ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაუსაფრთხოების საუკეთესო გარანტია - ნატოს მეხუთე მუხლის ისტორია

უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია – ნატოს მეხუთე მუხლის ისტორია

2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ინტერვენციის ერთ-ერთ საბაბად ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთისთვის შესაძლო სამხედრო საფრთხე დაასახელა.

ამასთანავე, საქართველო უკვე 2002 წლიდან ღიად ცდილობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

ამ გზაზე, საქართველოსა და უკრაინისთვის განსაკუთრებული მოვლენა 2008 წლის ბუქარესტის სამიტია, რომელზეც დაფიქსირდა, რომ ეს ორი სახელმწიფო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე კი ომში მყოფმა უკრაინამ მიიღო პირობა, რომ რუსეთის აგრესიის დასრულების შემდეგ ის ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის (MAP) გარეშე შევა ალიანსში.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობას ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც ალიანსისკენ ეს ქვეყნები ისწრაფვიან, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლია – თავდასხმა ალიანსის ერთ წევრზე, ნიშნავს თავდასხმას ყველა მათგანზე.

ამ ჩანაწერის ეფექტურობას ისიც ადასტურებს, რომ მისი ამოქმედება 1949 წლიდან მხოლოდ ერთხელ გახდა საჭირო. თუმცა, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის გარდა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მეხუთე მუხლის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგი დადგა.

1994 წლის 5 დეკემბერს უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამ შეთანხმებით, ქვეყანა ბირთვულ იარაღზე უარს ამბობდა და სანაცვლოდ რუსეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-სგან იღებდა მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიებს. თუმცა, მემორანდუმი უკრაინაში რუსეთის აგრესიის ეფექტური პრევენცია არ აღმოჩნდა.

ბუდაპეშტის შეთანხმების დარღვევამ და რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი რუსეთის მეზობლებისთვის სტაბილური მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.

სწორედ ამიტომ, ფინეთმა რამდენიმე თვის წინ ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებულ ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე უარი თქვა და ნატოს შეუერთდა. უახლოეს მომავალში ალიანსის წევრი კიდევ ერთი სკანდინავიური სახელმწიფო – შვედეთიც გახდება.

ცივი ომის დაწყება

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლური სახელმწიფოებისთვის ცხადი იყო, რომ დასავლური ცივილიზაცია ახალი გამოწვევის წინაშე იდგა. ომში გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაზე კონტროლი დაამყარა და დემოკრატიული სამყაროსთვის ახალ საფრთხედ იქცა.

1946 წლის 5 მარტს, მისურის შტატის პატარა ქალაქ ფულტონში უინსტონ ჩერჩილის მიერ ნათქვამი ცნობილი სიტყვები ცივი ომის დაწყების მომენტად მიიჩნევა.

“ბალტიის ზღვის შტეტინიდან ადრეატიკის ზღვის ტრიესტამდე კონტინენტზე რკინის ფარდა დაეშვა. ამ ხაზის უკან არიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უძველესი დედაქალაქები – ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი და სოფია; ყველა ეს ცნობილი ქალაქი და მათი მოსახლეობა აღმოჩნდა საბჭოთა გავლენის სფეროში და ყველა არის სხვადსხვა ფორმის სუბიექტი, არამხოლოდ საბჭოთა გავლენის, არამედ ძალიან მაღალი და ზოგიერთ შემთხვევაში მზარდი კონტროლის მოსკოვიდან.” – აღნიშნა ჩერჩილმა.

თვითმფრინავი ბლოკადაში მყოფი ბერლინისკენ მიფრინავს

კომუნისტურ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვანი ესკალაციის პირველი შემთხვევა ბერლინის ბლოკადა იყო.

1948 წლის 24 ივნისიდან საბჭოთა კავშირმა დასავლელ მოკავშირეებს დასავლეთ ბერლინისკენ სარკინიგზო, სახმელეთო და სანაოსნო გზები ჩაუკეტა. საბჭოელების ულტიმატუმის თანახმად, ბლოკადა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნებოდა, თუ დასავლეთ ბერლინში ახლადშემოღებული გერმანული მარკის მიმოქცევა შეწყდებოდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ბერლინის მოსამარაგებლად საჰაერო ოპერაცია დაიწყეს და 1948 წლის ივნისიდან 1949 წლის სექტემბრის ბოლომდე დასავლეთ ბერლინის მოსახლეობას საკვებითა და ყველა საჭირო საშუალებებით ამარაგებდნენ. საბოლოოდ, საბჭოთა კავშირმა ბლოკადა აღმოსავლეთ ბერლინში ეკონომიკური პრობლემების გამო მოხსნა და ამ მოვლენამ კიდევ უფრო დააჩქარა დასავლეთ გერმანიის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რომელთა ჩანასახიც მაშინ იქმნებოდა.

ბერლინის ბლოკადის შემდეგ საბჭოთა აგრესიის საფრთხე ევროპული ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა და 1948 წლის 17 მარტს ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ლუქსემბრუგმა, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ბრიუსელის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც თავდაცვითი შეთანხმება იყო.

ამას თან დაერთო 1948 წელს ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური სახელმწიფო გადატრიალება, რის შემდეგაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტ ბევინმა განაცხადა, რომ შემდეგი ჩეხოსლოვაკიის პრევენციის საუკეთესო საშუალება ერთიანი სამხედრო სტრატეგიის შენარჩუნება იყო. ბრიუსელის ხელშეკრულების გაფორმებას აღნიშნული ევროპული სახლემწიფოების მიერ ამერიკასთან სამხედრო კოორდინაციაზე მოლაპარაკებების დაწყება მოჰყვა, რაც საბოლოოდ ჩრდილოატლატიკური ალიანსის შექმნით დასრულდა.

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულება

“რუსები გარეთ, ამერიკელები შიგნით, გერმანელები ქვევით.” – ნატოს პირველი გენერალური მდივანი ლორდი ისმეი ორგანიზაციის მიზანზე

1949 წლის 4 აპრილს ბრიუსელის შეთანხმებას ხუთმა სახელმწიფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, პორტუგალიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ ხელი მოაწერეს ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულებას, რაც ნატოს დამფუძნებელ დოკუმენტად იქცა.

ამ შეთანხმების ყველაზე მნიშნველოვანი ნაწილი ხელშეკრულების მეხუთე მუხლია, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე, ითველბა თავდასხმად ყველაზე და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას წარმოქმნის.

“მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან რამდენიმე ქვეყანაზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში განიხილება თავდასხმად ყველა მათგანზე. ამიტომ ისინი თანხმდებიან, რომ თუ ასეთი შეიარაღებული თავდასხმა მოხდება, თითოეული მათგანი ახორციელებს ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებას, რომელიც აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით, დაეხმარება მხარეს ან მხარეებს, რომლებსაც თავს დაესხნენ, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვა მხარეებთან შეთანხმებით, ისეთი ქმედებებით, როგორსაც ის საჭიროდ ჩათვლის, მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენებით, ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების აღსადგენად და შესანარჩუნებლად.”

ვაშინგტონის ხელშეკრულების მეექვსე მუხლში განისაზღვრა გეოგრაფიული არეალი, რომელის თანახმადაც ნატოზე თავდასხმად ითვლება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეტევა, ასევე მათ “გემებზე, ძალებზე ან თვითმფრინავებზე” თავდასხმა კიბოს ტროპიკის ჩრდილოეთით, საფრანგეთის ზღვისგადაღმა ტერიტორიების ჩათვლით.

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერა, 1949 წლის 4 აპრილი

ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის

ნატოს არსებობის 74 წლიანი ისტორიაში, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 11 წლის შემდეგ ამოქმედდა.

თუმცა, ამ შემთხვევის გარდა იყო რამდენიმე ინცინდენტი, როდესაც მაგალითად, თურქეთმა სირიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გამო მეოთხე მუხლის ამოქმდება მოითხოვა, რაც ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას და კონკრეტულ საფრთხეზე სამხედრო პასუხის გაცემაზე მსჯელობას გულისხმობს. მეოთხე მუხლი ისტორიაში სულ 7-ჯერ ამოქმედდა და 5-ჯერ ამის ინიციატორი თურქეთი იყო სადამ ჰუსეინის ერაყთან და შემდგომში ბაშარ ასადის სირიასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო.

თუმცა, ამ მოვლენებს ნატოს სამხედრო ინტერვენცია არ მოჰყოლია და დიპლომატიური მხარდაჭერით და თურქეთში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით შემოიფარგლებოდა.

მეხუთე მუხლის ამოქმედების საკითხი კი დღის წესრიგში ისტორიაში სულ რამდენიმეჯერ დადგა.

ომი ფოლკლენდის კუნძულებზე

ამ კონფლიქტის ნატოს კონტექსტში განხილვა ხშირად არ შეგხვდებათ, თუმცა ბევრჯერ დასმულა კითხვა რატომ არ დაეხმარა ნატო მის ერთ-ერთ დამფუძნებელ ბრიტანეთს არგენტინასთან ომში.

1982 წელს არგენტინის სამხედრო ხუნტამ, რომელსაც ქვეყნის შიგნით არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოქალაქეების ნაციონალისტურ სენტიმენტებზე თამაში სურდა, ფოლკლენდის კუნძულებზე ჯერ პროვოკაცია მოაწყო და მარტში კუნძულზე არგენტინის დროშა აღმართა, აპრილში კი არგენტინამ კუნძულებზე დესანტი გადასხა და სამხედრო აგრესია დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმამ არ გამოიწვია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედება, რადგან ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლით, კოლექტიური თავდაცვის მუხლის მოქმედების გეოგრაფიული არეალი მკაფიოდ არის განსაზღვრული კიბოს ტროპიკის ჩრდილოეთით.

ამის მიუხედავად, ნატოს წევრმა ქვეყნებმა ბრიტანეთს მკაფიო დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა არგენტინას ფრანგულ შეიარაღებაზე ემბარგო დაუწესა. ასევე ბრიტანეთის ფლოტს მისი პორტები და ავიაციას სენეგალში დაკარის ავიაბაზა დაუთმო. საფრანგეთი ხელს უწყობდა ბრიტანულ დაზვერვას, რომ არგენტინელებს ფრანგული წარმოების Exocet-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები არ შეეძინათ, რომლებიც უკვე იყო მათ შეიარაღებაში და ეფექტურად იყენებდნენ ბრიტანული გემების წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის მიერ თავიდანვე სამხედრო ოპერაციის დაწყებით და დიპლომატიურ გამოსავალზე უარის თქმით უკმაყოფილო იყო, თუმცა, ცხადია მის დიდი ხნის მოკავშირეს მხარდაჭერა აღმოუჩინა. აშშ-მა არგენტანას იარაღზე ემბარგო დაუწესა, შეერთებული შტატების კონგრესმა ბრიტანეთის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, ასევე ბრიტანეთს 200 Sidewinder-ის ჰაერი-ჰაერი რაკეტა, Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და Harpoon-ის ხომალდსაწინააღდეგო რაკეტები გადაეცა.

ფოლკლენდის კუნძულების გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ბრიტანეთს მისი ფლოტის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ამიტომ, აშშ-მა კუნძლებისკენ საწვავით სავსე სუპერტანკერი გაგზავნა [7.6 მილიონი ლიტრი საწვავით]. ამასთანავე, ბრიტანეთი იღებდა სადაზვერვო მონაცემებს და იყენებდა ამერიკულ თანამგზავრებს.

კუნძულებზე სამხედრო დაპირისპირება 74 დღე გაგრძელდა და ბრიტანეთის გამარჯვებით და ამ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენით დასრულდა.

11 სექტემბერი

ნატოს არსებობის ისტორიაში მეხუთე მუხლი ერთადერთხელ, 2001 წლის 11 სექტემბერს ამოქმედდა. უცნაურია, მაგრამ თავდასხმის მსხვერპლი ორგანიზაციის ლიდერი და ყველაზე დიდი სახელმწიფო, აშშ აღმოჩნდა.

2001 წლის 11 სექტემბეს ალ-კაიდას წევრებმა აშშ-ზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა წამოიწყეს.  ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა და ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პენტაგონზე სუიციდური თავდასხმისთვის გამოიყენა. კიდევ ერთი თვითმფრინავი პენსილვანიაში, მგზავრებსა და ტერორისტებს შორის დაპირისპირებისას ჩამოვარდა.

თავდასხმის ავტორ ალ-კაიდას აქტიური კავშირები ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაცია თალიბანთან და ავღანეთს აფარებდა თავს. თავდასხმას 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის ამოქმედების და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის დაწყების მიზეზი გახდა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი

ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ თავდასხმაზე ალიანსს სწრაფი რეაქცია ჰქონდა. 2001 წლის 12 სექტმებერს ნატომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი აამოქმედა.

ამით ნატოს წევრებმა შეერთებული შტატების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და მალევე მოქმედებაც დაიწყეს. 4 ოქტომბერს ნატო სოლიდარობის გეგმაზე შეთანხმდა, რომლის ფარგლებშიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა აშშ-სთან სადაზვერვო და სამხედრო საქმიანობა გააღრმავეს.

გაძლიერდა სახელმწიფოების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარება, ალიანსის ქვეყნებმა დაიწყეს ანტი-ტერორისტული კამპანიისთვის მზადება.

ამასთანავე, დაიწყო ანტი-ტერორისტული ოპერაცია Eagle Assist, რომლის ფარგლებშიც ნატოს 7 AWACS-ის თვითმფრინავი ამერიკის ცის კონტროლში ჩაერთო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატომ სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინა მის წევრ ქვეყანას.

26 ოქტომბერს ალიანსმა კონტრტერორისტული ოპერაცია Active Endeavour დაიწყო და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ფლოტი გაგზავნა ტერორისტული ქმედებების და არალეგალური ტრეფიკინგის აღსაკვეთად.

თუმცა, ცხადია, თალიბანის ხელისუფლებიდან გაძევებისა და ავღანეთის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია ამერიკამ და ბრიტანეთმა იტვირთეს თავის თავზე.

2001 წლის 20 სექტმებერს ამერიკამ განაცხადა, რომ 11 სექტმებრის თავდასხმის უკან ოსამა ბინ ლადენი იდგა და თალიბანს 5 ულტიმატუმი წაუყენა: ალ კაიდას ლიდერების აშშ-სთვის გადაცემა, ყველა დატყვევებული უცხოელის გათავისუფლება, ყველა ტერორისტული ბანაკის დახურვა, ტერორისტების და მათი მხარდამჭერების გადაცემა და ამერიკისთვის ამ ბანაკების ინსპექტირების უფლების მიცემა.

თალაბინმა ულტიმატუმი მეორე დღესვე უარყო, თუმცა, გამოთქვა მზაობა, რომ ის ავღანეთში შარიათის კანონებით გაესამართლებინა, რასაც უკვე ამერიკა არ დაეთანხმა. 14 ოქტომბერს თალიბანმა მზაობა გამოთქვა, რომ ბინ ლადენი მესამე ქვეყნისთვის გადაეცა, თუკი ისინი მყარ მტკიცებულებებს მიიღებდნენ, რომ ტერორისტი მართლაც იყო 11 სექტმებრის ტერაქტის ორგანიზატორი.

წარუმატებელი დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ, 2001 წლის 7 ოქტომბერს თალიბანისა და ალ-კაიდას წინააღმდეგ ბრიტანულმა და ამერიკულმა ფლოტმა სარაკეტო შეტევა დაიწყო. ავღანეთის შიგნით და სპეციალური ძალები თალიბების ადგილობრივ მოწინააღმდეგე დაჯგუფებებთან ერთად სპეცოპერაციებს ატარებდნენ.

დასავლური მხარდაჭერით, ჩრდილოეთის ალიანისის ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდის ძალებმა 9 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი ქალაქი მაზარ-ი-შარიფი აიღეს, შემდეგ კი მთელ ჩრდილოეთ ავღანეთზე დაამყარეს კონტროლი.

მძიმე საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების ფონზე თალიბებმა ქაბული უბრძოლველად დატოვეს ქვეყნის სამხრეთში გამაგრდნენ, მათი ნაწილი კი პაკისტანში გადავიდა. 2002 წლის მარტისთვის მოკავშირეები უკვე ავღანეთის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ.

ნატოს როლი ავღანეთის უსაფრთხოებაში

2001 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები (ISAF) შეიქმნა. აღნიშნული სამხედრო კოალიციის მიზანი თალიბების შემდეგომ ავღანეთში ადგილობრივი არმიის შექმნა და ქვეყანაში ინტიტუტების მშენებლობა იყო. ISAF-ის წამყვანი ძალა შეერთებულ შტატებთან ერთად ცხადია ნატოს წევრი სახელმწიფოების არმიები იყვნენ.

ამ მისიის საწყისი მანდატი ქვეყნის დედაქალაქის, ქაბულის და მისი შემოგარენის დაცვა და ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მუშაობის უზრუნველყოფა იყო. 2003 წელს კი ნატომ მისია გააფართოვა საბოლოოდ 2006 წელს მთელი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე აიღო პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით რთული იყო ავღანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციების დაცვა, სადაც პუშტუნები ცხოვრობენ.

სამხედროების რაოდენობით მისიამ პიკს 2010-12 წლებში მიაღწია, როდესაც ავღანეთში 42 ქვეყნის 130 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა.

წლების განმავლობაში ISAF-ის მისიის და შემდგომში Resolute Support (RS) მისიის საბოლოო მიზანი ნატოს სამხედროების მიერ ავღანეთის არმიის და პოლიციის გაწვრთნა და ქვეყნის უსაფრთხეობაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის დაკისრება იყო. ამასთანავე, დასავლური ძალების საფარქვეშ ავღანეთში დემოკრატიის და ინსტიტუტების მშენებლობის პროცესი წარმატებით უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დღეს უკვე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიზანს ნატომ ვერ მიაღწია.

საქართველოს რთული გზა ნატომდე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო სამოქალაქო ომში და ორ ეთნოკონფლიქტში აღმოჩნდა, რომლებშიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძოდა. ჩვენმა ქვეყანამ ნატოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ოფიციალურად გამოცხადებამდე ძალიან რთული და გრძელი 90-იანი წლები გამოიარა. თუმცა, ამ წლების მთელმა სიმძიმემ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კარგად დაანახა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთადერთი მყარი გარანტია სწორედ ნატოს წევრობა იქნებოდა.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ დაკარგული ტერიტორიების, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების თუ რუსი სამშვიდობოების ყოფნის გამო თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოს გზა ნატომდე მარტივი არ იქნებოდა.

1994 წლიდან საქართველო ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის მონაწილე გახდა და მძიმე დგომარეობაში მყოფილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წვრთვნა დაიწყო.

2002 წელს, პრაღაში ჩატარებულ ნატოს სამიტზე ედუარდ შევარდნაძემ ისტორიული სიტყვები წარმოთქვა: “ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე შემიძლია განვაცხადო: საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და მზადაა ყოველივე იღონოს, რათა ღირსეულად მოემზადოს ამ ისტორიული მისიისათვის. საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ეს არც ისე მოკლე გზაა, მაგრამ არც ისე გრძელი, როგორც სულ ორიოდე წლის წინ მოჩანდა…”

ჩვენი გზა კი ნამდვილად გრძელი აღმოჩნდა. 2004 წლიდან საქართველოს ეკონომიკის ზრდის და თავდაცვის ძალებში არსებული კატასტროფული ვითარების გამოსწორების მიუხედავად, საქართველოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია.

რეგიონული საფრთხეებიდან და სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებები ცდილობდნენ ეპოვათ ისეთი სფერო, სადაც საქართველო ნატოს და დასავლეთის დახმარების მიმღები კი არა – კონტრიბუტორი იქნებოდა. სწორედ ასეთ მიმართულებად ჩანდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიები, სადაც ქართველი სამხედროები მუდმივად ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულები იყვნენ.

ქართველი სამხედროები ავღანეთში

პირველი სახელმწიფო, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ჩაერთნენ, კოსოვო იყო. 1999 წელს 34-კაციანი ქართული ოცეული ქ. მამუშაში თურქული ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა. მოგვიანებით კი მათი რაოდენობა 180 მებრძოლამდე გაიზარდა და ეს სამშვიდობო მისია 2008 წლამდე გაგრძელდა.

გამორჩეული როლი კი ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის მისიებში შეასრულეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დიდი ნაწილი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ, სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სამხედრო კონტრიბუტრი და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო მისიის მონაწილეებს შორის. სამშვიდობო მისიისას ავღანეთში 31 ქართველი სამხედრო დაიღუპა და 435 დაიჭრა.

ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის გადამწყვეტი 2008 წლის ბუქარესტის სამიტი აღმოჩნდა. სამიტზე საქართველოსთვის ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის მინიჭებაზე კონსენსუსი ვერ შედგა დასავლეთ ევროპული ქვეყნების სკეპტიციზმის გამო. ამას კი აგვისტოში რუსეთის აგრესიის დაწყება მოჰყვა, რის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ამ მოვლენებმა საქართველო ნატოსგან კიდევ უფრო დააშორა, რადგან ალიანსი წევრებად ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნებს არ იღებს და საქართველო კიდევ უფრო რთული შემთხვევაა, რადგან ჩვენ რუსეთთან, ნატოს მთავარ მოწინააღმდეგესთან ვართ კონფლიქტში.

თუმცა მდგომარეობა გამოუვალი არ არის.

2008 წლის 29 იანვარს ამერიკელმა მკვლევარმა ლუკ კოფიმ გამოაქვეყნა სტატია – ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის: აშშ-სა და ევროპის ინტერესებში. ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს ღიად აქვს ნათქვამი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალას არ გამოიყენებს და აღარ არის საჭირო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ალიანსის წესდებით გათვალისწინებული მე-5 მუხლის გავრცელება.

ის ფიქრობს, რომ ალიანსმა საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მიიღოს და მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია არ უნდა გავრცელდეს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მანამ, სანამ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება.

აღსანიშნავია, რომ ეს კოფის იდეა არ არის და ნატოს უკვე აქვს გერმანიის პრეცენდენტი. 1955 წელს ალიანსში დასავლეთ გერმანია შევიდა, მაშინ როცა აღმოსავლეთი კომუნისტური სახელმწიფო და შემდგომში ვარშავის პაქტის წევრი იყო. თუმცა 1990 წელს ორი ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, ნატოში უკვე გაერთაინებული გერმანია შევიდა.

ლუკ კოფის სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ამ რთულ გეოპოლოტოკურ ვითარებაში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთადერთ რეალისტურ გზად ჩანს, მაგრამ ამას დამატებითი მსჯელობა და რაც მთავარია, ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელსაც რაელურად სურს ნატოში გაწევრიანება და რეალურად ეძებს გზებს ალიანსში შესვლისთვის.

ამ იდეის მთავარი ნაკლი მისი მოწყვლადობაა საქართველოში ისედაც გაძლიერებული რუსული პროპაგანდის მიმართ, რასაც შეიძლება მძიმე ანტი-დასავლური და ანტი-ნატო კამპანია მოჰყვეს.

დასასრულისკენ, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლმა 74 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ეს არის სამყაროს ისტორიაში ყველაზე მყარი უსაფრთხოების გარანტია, რომელმაც ევროპის იმ ნაწილში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნები მდებარეობს, ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა მოიტანა.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ არსებულ სკეპტიციზმს კი ერთი მხრივ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება განაპირობებს, რომლისთვისაც რეფორმები, თავდაცვის გაძლიერება და დასავლეთთან დაახლოება პრიორიტეტი არ არის, მეორე მხრივ კი ოკუპურებული ტერიტორიების პრობლემა.

თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა შეიძლება რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება სრულად შეცვალოს და ახლა ძალიან არარეალისტურად მიჩნევადი პერსპექტივები, რეალობად აქციოს.

გიორგი ლოლაძე

წყარო: realpolitika.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა