გავაგრძელებთ“, – განაცხადა არმიის პროგრამების ოფიცერმა, მაიორმა ალან გრიფიტმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.