უძველესი გიგანტური ნიანგები ორ ფეხზე დადიოდნენ — აღმოჩენილია ნაფეხურები (ფოტო)

უძველესი გიგანტური ნიანგი ერთ დროს შეიძლება, მხოლოდ ორ ფეხზე დადიოდა, კუდი მაღლა ამაყად ჰქონდა აბზეკილი, დააბიჯებდა ქუსლებით, მაგრამ ჩვენგან განსხვავებულად.

ასეთი სცენა ძნელი წარმოსადგენია, განსაკუთრებით იმ მცდარი წარმოდგენის გამო, რომლის მიხედვითაც, ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში ნიანგები შედარებით უცვლელნი დარჩნენ.

ოთხფეხა ნიანგის კონცეპტი იმდენად იყო გამჯდარი, რომ მეცნიერებს მისი ორ ფეხზე მოსიარულე ნათესავი თითქმის აღარც ახსოვდათ, როდესაც სამხრეთ კორეაში, ჯინჯუს ფორმაციაზე განმარხებულ ნაფეხურებს იკვლევდნენ.

თავდაპირველად პალეონტოლოგებმა იფიქრეს, რომ განმარხებული ნაკვალევები, რომელთა შორის იყო საოცრად კარგად შემონახული ასობით ნაფეხური, უძველეს მფრინავ პრეტოზავრს მიეკუთვნებოდა, რომელიც ტალახში დაფრინდა და ეს კვალიც დატოვა.

თუმცა, ახლოდან დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ ნაფეხურები მათთვის საკმაოდ ნაცნობი იყო. ერთ-ერთი ნაფეხურის ქუსლთან მათ აშკარად ქერცლის ანაბეჭდი იპოვეს; ეს კი ის არ იყო, რასაც ისინი ელოდნენ.

დინოზავრები და მათი შთამომავალი ფრინველები თითებით დადიან. ნიანგები კი ფეხის მთელი სიბრტყით დააბიჯებენ და ქუსლის აშკარა ანაბეჭდს ტოვებენ, ადამიანების მსგავსად“, — ამბობს სამხრეთ კორეის ჩინჯუს ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი კიუნგ სოო კიმი.

რაც არ უნდა ყოფილიყო მათ წინაშე, ერთი რამ აშკარა იყო — არსად ჩანდა „ხელების“ ანაბეჭდები. ხანდახან, ცხოველები წინა კიდურების ნაკვალევზე შემდეგ უკანა კიდურებს ადგამენ, რასაც მეცნიერები გადაბეჭდვას ეძახიან; მკვლევართა ჯგუფმა ამ ნაფეხურებთან ასეთი ვერაფერი იპოვა.

„საქმე არც ცუდად შენახულ კვალთან გვქონდა, რადგან ნამარხები იმდენად საოცარია, რომ განირჩევა ისეთი დეტალებიც კი, როგორებიცაა ქუსლის რბილობისა და ქერცლების ანაბეჭდები“, — ამბობს კვინზლენდის უნივერსიტეტის პალენტოლოგი ენტონი რომილიო.

ნაფეხურების ფრთხილი ანალიზების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეს ქმნილებები ორ ფეხზე დადიოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს ბევრი დინოზავრი დადიოდა, მაგრამ ნაკვალევი დინოზავრებს ნამდვილად არ ეკუთვნოდა. თუმცა, არ ემთხვეოდა არც თანამედროვე დინოზავრთა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას.

„როგორც წესი, ნიანგები ჩაცუცქული პოზიციით დადიან და ფართო ნაკვალევს ტოვებენ. უცნაურია, მაგრამ ჩვენ მიერ აღმოჩენილი კვალი საკმაოდ ვიწროა, თითქოს ნიანგი სიარულს კუდით აბალანსებდა.

ასეთი სიარული საკმაოდ უჩვეულოა, განსაკუთრებით დიდი არსებებისთვის. ნაფეხურების ზომა დაახლოებით 18-24 სანტიმეტრია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ უძველესი რეპტილიის სიგრძე სამი მეტრი უნდა ყოფილიყო, ფეხები კი ზრადასრული ადამიანის ფეხების სიმაღლის.

რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ფეხების ასეთი ბალანსის პრეცედენტი სინამდვილეში არსებობს უძველეს კროკოდილმორფებში — ჯგუფში, რომელიც მოიცავს თანამედროვე ნიანგებს და მათ გადაშენებულ ნათესავებს.

ცნობილია, რომ იურულ პერიოდში, კორეაში ბინადრობდა უძველესი ნიანგის, სახელად Batrachopus-ის ნაირსახეობა, რომლიც ვიწრო ნაკვალევს ტოვებდა, რაც მის ნახევრად სახმელეთო ბუნებაზე მიუთითებს.

ახლახან აღმოჩენილი ნაკვალევი წარსულში აღმოჩენილებზე ორჯერ განიერია, მაგრამ ავტორთა განცხადებით, ძლიერ წააგავს ზემოთ ხსენებული უძველესი ნათესავების ნაკვალევს.

მკვლევართა ჯგუფმა ნაფეხურები მიაკუთვნა პოტენციურად ახალ სახეობას, რომელსაც Batrachopus grandis-ი უწოდა; თუ ეს მართლაც ასეა, სხვა არც ერთი Batrachopus-ის იქნოტაქსონი, ანუ ნაფეხურთა ნამარხებით იდენტიფიცირებული სახეობა არ გვაქვს ასე დეტალურად აღწერილი ამ დრომდე. ეს ნაფეხურები ამჟამად უდიდესია Batrachopus-ის ჩვენთვის ცნობილ სხვა ნაკვალევს შორის.

აღმოჩენა საკმაოდ მოულოდნელია. ნიანგის ნაკვალევი წინა კიდურების გარეშე, ნამარხებში ამ დრომდე არასოდეს აღმოგვიჩენია; შეიძლება იმიტომაც, რომ მეცნიერებმა თავის დროზე ზედმეტად სწრაფად უარყვეს უძველეს ნიანგებში ბიპედალური (ორ ფეხზე) მოძრაობის არსებობა.

გარდა რამდენიმე ადრეული მეზოზოური ნამარხისა, ბიპედალური ნიანგების კვალი ცარულ პერიოდში ამ დრომდე აღმოჩენილი არ იყო. შესაძლოა, იმიტომ, რომ მათ ნაფეხურებს მეცნიერები არასწორად ხსნიდნენ.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.