სტატისტიკის სამსახური საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის – ხელისუფლების სიცრუის კასკადი?

რატომ აქვეყნებს საქსტატი საშუალო ხელფასის არარეალურ მონაცემს

ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენია საქართველოში დასაქმებულის საშუალო ხელფასი. ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს ეს რიცხვი 1 068 ლარს შეადგენს. სწორედ ამდენი იყო საქართველოში დასაქმებულის საშუალო ხელფასი 2018 წელს და ის 2017 წელთან შედარებით, თითქმის 8%-ით არის გაზრდილი. თუმცა, თუ ჩვენს გარშემო მიმოვიხედავთ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს იმ რაოდენობის ხელფასი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური საშუალო ხელფასად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა, მაშინ რატომ ან როგორ იღებს სტატისტიკის სამსახური, ასეთ რიცხვს, რომელიც რიგითი ადამიანებისთვის საკმაოდ თვალში საცემია.

ამის მიზეზი რამდენიმეა, მაგალითად, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით სტატისტიკას დავინახავთ, რომ საქმიანობების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასები შეინიშნებოდა საფინანსო სექტორში, ამ უკანასკნელზე კი საერთო დასაქმებულების, დაახლოებით 5-7% მოდის. თვალსაჩინოებისთვის ეს მონაცემი შეგვიძლია შევადაროთ სოფლის მეურნეობას, რომელზეც დასაქმებულთა 48%-მოდის, თუ ამ მონაცემებს დავამატებთ, მოსახლეობის საშუალო შემოსავლის განაწილებას, სოფელსა და ქალაქში დავინახავთ, რომ სოფლად ეს რიცხვი 426 ლარს არ აღემატებოდა, 2018 წლის მონაცემებით.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სექტორების ჩამონათვალშია სამშენებლო სექტორიც. საქსტატის მიხედვით ამ დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 550 ლარს აღემატება და სექტორში თითქმის 60 000 ადამიანია დასაქმებული, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს სამუშაო ძალას, საიდანაც შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 12.4%- ია დაუსაქმებელი, ანუ 1.763მლნ ადამიანი დასაქმებულად ითვლება, ცხადია ეს რიცხვი საკმაოდ მცირეა, იმისთვის რათა დასაქმებულთა საერთო ხელფასზე ზეგავლენა მოახდინოს.

უფრო მარტივად, რომ ვთქვათ სტატისტიკის სამსახური, ყველაზე მაღალშემოსავლიანი და ყველაზე დაბალშემოსავლიანი ადამიანების ხელფასს იღებს, მათგან საშუალო არითმეტიკული გამოჰყავს და ასე დგება ქვეყანაში, საშუალო ხელფასის დონეც. რაც, ცხადია, ვერ იძლევა რეალურ სურათს ქვეყანაში დაქირავებულების საშუალო ხელფასზე.

მით უფრო გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით – 12 745 ადამიანით შემცირდა.

თუმცა, თუ “მენაშენეთა ასოციაციის” მონაცემებს დავეყრდნობით, მიმდინარე წელს აღნიშნული სექტორი ნამდვილად ვეღარ მოხვდება ყველაზე მაღალ შემოსვლიან სექტორებში იმდენად, რამდენადაც ასოციაციის განცხადებით მიმდინარე წელს, სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით 20%-ს ანაზღაურება გაუნახევრდა. ამის მიზეზად კი მენაშენეები სექტორის მიმართ მკაცრ რეგულაციებს ასახლებენ.

ასეთ შემთვევაში ჩნდება კითხვა, რატომ ითვლის სტატისტიკის სამსახური, ისეთი მეთოდოლოგიით ქვეყანაში საშუალო ხელფასს, რომელიც მიახლოებითაც კი ვერ ასახავს ქვეყანაში საშუალო ხელფასის რეალურ დონეს.
ამ მიმართულებით სტატისტიკის სამსახურსაც აქვს რკინის არგუმენტი, საქმე იმაშია, რომ აღნიშნული მეთოდოლოგია, რომლითაც “საქსტატი” საშუალო ხელფასს ითვლის, საერთაშორისო მეთოდოლოგიას წარმოადგენს და აღნიშნული მეთოდოლოგიით ევროპის ქვეყნების უმრავლესობა სარგებლობს.

თუმცა, ნებისმიერი მეთოდოლოგიის ან ეკონომიკური მოდელის გამოყენებამდე აუცილებელია გათვალისწინებული იქნას, იმ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სპეციფიკა, რომელშიც აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა იგეგმება. ასე მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტს შევხედავთ, რომელიც ქვეყანაში სოციალურ უთანასწორობას ზომავს, ამ მაჩვენებლით საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს რეგიონში. მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით ჯინის კოეფიციენტი სომხეთში 31%-ზე იყო, აზერბაიჯანში 33%, რუსეთში, თურქეთსა და საქართველოში კი 40%-ი.

აღნიშნული მონაცემების პირობებში, ცხადია არგუმენტი, რომ მეთოდოლოგია საერთაშორისოა და სტატისტიკის სამსახური ამიტომ იყენებს მას, არ გამოდგება. მით უფრო ის ვერ გვაძლევს რეალურ სურათს. შესაბამისად უფრო რეალური სურათის მისაღებად, აღნიშნული მეთოდოლოგიის გადახედვა, აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში.

პაატა თურქია

http://bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.