სპორტული კომპლექსი, მთავრობას 61 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, კვლავ ვერ ფუნქციონირებს

ახალი სპორტკომპლექსის მოლოდინში ბათუმელ ტანმოვარჯიშეებს რთული პირობების გაძლება უკვე 2 წელია, უწევთ. კომპლექსი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს 61 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, კვლავ ვერ ფუნქციონირებს. სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობის დასრულების ვადის სამჯერ გადაწევის შემდეგ, ადგილობრივი სპორტული სკოლების წარმომადგენლებს ვარჯიში კვლავ მძიმე პირობებში უწევთ.

პირობების დარღვევის მიუხედავად, “საბა ქონსთრაქშენისთვის” ხელშეკრულების გახანგრძლივების გამო აჭარის ხელისუფლება დღეს ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა. ოპონენტთა ნაწილი აცხადებს, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობის გაჭიანურების მიუხედავად, “ქონსთრაქშენი” რეგიონში სხვა ტენდერებსაც იგებს. ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

კორუფციას გამორიცხავენ აჭარის მთავრობაში. ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე არსებული შპს “სტადიონის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “საბა ქონსთრაქშენმა” 2017 წლის აგვისტოში გაიმარჯვა. კომპანიამ მშენებლობა 2018 წლის 8 იანვარს დაიწყო და ამ დრომდე არ დაუსრულებია. შპს “სტადიონის” დირექტორი აცხადებს, რომ ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე “ქონსთრაქშენს” სოლიდური პირგასამტეხლო ერიცხება, თუმცა კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა ამ ეტაპზე არ განიხილება.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წელს სამჯერ გადავადებული პროექტი 2020 წლის თებერვალში დასრულდება. კომპანიაში კომპლექსის მასშტაბურობიდან გამომდინარე არასწორად გათვლილ ვადებზე აკეთებენ აქცენტს.

23 ათას კვადრატულ მეტრზე აშენებული სპორტული კომპლექსი, რომელიც 3400 მაყურებელს დაიტევდა, აჭარის რეგიონის სპორტულ სკოლებს 2019 წლის მაისიდან უნდა მომსახურებოდა. ტანვარჯიშის, ჭიდაობის, სპორტული ცეკვების, ჭადრაკის, ტაეკვანდოს, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და კრივისა უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზების ნაცვლად, სპორტსმენებს ამ დრომდე კვლავ ხარაჩოებში ჩასმული შენობით დაკმაყოფილება უწევთ.

წყარო: “რუსთავი2”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია