ქართული ღვინო სტალინის ეტიკეტით – რა ხდება ჩინურ ბაზარზე (ფოტო)

ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში წლიდან წლამდე იზრდება. 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, კომპანიებმა ამ ბაზარზე 6 323 463 ბოთლი ღვინო გაიტანეს, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით მეტია. არაერთი ქართული კომპანია ჩინეთში ღვინოს სტალინის ეტიკეტით ყიდის. რატომ იყენებენ ისინი სტალინს კომერციულ ბრენდად და რა პოზიცია აქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს?


საქართველოსგან განსხვავებით, სადაც საზოგადოებაში სტალინისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ჭარბობს, ჩინეთში ის პოპულარულია. ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა მოქმედებს და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია.


ჩინეთში უამრავი ისეთი პროდუქტი იყიდება, რომელზეც კომუნისტური სიმბოლიკაა გამოსახული, მათ შორის ქართული ღვინოები. ერთ-ერთ ასეთ ბოთლზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი მაო ძე დუნი და იოსებ სტალინი ერთად არიან გამოსახული.

ღვინის ეროვნული დეპარტამენტის მარკეტინგის დირექტორი, ირაკლი ჩოლობარგია ამბობს, რომ სააგეტოსთვის ცნობილია ასეთი ფაქტების შესახებ.


“ჩვენთვის ცნობილია ამის შესახებ. რამდენიმე კომპანია ინდივიდუალურად აკეთებს ასეთ ეტიკეტებს და ჩინეთის ბაზარზე ყიდის. ჩინეთში სტალინი პოპულარულია. ეს კომპანიების გადასაწყვეტია და ჩვენ ვერაფერს ავუკრძალავთ. როგორც ჩანს, ასეთი ეტიკეტით ღვინო უფრო ადვილი გასაყიდია იქაურ ბაზარზე,” –
 ამბობს ის.


ჩოლობარგია განმარტავს, რომ ჩინური უმსხვიელესი კომპანიები პარტნიორებს ღვინოს საკუთარი დიზაინით უკვეთავენ:


“ჩინური კომპანიები საკუთარი ვიზუალით უკვეთავენ კომპანიებს ღვინოებს, სხვადასხვა დასახელებასა და ვიზუალს ითხოვენ. იქაურ ბაზარზე ეს მიღებული სქემაა. შეიძლება დიდმა საცალო ქსელმა დაგიკვეთოს ღვინო სხვანაირი შეფუთვით, ან სახელით.თუ იმაზე ვლაპარაკობთ, რამდენად მისაღებია ეს, იქაურ ბაზარზე მისაღებია და არაერთი კომპანია აკეთებს. იქაურ საზოგადოებაში სტალინი პოპულარულია და ძალიან ცნობილი ადამიანია. როგორც ჩანს, ასეთი ეტიკეტირებით კომპანიები გაცილებით სწრაფად ყიდიან პროდუქციას,” – აღნიშნავს ჩოლობარგია.


რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა დუგლაძეეების ჩამოსხმული ღვინის ბოთლის ფოტო სტალინის ეტიკეტით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღვინო სტალინის გამოსახულებით ჩინელი პარტნიორის მოთხოვნით, კერძო შეკვეთისთვის, მცირე რაოდენობით ჩამოასხეს.


“ჩვენ, ისევე როგორც  ღვინის სხვა კომპანიები, რომელებსაც პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გააქვთ, გვიწევს, რომ ამ კონკრეტული ბაზრის მოთხოვნებს მოვერგოთ და მათი მოთხოვნები შევასრულოთ. საკმაოდ რთულ და კონკურენტულ ჩინეთის ბაზარზე 2015 წლიდან ვართ წარმოდგენილი. ამ ხნის მანძილზე, ბევრ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და უამრავი ჯილდო მოვიპოვეთ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩინური ბაზრის დაინტერესება ქართული ღვინის მიმართ.”


კომპანიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ეტიკეტის დიზაინი მათ არ ეკუთვნით და ამ დიზაინით ღვინო “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” ბრენდით არ იყიდება.იმავეს იმეორებს ქართული ღვინის კიდევ ერთი კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა”. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეტიკეტი დამკვეთმა მოითხოვა:


“KTW ჯგუფი არ არის ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც ჩინურ ბაზარზე მსგავსი ტიპის ეტიკეტირებით პროდუქციას ყიდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს არის ჩინური იმპორტიორი კომპანიის მოთხოვნა, ეს არის მათი საკუთრებრივი ბრენდი და ჩვენი მხრიდან ხდება მხოლოდ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. წლის განმავლობაში ჩვენი მხრიდან ამ ტიპის შეკვეთის ფარგლებში გაგზავნილი პროდუქციის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.”

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. სააგენტოს ცნობითვე, თერთმეტ თვეში მსოფლიოს 53 ქვეყანაში, ჯამში, 86 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 220 მლნ აშშ დოლარია, რაც 2018 წლის მონაცემზე 20%-ით მეტია.

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.