უპრეცედენტო ბიუჯეტი – 50%-ზე მეტი არასაბიუჯეტო შემოსავლები და 28 მლრდ. ლარამდე საგარეო ვალი

COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა. მთავრობა 2020 წლისთვის ეკონომიკის 4%-ით კლებას პროგნოზირებს, კორონავირუსის გავრცელებამდე მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 4.5% იყო. 2020 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) არ შემცირდება და 50 მლრდ. ლარის დონეზე შენარჩუნდება, რადგან რეალური ეკონომიკის 4%-ით შემცირების პარალელურად ფასების დონე (დეფლატორი) 4.8%-ით გაიზრდება.

„თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან მასში 50%-ზე მეტი არასაბიუჯეტო შემოსავლებია და მხოლოდ დანარჩენია საბიუჯეტო.

„2020 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ მისი მოცულობა 16 მილიარდია, საიდანაც 8 მლრდ. საგარეო და საშინაო ვალია, დაახლოებით 600 მლნ. კი გრანტები ანუ დაახლოებით 50%-ზე მეტი არასაბიუჯეტო შემოსავლებია და მხოლოდ ნაწილია საბიუჯეტო. ეს ყველაფერი ფისკალურ პოლიტიკაზე ძალიან დიდი დაწოლა იქნება. გარდა ამისა, საგარეო ვალი უპრეცედენტო ნიშნულს აღწევს და 28 მილიარდამდეა, რაც სამომავლოდ ძალიან დიდი ტვირთი იქნება, ეს მაშინ როცა მომავალ წლებში მთავრობის ხედვაც არ ვიცით ვალის მდგრადობასთან დაკავშირებით.

ფერმერების სუბსიდირების თემას რაც შეეხება, რეალურად ეს ხარჯი ბიუჯეტში არ არის ჩადებული, რადგან მთავრობა აღარ აპირებს ამის დასუბსიდირებას, რადგან ხელისუფლება ამბობს, რომ ბიზნესს დაელაპარაკნენ და ნავთობიმპორტიორებმა ავტომატურად მოახდინეს ამ 15-16 თეთრის დაკლება, ამიტომ სუბსიდირების საჭიროება არ გახდა. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ ჰქონდა ბიზნესზე ზეწოლას ადგილი ან რატომ დაგვპირდა გახარია იმას რაც ბიუჯეტში შემდეგ არ აისახა“, – აცხადებს ანა გოგოლაძე.

მოქმედი ბიუჯეტიდან ეკონომიის 83% სამ უწყებაზე მოდის: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე და თავდაცვის სამინისტროზე. ანა გოგოლაძე ამბობს, რომ მთავრობას არ უსაუბრია იმ კომპონენტებზე,რის მიხედვითაც ეს დაწესებულებები შეარჩია.

„საინტერესო არის ქამრების შემოჭერის თემაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ. ლარამდე შემცირდა მხოლოდ ხელფასებზე. ეს შემცირება შეეხო გარკვეულ უწყებებს, თუმცა არავის უსაუბრია იმ კომპონენტზე თუ რის მიხედვით შეარჩიეს მხარჯავი დაწესებულებები, საინტერესოა ხომ არ შეიცავს ეს წინასაარჩევნოდ რაიმე პოლიტიკური კეთილგანწყობების მოპოვების მცდელობას. მაგალითად, არ შეუმცირეს შსს-ს, სასამართლოს, გუბერნატორების ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაშინ როდესაც ცსკო-მ 2018 წელს წინასაარჩევნო პერიოდში 883 ათასი გასცა მხოლოდ პრემია-დანამატებზე, შსს-ში 9 მლნ-მდე იყო ანუ გარკვეული ნაწილისთვის შეამცირეს და დანარჩენებზე იგივე დატოვეს. ასევე საინტერესო არის რომ 21.7 მლნ. ლარის ავტომატური დაზოგვა გვაქვს, რადგან ჩვენ თუ ავიღებ 2018-2019 წლის საშულო თვიურ მაჩვენებელს რასაც პრემია-დანამატებზე გასცემდნენ, იყო 18 მლნ. და ახლა მთლიანად მხოლოდ 22 მლნ-ით ამცირებენ“, – განმარტავს ანა გოგოლაძე.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ერთ-ერთმა ლიდერის ლევან კობერიძის განმარტებით, ეს არ არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი და უბრალოდ კრიზისთან შეგუების გეგმაა. მისი აზრით, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რომელიც მთავრობამ დაანონსა, რეალურად არაფრისმომცემია.

„ამ ბიუჯეტს არაფერი ეტყობა ქამრების შემოჭერის, რადგნა აიპ-ებში და სსიპ-ებში არის ძირითადად გადატანილი ის  არასწორი ხარჯები რაც საბიუჯეტო ხარჯების ასე გაბერვას იწვევს, მაგრამ მათი  რაოდენობა და დაფინანსება არ შეუმცირებიათ. დღეს ბიუჯეტს სსიპ-ების და აიპ-ების ხარჯზე დაზოგვის გაცილებით მეტი რესურსის აქვს, თუმცა მათ არ შეხებიათ ამ ხარჯვითი ნაწილის შემცირება. ის ხარჯები შეამცირეს, რასაც რეალურად თვითონ ვერ ითვისებდნენ და ჩამოწერეს, დანარჩენი არაფერი სერიოზული არ შემცირებულა. თავდაცვის სამინისტროს, რომ 70 მლნ-თი შეუმცირეს, აქ პირიქით კითხვა ჩნდება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას ხომ არ ეხება საქმე. რეალურად სადაც გაბერილია ხარჯები და მართლა შესამცირებელია, არაფერი ხდება ეს არის მაგალითად არაეფექტიანად ნამართი ტენდერები, სსიპ-ები და აიპ-ები, სადაც  ნეპოტიზმით დანიშნული ადამიანების ხელფასების ხარჯია. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ბიუჯეტი წელს 69 მლნ. ლარია, ნუთუ არ შეიძლებოდა იქ დაახლოებით 20 მლნ-ის დაზოგვა? მე ვთვლი, რომ სადღაც რაღაც შეამცირეს, მაგრამ ეს არ არის არსებულ გამოწვევებთან და კრიზისთან შესაბამისი ბიუჯეტი, ამიტომ ვერ ჩავთვთვლი, რომ ქამრები შემოიჭირეს“, – აცხადებს ლევან კობერიძე.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, აღებული თანხები უსამართლოდ ნაწილდება და პენსიონერები,  სოციალურად დაუცველთა ნაწილი და თვითდასაქმებულების დიდი რაოდენობა დახმარების გარეშე რჩებიან.

„ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, აღებული თანხები უსამართლოდ ნაწილდება, რადგან მაგალითად სოციალურ უზრუნველყოფაში ჩადებული არის 1.4 მლრდ ლარით მეტი და ეს მარტივად რომ გაგვეყო 3 მლნ ადამიანზე, თითოეულს 400 ლარის დახმარება გამოუვიდოდა. თუმცა, ისე  გადაანაწილეს ეს თანხა პროგრამებში, რომ პენსიონერები,  სოციალურად დაუცველთა ნაწილი და თვითდასაქმებულების დიდი რაოდენობა დახმარების გარეშე დარჩნენ და ფაქტიურად ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბესთან პირისპირ დატოვეს. დღეს არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის სამართლიანი განაწილებით შესაძლებელია ყველა პენსიონერმა მიიღოს ყოველწლიურად 500 ლარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერი, რომლითაც დაუფინანდება მედიკამენტების მინიმუმ 50%“, – განმარტა ირაკლი ყიფიანმა.

ნინო თამაზაშვილი

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.