“ქართული ოცნების” ხელისუფლების სკანდალი – პროკურატურა სამი ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საქმეს იძიებს

სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენება და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა – გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მინისტრების, დავით შავლიაშვილის, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დაკავებას არ ელოდება, თუმცა ადასტურებს, რომ გენერალურ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა.  

პროკურატურის გააქტიურება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ”კურიერის ” ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნამ დააჩქარა. დასკვნის მიხედვით, ავტობანის მშენებლობის პროექტზე თანხები გაიფლანგა და საეჭვო გარიგებებს ჰქონდა ადგილი. 

გამოძიება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ 2018 წლიდან მიმდინარეობს. საქმე სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობას ეხება, რისთვისაც 710 მილიონი საქართველოს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასესხა. საქმის მასალების მიხედვით, ფული გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია ”ალტოკომს რეგიონული განვითარების სამინისტრომ წინასწარ ჩაურიცხა, უკრაინულმა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა და არც თანხა დააბრუნა. ზურაბ ალავიძე „ალტკომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებთან შემხებლობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყებაში კითხვები ავტობანის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ.

ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექსპრემიერ, გიორგი კვირიკაშვილსაც დაიბარებენ. სავარაუდოდ, გამოძიება კვირიკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირებს არკვევს.

ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან არამიზნობრივად დახარჯული მილიონების შესახებ ოპოზიცია უკვე წლებია საუბრობს, თუმცა მათ განცხადებაზე პროკურატურა რეაგირებას არ ახდენდა.

მიიღებს თუ არა პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების გადაწყვეტილებას, უცნობია. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.  

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.