ტექსტი, რომელიც ზურაბიშვილმა წაიკითხა, ივანიშვილის სახლში დაიწერა და ამაში კობახიძეც მონაწილეობდა

ბიძინა ივანიშვილმა თავი საბოლოოდ გაიმასხარავა. „ქართული ოცნება“ დღეს სრულიად ურეიტინგო პარტიაა და ხელისუფლების შენარჩუნების შანსი აღარ გააჩნია. რაც ხელისუფლებაში მოეთრა ეს პარტია, „გადაგდებების“ მეტი არაფერი გაუკეთებია. ქართველი ხალხი რამდენჯერ „გადააგდო“ და ჯერჯერობით, შერჩა. ჰოდა, ესენი რომ შერჩა, მერე უცხოელი პარტნიორების „გადაგდება“ დაიწყო – ევროპისა და ამერიკისა. ეგონა, ესეც შერჩებოდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ მისი ლიდერები.


მკითხველს არ შევაწყენ, მოკლედ შევახსენებ, რა მოხდა და შევახსენებ მხოლოდ მთავარ დეტალებს იმ მრავალმოქმედებიანი სპექტაკლიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დადგა. შარშან, 20–21 ივნისის მოვლენები რომ გადაეფარათ, ხალხს თვალები რომ დათხარეს, ის პოლიციელები, სპეცრაზმელები დაუსჯელად რომ დარჩენილიყვნენ, საპროტესტო აქციაზე ნახევრად ლეტალური ტყვიების გამოყენების ბრძანების გამცემი მაღალჩინოსნებისთვის ხელი რომ დაეფარებინათ, ხელისუფლებას რაღაცნაირად სახე რომ შეენარჩუნებინა, გახარია ამ ამბავს რომ არ გადაყოლოდა, 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა, 2020 წლის არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული წესით ჩავატარებთ, არანაირი მაჟორიტარული არჩევნები არ იქნებაო. პროპორციული წესით ყველა არჩევნები, 2024 წლიდან უნდა ჩატარებულიყო საქართველოში. ივანიშვილმა კი, 4 წლით ადრე ჩავატაროთო. ეს არა მხოლოდ ოპოზიციის, ხალხის მოთხოვნაც იყო და ამიტომაც შევიდა ეს ცვლილებები კონსტიტუციაში.

თუმცა, ჩვეულებრისამებრ, ივანიშვილმა ხალხი „გადააგდო“. ვითომ მისმა ყურმოჭრილმა მონებმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა ამბოხი მოაწყეს და პარლამენტში კენჭისყრაზე ჩაუგდეს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც 2020 წელს პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო ეს არჩევნები. ეს ტყუილი არ ჭამა არც ხალხმა, არც დასავლეთმა. ამან ლამის მთელი ოპოზიცია გააერთიანა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. „ნაცებისა“ და გიგა ბოკერიას პარტიებს, მათ სატელიტებს ისეთი პოლიტიკოსები შეუერთდნენ, მათთან ბრძოლაში წლები რომ გალიეს – კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია… ამის გამო პარტია დატოვა „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა.

სიტუაცია კრიზისში შევიდა. სწორედ ამ დროს „დაბომბეს“ ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა, გავლენიანმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა „ქართული ოცნება“. მოუწოდეს, დათმობებზე წასულიყვნენ ოპოზიციასთან და არჩევნები შერეული სისტემით ჩაეტარებინათ, შესაბამისი ცვლილებები შეეტანათ კონსტიტუციაში. ეს „პოლიტიკური ბომბარდირება“ იმდენად მასობრივი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი დათმობაზე წავიდა.

დასავლეთმა ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებზე არ წავიდა, მაგრამ თანახმა იყო დაეთმო მაჟორიტარული ოლქების გარკვეული რაოდენობა და შერეული სისტემით ჩაეტარებინა არჩევნები. ოპოზიციის ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, 20–21 ივნისს დაკავებული ოპოზიციის აქტივისტთა გათავისუფლება და აქციის დროს ვინ ძალას გადაამეტა, იმ ძალოვანებისა და ბრძანების გამცემთა დასჯა. პირველ ეტაპზე, გაათავისუფლეს ბესიკ თამლიანი, რომელიც 20–21 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობასთან ძალადობის მუხლით იყო დაჭერილი. გაათავისუფლეს ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და პირადი მძღოლი, კობა კოშაძეც. მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა–ტარებას ედავებოდნენ. ბოლოს კი, ივანიშვილმა ის გააკეთა, რასაც მხოლოდ პოლიტიკური იდიოტები აკეთებენ. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა გაუშვა ციხეში. ოქრუაშვილი 20 ივნისს, პარლამენტთან აქციის დროს ძალადობის მუხლით გაუშვეს ციხეში, უგულავას კი უკვე მოხდილ სასჯელს, 3 წელი დაუმატეს და ციხეში უკრეს თავი. ასევე, დააკავეს „მთავარი არხის“ მეწილე, „ნაცმოძრაობის“ წევრი, გიორგი რურუა. სამივეს პატიმრობა დასავლეთმა პოლიტიკურ დაპატიმრებად აღიქვა. დასავლეთის ზეწოლის შედეგად, 8 მარტს, ამერიკის საელჩოში, შეთანხმება შედგა. ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ არჩევნებს ჩაატარებდა შერეული სისტემით, 120–30. (120 მანდატი პროპორციული წესით და 30 მანდატი მაჟორიტარულით). ასევე, გაათავისუფლებდა ზემოხსენებულ სამივე პატიმარს. ხელისუფლებამ მართლაც გაათავისუფლა ივნისის აქციის დროს დაკავებულები, მაგრამ 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5 წელი მიუსაჯეს ძალადობის ბრალდებით. იმავე ბრალდებით დაკავებულები გაუშვეს, მხოლოდ ოქრუაშვილი ჩასვეს – ეს მართლა შერჩევითი მართლმსაჯულება იყო, სხვა არაფერი. მეტიც. იმ ღამით, ასეულობით ადამიანი ძალადობდა პარლამენტთან და მაშინ ყველა უნდა დაეჭირათ. თუმცა, არსებობდა საფუძვლიანი იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხს გამოუშვებდა ციხიდან და პოლიტიკურ პროცესს ისევ ჩიხში არ შეიყვანდა. არა, ასე არ მოიქცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის საელჩოში შეთანხმებისას, ლაპარაკი იყო ზოგადად ხელისუფლების მიერ სასამართლოს საქმეებში ჩაურევლობაზე და არა კონკრეტულად, ამ 3 პატიმრის გამოშვებაზე. იქ გვარები არ დასახელებულაო, თქვა თალაკვაძემ და მთელმა „ქოცებმა“ აუბეს მათ მხარი.

ახლა ოპოზიცია გაჯიქდა. თუ არ გამოუშვებენ სამივეს, მხარს არ დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მართალია, შეთანხმების ტექსტში არ ჩაიწერა გვარები, მაგრამ სიტყვიერად ამაზე შევთანხმდითო. არადა, ცვლილებებს „ქართული ოცნების“ ხმები არ ჰყოფნიდა პარლამენტში, ოპოზიციის ხმები აუცილებელი იყო. „ქართული ოცნების“ სპიკერები აცხადებდნენ, რომ ოპოზიციამ ხელზე დაიხვია პატიმრების თემა და თუ ცვლილებები ჩავარდა, მაშინ ეს ოპოზიციას დაბრალდებაო. აი, ამ დროს „გაისროლა“ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა. მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა განცხადება, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება. რიშმა  „ქართული ოცნებისთვის“ მომაკვდინებელი ტერმინი, პოლიტიკური პატიმრები“ იხმარა, რაზედაც ისიც და სხვა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები მხოლოდ მინიშნებით საუბრობდნენ.ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“ – ეს უკვე განაჩენი იყო „ქართული ოცნებისთვის“. თუ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და მათ ციხიდან არ უშვებს, მაშინ ამ ქვეყანას ან მის მმართველებს, ჯერ ფინანსურ სანქციებს უწესებენ და მერე უარესს უკეთებენ. ამასთან, ეს უკვე ნიშანი იყო იმისა, რომ ამერიკა გადახედავდა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას. ამას კი ივანიშვილსა და მის გუნდს ხალხი არ აპატიებდა.

პარალელურად, ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს კორონავირუსის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, ევროკავშირის მიერ დაპირებულ დახმარებებს შეუჩერებდა. ეს კი კატასტროფა იქნებოდა ამ დამშეული ქვეყნისთვის და გაკოტრების პირას მისული ქვეყნის ეკონომიკისთვის. აი, ამ ორმა ფაქტორმა გატეხა წელში ბიძინა ივანიშვილი და გადაწყვიტა, დაჰყოლოდა ამერიკისა და ევროპის ნებას. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა და ეს ისე გააკეთა, თითქოს „ქართული ოცნება“ არაფერ შუაში იყო, თითქოს საკუთარი ინიციატივით გააკეთა ეს ქართული დემოკრატიის გადასარჩენად. ამის შემდეგ, ტელევიზიით განცხადება გააკეთა ვითომ  აღელვებულმა და გაბრაზებულმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ლანძღა „ნაცები“ და არაერთგზის  კრიმინალები უწოდა ოქრუაშვილსა და უგულავას, განაცხადა რომ ისინი არ არიან პოლიტპატიმრები, არ იყვნენ შეწყალების ღირსნი და რომ პრეზიდენტმა ისინი საკუთარი სურვილით შეიწყალა. არადა, ნამდვილად ვიცი, რომ ტექსტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წაიკითხა, ბიძინა ივანიშვილის სახლში დაიწერა და ამაში  ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე მონაწილეობდნენ. ეს ტექსტი გადაუგზავნეს სალომე ზურაბიშვილს და მან უბრალოდ, წაიკითხა. ირაკლი კობახიძე და თალაკვაძე თაღლითები არიან. ამათ ტყუილებში ამოხდებათ ეს მყრალი პოლიტიკური სული, ისევე როგორც „ნაცებს“. აი, ეს იყო ყველაფერი, რაც ბოლო ხანს იხილა ქართლმა საზოგადოებამ.


ხელისუფლება და მისი „გამპრავებლები“ იძახიან, რომ უგულავაც, ოქრუაშვილიც და გიორგი რურუაც კრიმინალები არინ და ციხეში უნდა იყვნენ. მე რომ მკითხოთ, სამივეს იმდენი დანაშაული აქვს წარსულში ჩადენილი, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი. მაგრამ იმდენი ტვინი უნდა გეყოს, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკასთან აქტიურად მიბმული ხალხი, ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში არ უნდა დააკავო. ოქრუაშვილის დაჭერა თუ უნდოდათ, მაშინ თავდაცვის სამინისტროში, მისი მინისტრობის პერიოდში ჩატარებული ტენდერები გამოეძიებინათ და ერთს არა, ათ ბრალს წაუყენებდნენ. არა, ეს არ გააკეთეს, რადგან იმ ტენდერებს ქიბარ ხალვაში და დღეს „ქართული ოცნების“ ბევრი მომხრე იგებდა. თავისიანებიც მოხვდებოდნენ ხელში და ეს არ უნდოდათ. ოქრუაშვილი დაიჭირეს პარლამენტთან ძალადობის ბრალდებით და თუ ასეა, იქ, რამდენიმე ასეული ადამიანი ძალადობდა. რაღა ოქრუაშვილს მიუსაჯეს ციხე და არა სხვებს? ესეც პოლიტიკური მართლმსაჯულების საფუძველი – დანარჩენები არ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები. გიგი უგულავას ბევრი აქვს მოპარული ბიუჯეტიდან, რად უნდა მაგას თქმა, გარდა მაგისა, მისი ზეობის პერიოდში მხოლოდ "ალია-ქრონიკაში" უგულავას დანაშაულებრივი საქმიანობების იმდენი ფაქტები იბეჭდებოდა, მხოლოდ არქივი რომ ამოეღოთ, დიდი ხნით გაუშვებდნენ ციხეში შეწყალების მოთხოვნის გარეშე, მაგრამ 3 წელიწადზე მეტხანს რომ ჭიმავ გამოძიებას და სასამართლო პროცესებს და 2020 წლის თებერვალში იჭერ, ეს უკვე აჩენს საფუძველს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაიჭირე.

გიორგი რურუა მას შემდეგ დაიჭირეს, რაც მან „მთავარი არხის“ დაფინანსება დაიწყო. „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია, ეს არხი მიხეილ სააკაშვილის პირადი რუპორი, მისი“ჯიბის“ ტელევიზიაა, მაგრამ მას აქვს არსებობის უფლება, ისევე როგორც ოცნების“ჯიბის” ტელევიზია – “იმედს”. მთავარი ის არის, „ნაცმოძრაობის“ წევრი, რურუა დააკავეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და მას თან აღმოაჩნდა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. გიორგი რურუას უკანონო იარაღი ადრე ბევრჯერ უტარებია, ეს საკუთარი თვალით არა ერთხელ მაქვს ნანახი, რადგან „ვერის საძმოს“ თითქმის ყველა წევრს ვიცნობდი. მან კარგად იცის, უკანონო იარაღი სად და როგორ ატაროს, როგორ დამალოს, თუკი ეს დასჭირდება, ამის დიდი გამოცდილება აქვს. იმის ჩიტია გიორგი რურუა, რომ პარლამენტთან, აქციაზე, სადაც ასეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული, „ჭუჭყიანი“ იარაღით მისულიყო? ეგეთი სულელი ნაღდად არ არის. გარდა მაგისა, რურუას, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 48 ერთეული სხვა და სხვა სახის იარაღი აქვს სახლში, იარაღის კოლექციონერია და რაში სჭირდებოდა უკანონო იარაღი? კანონიერს ვერ წაიღებდა აქციაზე? ჩუმად ვინმე უნდა დაეჭრა, მოეკლა, მერე იარაღი უნდა გადაეგდო ასევე ჩუმად, რომ გამოძიება მასზე არ გასულიყო? მაშინ ეს უნდა დაუმტკიცო. რაიმე დაუმტკიცეს კი არა, იარაღზე, რომელიც რურუას ვითომ უპოვნეს, მისი არც დნმ–ის კვალი, არც თითების ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. რურუას რომ კრიმინალური წარსული აქვს, ეს უდავოა. ადექი, გამოიძიე და დაიჭირე, გიშლის ვინმე? თორაძეების 6-სულიანი ოჯახის ამოწყვეტაში, სხვებთან ერთად ედება ბრალი და მოწმეებიც არიან, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომ ამ საშინელებაში მონაწილეობდა. მას სხვა მძიმე დანაშაულებებსაც ედავებიან, გამოიძიე და დასაჯე. არა, გიორგი რურუა არ გახსენებია მანამდე ხელისუფლებას, ვიდრე „მთავარი არხის“ წილი არ იყიდა და არხის დაფინანსება არ დაიწყო. მერე დაიჭირეს და ცხადია, პოლიტიკური სარჩულიც გაჩნდა. გიორგი რურუაღა დარჩა ციხეში და მაგასაც გამოუშვებენ, სხვა გზა აღარც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს საცოდავები ისეთ დღეში არიან, ახლა დასავლეთმა რომ უთხრას, უკლებლივ ყველა პატიმარი გამოუშვით, ვინც ციხეშიაო, გამოუშვებენ და არც იკითხავენ, რატომო.


„ქოცები“ და მათი საცოდავი „გამპრავებლები“ ჯიმ რიშს „ნაცმოძრაობის კლასტერის“ წევრად, ზოგი სააკაშვილის მეგობრად, ზოგი მიშას მიერ მოსყიდულად მოიხსენიებდა, ამ კაცს აშარჟებდნენ, თითქოს დაბალი დონის პოლიტიკური ფიგურა იყოს. ამ უბედურებმა, მართლა არ იციან, რას ნიშნავს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე. მისი დასტურის გარეშე, პრეზიდენტი სახელმწიფო მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს) ვერ დანიშნავს, სახელმწიფო მდივანი, მისი დასტურის გარეშე ვერ დანიშნავს ვერც ერთ ქვეყანაში ელჩს, ვერც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩს, მათ შორის, გაეროში. სენატის საგარეო კომიტეტის ყველა წევრმა მხარი რომ დაუჭიროს, დავუშვათ, რომელიმე ქვეყანაში კონკრეტული კანდიდატის ელჩად დანიშვნას, რიშს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, აქვს უფლება, ერთპიროვნულად დაბლოკოს და მერე, დაბლოკვის მიზეზი სახელმწიფო მდივანს და პრეზიდენტს მოახსენოს. ამასთან, აქვს უფლება, კომიტეტის არც ერთ წევრს არ განუმარტოს ეს მიზეზი. ეს გაფართოებული უფლებამოსილება სენატის მხოლოდ 3 კომიტეტის თავმჯდომარეს გააჩნია – საგარეო ურთიერთობის, თავდაცვისა და დაზვერვისა. „ქოცებმა“ არც ის იციან, რომ ბოლო 3 წელია, ყველა გამოკითხვით, ჯინ რიში ამერიკის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების ათეულში შედის. ცხადია, არც ის ეცოდინებათ, რომ თუ დონალდ ტრამპი მეორედ გახდება ამერიკის პრეზიდენტი, რესპუბლიკელი სენატორი ჯინ რიში, განიხილება ამერიკის მომავალ სახელმწიფო მდივნად, მან შეიძლება მაიკ პომპეუ ჩაანაცვლოს. სხვა ვარიანტიც არსებობს. შესაძლოა, ის რესპუბლიკელების ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს და მაიკ პენსი შეცვალოს. აი, ეს კაცი, თურმე სააკაშვილმა მოისყიდა და მას თავის ჭკუაზე ატარებს. ხვდებით, რა იდიოტები არიან?


ბიძინა ივანიშვილმა და „ქართლმა ოცნებამ“ ამერიკის გადაგდება მოისურვეს, ამერიკის ელჩთან დადებული პირობის შეუსრულებლობა გადაწყვიტეს. ამერიკის ელჩი ამერიკის ხელისუფლებას წარმოადგენს, ამერიკა კი არავის პატიობს „გადაგდებას“, რადგან ამ „გადაგდებების“ დიდოსტატი თავად არის. ახლახან მომხდარ ერთ ფაქტს გავიხსენებ. მარტში, სამხრეთ კორეიდან გერმანული თვითმფრინავი მოფრინავდა. მას კორონავირუსის სწრაფი ტესტები უნდა ჩაეტანა გერმანიაში, რომელიც გერმანიის სახელმწიფომ შეიძინა სამხრეთ კორეაში. საწვავის შესავსებად თვითმფრინავი ნიუ–იორკის აეროპორტში დაჯდა. ტრამპის უშუალო ბრძანებით, თვითმფრინავი დააპატიმრეს, სწრაფი ტესტები ჩამოტვირთეს, ამერიკამ დაიტოვა და მერეღა მისცეს გაფრენის უფლება ცარიელ თვითმფრინავს. მოკლედ, ამერიკელებმა დააყაჩაღეს გერმანული თვითმფრინავი ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით. გერმანიის კანცლერმა, მერკელმა განცხადება გააკეთა, ტრაპს თანამედროვე მეკობრე უწოდა და ამით მორჩა ყველაფერი. საპროტესტო ნოტაც კი არ გაუგზავნია გერმანიას ამერიკისთვის, ვერ გაბედეს. აი, ამ მონსტრ სახელმწიფოს რომ ატყუებ, შეგრჩება? ესეთი რა უტვინოები არიან ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და ეს ყველაფერის მკადრებელი „გამპრავებლები“? რა, მარტო ფული და სხვა სახის დახმარებები გინდა ამერიკისგან? ის დაგეხმაროს და შენ „გადააგდო“? განა ქართული პოლიტიკაა? ეს ივანიშვილის კანტორა არ არის, სადაც ყველაფერი მოსულა. ფული თუ გინდა, მაშინ მის ბევრ მითითებას უნდა დაჰყვე და ზოგჯერ ახირებებსაც დაყაბულდე. არ გვინდა ამერიკა? მაშინ გავწყვიტოთ სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა და დავიწყოთ დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელება. ევროკავშირსაც ვუგანოთ, ბოლომდე დამოუკიდებლები რომ ვიყოთ. მერე რა მოხდება? რუსეთი ჩაგვყლაპავს, კოლონიად გვაქცევს და ევროპა და ამერიკა სანატრელი გაგვიხდება.

მეც მინდა რეალური დამოუკიდებლობა, არც რუსეთი, არც დასავლეთი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მიუღწეველია. კი, კი, ჩიხში ვართ, რეალურად ამერიკის სატელიტი ქვეყანა ვართ და ეს შევარდნაძის ხელისუფლების, „ნაცებისა“ და „ქართული ოცნების“ ბრალია, რომელთაც ბევრი მილიარდი ჩაიჯიბეს, ქვეყანას არ მოახმარეს, ხალხი გააღატაკეს და საკუთარ კეთილდღეობას მოახმარეს ეს ფული. ამ მილიარდებით ქვეყანა რომ აეშენებინათ, დღეს ბევრად დამოუკიდებლები ვიქნებოდით, ბევრად დემოკრატიული ვიქნებოდით და როგორი საარჩევნო სისტემითაც მოვისურვებდით, ისეთით ჩავატარებდით არჩევნებს, ამერიკისა და ევროპის ჩარევა არ დაგვჭირდებოდა, არც პოლიტპატიმრები გვეყოლებოდა, რადგან ვინც ზემოთ ვახსენე, ის ხალხი კარგსა ხნის წინ იქნებოდნენ სამართლიანი სასამართლოს მიერ გასამართლებულნი, სასჯელმისჯილნი ყოველგვარი პოლიტიკური მოტივის გარეშე. სახელმწიფო რომ ვერ ავაშენეთ და ეს ქვეყანა კი არა, ყანაა, ამაში მთავარი დამნაშავენი ჩვენ ვართ, ქართველი ხალხი. ხელისუფლებაში ყველა ჯურის ავაზაკი მივიყვანეთ და ვაძარცვინეთ ქვეყანაც და ხალხიც. ეს ძარცვა დღემდე გრძელდება. რაც გვჭირს, ჩვენი უნიათობით გვჭირს და სხვას ნუ ვაბრალებთ. როგორც ვიმსახურებთ, ისეც გვექცევიან უცხოელები. სისხლის სამართლის დამნაშავები გვყავდა და დღესაც გვყავს პარლამენტში, მინისტრებად, სხვა მაღალ პოსტებზე და რა გინდათ, მსოფლიოს ტოპ–პოლიტიკოსები დიქტატურის დამყარებას რომ ანებებენ ბიძინა ივანიშვილს, არ მოგწონთ? ეს არც დამთხვეულ სააკაშვილს დაანებეს 2012 წელს, თორემ ამის დიდი სურვილი ჰქონდა, ედუარდ შევარდნაძე კი ორივეზე გონიერი აღმოჩნდა და ამაზე უარი თქვა.


ამ საერთაშორისო აფერის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ უცხოეთში ნდობა საბოლოოდ დაკარგა. დაკარგა პოლიტიკური ნდობა და ეს დასასრულიც დასაწყისია. 2020 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ვერ მოიგებს და რომც მოიგოს, დიდი დღე  მაინც არ უწერია – საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებ ისეთ ქვეყანაში, სადაც დღემდე არნახული სიდუხჭირე და სიღატაკეა.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №17

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.