უესლი კლარკი: ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს ამერიკული ინვესტიციით – გზავნილი ამერიკიდან

„ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს და ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს“, – „ფორმულას“ ინფორმაციით, სწორედ ეს გზავნილი დაუტოვა საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირებსა და ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებს უესლი კლარკმა.

ნატოს გადამდგარი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი, გავლენიანი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების პრაიმერში მონაწილეობდა, – თბილისში რამდენიმე დღით სწორედ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ანაკლიის პროექტის ბედი ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ საეჭვო და ბუნდოვანი გახდა.

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებსა და ამერიკის გადამდგარ გენერალს შორის დახურული შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. „ფორმულას“ ინფორმაციით, უესლი კლარკმა ხაზარაძეს ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია გააცნო და ხელისუფლებასთან შეთანხმება შესთავაზა. ამერიკული მხარის მოთხოვნით, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით უნდა აშენდეს.

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით,  ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს ამერიკელების ჩართულობით. „ეს არის აშშ-ს მკვეთრი პოზიცია.  დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. კლარკი არის ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და მასთან ვთანამშრომლობით“-აცხადებს ხაზარაძე. 

შეხვედრის დეტალებზე მამუკა ხაზარაძე არ საუბრობს, თუმცა ის არ უარყოფს, რომ დახურულ კარს მიღმა მასსა და ამერიკელ გენერალს შორის საუბარი ანაკლიის პორტის მომავალს ეხებოდა.

შეთანხმების მიხედვით ანაკლიის კონსორციუმი ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში აღარ გაასაჩივრებს. ეს წინადადება მისაღებია ხელისუფლებისთვისაც, ისინი საერთაშორისო სკანდალს აიცილებენ თავიდან. მეორე მხრივ კი ხაზარაძე ჯაფარიძეს უნდა დაუბრუნდეთ დახარჯული 75 მლნ. დოლარი.

„ფორმულას“ ინფორმაციით, უესლი კლარკი პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს. მთავარი საკითხი პროექტის ამერიკული მხარის მონაწილეობით განხორციელება და რუსულ და ჩინურ ინვესტიციებზე უარის თქმა იყო. მმართველ გუნდში ამერიკელი გენერლის ვიზიტსა და შეხვედრის დეტალებზე კითხვებს არ პასუხობენ.

უესლი კლარკი საქართველოში ვიზიტის დროს ის ამერიკის სავაჭრო პალატაში იმყოფებოდა შეხვედრის ამსახველი ფოტოები სავაჭრო პალატამ 10 იანვარს გაავრცელა. სავაჭრო პალატის წევრი და ანაკლიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მაიკლ ქოუგელი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ანაკლიის პორტი ამერიკელი გენერლის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უესლი კლარგი საქართველოში იყო.  ჩვენ ვიცით, რომ მას ჰქონდა კონკრეტული გზავნილი ანაკლიის პირტის შესახებ. დეტალებზე საუბარი კი არ შემიძლია.“-აცხადებს ქოუგელი.

სავაჭრო პალატაში ამბობენ, რომ გენერალი უესლი კლარკი საქართველოში მათი ვიზიტით არ ჩამოსულა. „ფორმულას“ინფორმაციით კი საგანგებო ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა რაც ხელისუფლებამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

სავაჭრო პალატაში გამართულ შეხვედრას ბიზნესმენები,  ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიკა ჩიტიძე დახურული შეხვედრის დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ანაკლიის პორტისა და ახალი ინვესტორის შესახებ გენერალს კითხვები დაუსვეს.

„ეს არ იყო ვიზიტის მთავარი მიზანი, იგი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს.  რაც შეეხება ანაკლიის პორტს, კლარკი არიდებდა თავს პასუხებს. ამის მიუხედავად შეხვედრა საინტრესო იყო.“-ამბობს ჩიტიძე.

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიშვილი დარწმუნებულია, რომ გენერალმა საქართველოში ამერიკის მთავრიბის ადმინისტრაციის პოზიცია ჩამოიტანა და რომ ამერიკისთვის ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია და მის დათმობას არ აპირებს.

„აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ. ამ დონის პირები და გენერლები არ ჩამოდიან ასე უბრალოდ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად. ახლო მომავალში მოსალოდნელია, რომ ველოდოთ ამ  მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს.“

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სახელმწიფომ ხელშეკრულება 8 იანვარს შეუწყვიტა. 9 და 10 იანვარს კი საგანგებო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა ამერიკელი გენერალი, ამერიკის მთავარი გზავნილით, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს დასავლელი ინვესტორების მიერ.

“ფორმულა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.