„ქართული ოცნება“: ახალი ბზარი და ბრალდებები

ბიძინა გეგიძის შეფასებები არც 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ შეცვლილა – როგორც მან 20 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, 2018 წელს სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაწყებული გამოძიება მის პოლიტიკურ საქმიანობასა და მისი მეგობრის, ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სახელს უკავშირდება.

ბიძინა გეგიძე გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო იდევნება – ასეთია ძირითადი აღქმა, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების წრეებში გაჩნდა. მსჯელობა „TBC ჯგუფის“ დამფუძნებელ, “ფულის გათეთრებაში” ბრალდებულ მამუკა ხაზარაძემდე მიდის. რას ამბობს და რას აპირებს “ქართული ოცნება”?

პოლიტიკა სამართლებრივ პროცესში

19 აგვისტოს გაკეთებული მწვავე განცხადებებისა და სუსში შემდგარი ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ არ შემდგარა კომუნიკაცია ბიძინა გეგიძესა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის.

„მე ჩემი ინიციატივით არავის დავკავშირებივარ და ჯერჯერობით არც ისინი დამკავშირებიან“, – უთხრა რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და უმრავლესობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში.

19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა გეგიძემ თქვა, რომ:

  • სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიება მის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირდება;
  • და ასევე უკავშირდება მის (ყველასათვის ცნობილ) მეგობრობას ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა – რატომ ჩათვალა საჭიროდ ბიძინა გეგიძემ გიორგი კვირიკაშვილის ხსენება ორშაბათის პრესკონფერენციაზე და თანაც მანამდე, ვიდრე ამასთან დაკავშირებით მას შეკითხვებს ჟურნალისტები დაუსვამდნენ?

20 აგვისტოს, ბიძინა გეგიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პარლამენტის დეპუტატობა მას სწორედ გიორგი კვირიკაშვილმა გადააწყვეტინა და გამოძიების დაწყებაც მალევე მოჰყვა პრემიერის პოსტიდან მის გადადგომას.

„როდესაც გადავწყვიტე, რომ პარლამენტში მეყარა კენჭი ვაკის მაჟორიტარად, ეს მოხდა პარტია „ქართული ოცნების“ მაშინდელი თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით. 2016 წელს სწორედ მასთან ლაპარაკის შემდეგ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება, რომ გავმხდარიყავი პარლამენტის წევრი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად… შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის… ეს არის ლოგიკა… ამით მე საკმარისზე მეტი ვთქვი…

კვირიკაშვილი გადადგა 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში, ხოლო გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს… მაგრამ მხოლოდ კვირიკაშვილის ფაქტორი ხომ არ არის, მე მის წასვლამდეც ვაკეთებდი კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებთან თუ მიდგომებთან დაკავშირებით“.

  • ბიძინა გეგიძე უკვე წლებია ლაპარაკობს „ქართულ ოცნებაში“ არსებული პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისა და ცვლილებების საჭიროებაზე;
  • 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ბიძინა გეგიძემ განაცხადა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება იქნებოდა;
  • ბიძინა გეგიძემ მხარი არ დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს გენერალური პროკურორის მიმართვის საფუძველზე.

მთავარ წყალგამყოფს კი წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის თემა – ბიძინა გეგიძე იმეორებს, რომ თუკი კანდიდატების სია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტში გადაგზავნის, კვლავ არ დაიმსახურებს მის მხარდაჭერას – „ქართული ოცნების“ უმრავლესობას დატოვებს. წინასწარი განწყობით – იუსტიციის საბჭოში მიმდინარე შერჩევის პროცესი მის ნდობას არ იწვევს.

თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გეგიძეს თავისი ნებით წასვლა არც აცალონ და „ქართულმა ოცნებამ“ ის თავისი რიგებიდან გარიცხოს.

„ქართული ოცნება“ ჯერჯერობით მწირი განცხადებებით შემოიფარგლა და არც პარტიიდან გარიცხვაზე უმსჯელიათ, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ:

  • პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია, რომ როცა პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს, ადამიანები ან პოლიტიკური ჯგუფები უნდა დაცილდნენ ერთმანეთს;
  • არ იყო სწორი მისი (გეგიძის) გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით და მისი პოზიცია გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დეპუტატმა პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერი უწყების მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას და საკითხის პოლიტიზება მიუღებელია. ბიძინა გეგიძის განცხადებებს თალაკვაძე ფარული პოლიტიკური მიზნებით ხსნის.

„არჩევნები ახლოვდება, ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე და შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა, როგორც ხდება პოლიტიკაში – ამისათვის საჭიროა, რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახელება“.

ბიძინა გეგიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა მხოლოდ ის, რომ ზოგადად პოლიტიკაში ყოფნა მისი თვითმიზანი არ არის და მას არასდროს არაფერი უთქვამს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ბიძინა გეგიძის მოწმის სახით დაბარება 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარე გამოძიებას შეეხება, თუმცა უწყებამ არ დააკონკრეტა – უკავშირდება თუ არა საქმე „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს, 2014-2016 წლებს, როგორც ამას თავად გეგიძე ამბობს.

„აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება“, – აცხადებენ სუსში. არ კონკრეტდება საქმის დეტალები.

რა შუაშია კვირიკაშვილი და ხაზარაძე?

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ოპონენტებისა და სავარაუდო ოპონენტების ჩამოშორება“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

მან არ იცის, კონკრეტულად რას შეეხება დაწყებული გამოძიება და რამდენად მართალია ამ საქმეში ბიძინა გეგიძე; მაგრამ „ძველი საქმეების გახსენების პრაქტიკა, რაც მამუკა ხაზარაძის შემთხვევაშიც ვნახეთ“, პროცესს მის თვალში პოლიტიკურ ელფერს აძლევს.

„როდესაც ხდება წლების შემდეგ ძველი ცოდვების გახსენება, თუკი ასეთი ცოდვები არსებობდა და თანაც ცოდვები მოეკითხებათ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურობას აღარ იჩენენ, ამას ერთადეთი ახსნა აქვს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი… ეს არის ამ ადამიანებზე იერიშის მიტანა და ასევე – სხვების გაფრთხილება, რომ მათაც შესაძლოა იგივე ბედი ეწიოთ“./**/ /**/ /**/ ასევე ნახეთ

კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებით დაცხრილა აქციის მონაწილეები

  • ანალიტიკოსები ხშირად იხსენებენ, როგორ გაუჩინარდა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და კერძოდ ბიძინა ივანიშვილთან მწვავედ დაპირისპირებული გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ.
  • კვირიკაშვილი არ ჩანდა დიდხანს, მაგრამ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოჩნდა და ფეისბუკის საშუალებით, რეკომენდაციებით მიმართა ბიძინა ივანიშვილს. მწვავე და კრიტიკული აქცენტების შემცველი პოსტი ამჟამად აღარ იძებნება.

/**/ /**/ /**/ ასევე ნახეთ

კორუფციული სქემები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში

ანალიტიკოსების ნაწილმა ასევე კვირიკაშვილთან ანგარიშსწორებას დაუკავშირა გამოძიების დაწყება მისი გუნდის წევრებად ცნობილი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრების, ალავიძისა და ქუმსიშვილის წინააღმდეგაც. სწორედ ამგვარი მსჯელობის ლოგიკის ნაწილია ისიც, რომ ამჟამად გამოძიება უკვე ბიძინა გეგიძით დაინტერესდა.

„presa.ge“-ს მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ გეგიძის სუსში დაბარება მის მეგობარ გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილის მეგობრის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება.

„იმის გამო, რომ გეგიძე არის კვირიკაშვილის მეგობარი და კვირიკაშვილს აქვს პოლიტიკური ამბიციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მამუკა ხაზარაძესთან ერთად, სწორედ ეს გახდა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი“, – ამბობს კაპანაძე ტელეკომპანია „კავკასიასთან“ საუბრისას.

მართალია, ჯერ კონკრეტულ დეტალებზე არაფერია ცნობილი, მაგრამ როცა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსამაშინვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკაში მოსვლას ნიშნავს და პროცესში აუცილებლად იქნებოდა ჩართული გიორგი კვირიკაშვილიც.

მამუკა ხაზარაძემ 20 აგვისტოს, დღის ბოლოს თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ მას და მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს, თუმცა ეს ვერ შეაჩერებს დაანონსებულ გეგმებს.

ლელა კუნჭულია

radiotavisupleba.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.