ფიქრია ჩიხრაძე – სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, მოსამართლეები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი  ფიქრია ჩიხრაძე “გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო პაკეტის შექმნის შესახებ ,,ქართული ოცნების“ დღევანდელ ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთოს და დაინტერესებულ საზოგადოებასაც ჩართავს.

”ჩადენილ დანაშაულთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება იყო არა რეალური მართლმსაჯულება, არამედ სამწუხაროდ, მართლმსაჯულების იმიტაცია. იმისთვის, რომ სისტემურ დანაშაულთა წინააღმდეგ აღსრულდეს რეალური მართლმსაჯულება და შეიქმნას ნამდვილად ეფექტური მექანიზმები და არა კიდევ ერთხელ მოხდეს საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ჩვენ ვითხოვთ შემდეგს – სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები. იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ის სისტემური დანაშაული, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. აუცილებელია ყველა იმ რგოლში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ვინც ამ სისტემურ ბრძოლაში იყო ჩართული. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, ისინი უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სისტემისგან, ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანონო ქმედებებში და რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან, ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უნდა ვიხილოთ ამ ნაწილში აღსრულებული მართლმსაჯულება. ის მოსამართლეები, ვინც ამ დანაშუალებრივ ჯაჭვს ბეჭედს ასვამდნენ სამართლიანობის სახელით და დღესაც სასამართლო სისტემაში არიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, სისტემა ვერ გაჯანსაღდება, თუკი თანამდებობის პირებმა არ იგრძნეს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მათ მიერ სისტემური დანაშაულის აღსრულების საქმეში ხდებოდა.

”ის პატიმრები, რომლებიც ამ სისტემური დანაშუალის პირობებში იყვნენ უკანონოდ დასჯილები, რომელთა მიმართ განხორციელდა რაიმე ტიპის ძალადობა ან წამება, გამოძიებული იყოს მათი საქმეები და ამ მხრივ ადეკვატური პასუხი გავცეთ მართლმსაჯულების სახელით ყოველ საქმესთან მიმართებაში. ჩამორთმეული ქონების საკითხებს რაც შეეხება, უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი ამ საქმეების მკვდარი წერტილიდან დასაძვრელად. ეს არის სწორედ ეფექტური მექანიზმების შექმნა და არა მარტო პასუხი წარსულ ქმედებებზე, არამედ მომავლისთვის ყველაზე საუკეთესო პრევენცია. ჩვენ ვაპირებთ, ამ საქმეში ვიყოთ ჩართულები და ამავე დროს დაინტერესებული ქართული საზოგადოებაც აქტიურად ჩავრთოთ შესაბამის პროცესში”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელსაც სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ეწოდება. მდინარაძის განცხადებით აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი იქმნება იმისთვის, რომ შეიქმნას სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.