ტურიზმის 100%-იან აღდგენას მთავრობა 2025 წლისთვის პროგნოზირებს – ივანიშვილის ხელისუფლების საჯაროდ დაანონსებული არაპროფესიონალიზმი და უუნარობა?

ტურიზმის სექტორო, რომელიც COVID -19 პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა – 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 100%-ით შემცირდა. ტურიზმის 100%-იან აღდგენას კი, მთავრობა მხოლოდ 2025 წლისთვის პროგნოზირებს.

„ტურიზმის სრული აღდგენა მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. 2022 წლისათვის მოსალოდნელია 2019 წლის მაჩვენებლის 80 პროცენტით აღდგენა. 100 პროცენტიანი ნიშნულის აღდგენა მხოლოდ 2025 წლისთვისაა მოსალოდნელი. საბაზისო სცენარი უშვებს, რომ „ტურისტული ბუმის“ შეჩერება ამ სექტორის წილს გლობალურ ეკონომიკაში შეამცირებს.“ – ვკითხულობთ მთავარობის მიერ წარდგენილ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ტურიზმის სექტორს საქართველოს ეკონომიკის 12% უჭირავს, ამიტომაც, მასზე საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. COVID-19-ის გამო დაწესებულმა მოგზაურობის შეზღუდვამ კი, ტურისტული ნაკადი შეაჩერა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკაზე და ტურიზმის სექტორში დასაქმებული ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.
 

„ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2020 წლის ბოლომდე ალბათ ჯამში მილიარდ ნახევარი დოლარით იქნება შემცირებული. მთავარი დარტყმა, რაც მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ, ეს იყო ტურიზმი, სხვა სექტორები აღდგა, ტურიზმი კი დღესაც ჩაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ დახმარებები მიიღეს ადამიანებმა, მოსახლეობის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა; თუ კი ადამიანს გაუჭირდა – უფრო ნაკლებს მოიხმარს  და დანაზოგებს გამოიყენებს. თუ კი ბანკში დანაზოგები კლებულობს – ბანკსაც ნაკლები ფული აქვს გასასესხებელი. ასევე, სამომხმარებლო ხარჯების შემცირებასთან ერთად მცირდება გაყიდვებიც, რაც საერთო ჯამში ეკონომიკაზე ცუდად აისახება, ეს გადაჯაჭვული პროცესია. შემოსავალი, რომელსაც უცხოური ვალუტის სახით ტურიზმიდან ვიღებდით, ლარის კურსს ეხმარებოდა. იმის მიზეზი, რომ 3.2–ია ლარის კურსი დღეს, არის ზუსტად ტურიზმიდან დაკარგული შემოსავალი.“ – ამბობს „მთავართან“ საუბრისას ეკონომისტი, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ სასტუმრო სექტორის დავალიანება სადისტრიბუციო სექტორის მიმართ  25 მლნ ლარამდეა – რაც ასევე კორონოკრიზისითაა განპირობებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი აქცია გაიმართა აჭარაში, სადაც ადგილობრივები ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ბანკების გადასახადებს ვეღარ იხდიან და მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.