“ქართულ ოცნებაში” მეორედ მოსვლა გრძელდება – რა ხდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბუნკერში?!

“ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საკადრო პოლიტიკა ამოწურა, ამიტომ თანამდებობებზე ძველ კადრებს აბრუნებს, – ასე აფასებენ ექსპერტები “2020NEWS“-თან სხვადასხვა უწყებაში ძველი კადრების “მეორედ მოსვლის“ პროცესს.

რაში სჭირდება და რად დაუჯდება “ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში საზოგადოებისთვის ოდიოზური ფიგურების დაბრუნება?!

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ თანამდებობებზე ძველი კადრების დაბრუნებით “ქართული ოცნება“ იმაზე მეტად გადაეშვება სტაგნაციაში, ვიდრე ახლა არის.

“ქართულმა ოცნებამ“ სრული სტერილიზაცია განიცადა. ის ჩაკეტილი სისტემა გახდა, პოლიტიკურ ბუნკერში ვერ ვითარდება და ფართო საზოგადოებასთან კომუნუკაციას ვერ ამყარებს. ამ ქვეყანაში ახალი და ძველი წელი გვაქვს. ხელისუფლებაშიც დაახლოებით, იგივე სიტუაციაა. ძველი კადრებით ახალი ხელისუფლების ფორმირება ხდება. თანამდებობებზე ძველი კადრების დაბრუნება სტაგნაციასა და უკუსვლას ნიშნავს.

როცა ყოფილი პროკურორი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგება და შემდეგ თანამდებობაზე უკან ბრუნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს. ირაკლი შოთაძეს “ქართული ოცნებისგან“ წინასწარი გარანტიები რომ მიეღო, საკუთარ კანდიდატურას მეორედ არ წამოაყენებდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის, ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, “ქართული ოცნება“ იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე არც “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება უშველის.

“ქართულ ოცნებას“ ძალიან მწირი საკადრო რესურსი გააჩნია. ვერც ბიძინა ივანიშვილისა და ე.წ. ძველი კადრების თანამდებობებზე მეორედ დაბრუნება ვერაფერს შეცვლის. ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორცილება არ სურს, რადგან სხვა შემთხვევაში, თანამდებობებზე ძველ კადრებს არ დააბრუნებდა.

“ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, რომელსაც მმართველი პარტია გვერდიდან არ იშორებს. “ქართული ოცნება“ ახლა ისეთ მძიმე დღეშია, რომ თანამდებობებზე ძველი კადრების დაბრუნების გარდა, არაფერი დარჩენია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს თავდაცვის მინისტრად ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დანიშნა. ასევე, თანამდებობაზე დააბრუნა განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

როგორც ირკვევა, მმართველი პარტია ვერც ექსპროკურორ ირაკლი შოთაძეს ელევა, რომელსაც კვლავ გენპროკურორის თანამდებობას აბარებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ მოსვლისთვის ბიძინა ივანიშვილიც ემზადება.

როგორც ჩანს, შოთაძე ბოლო „მეორედ მოსული“ არ იქნება და დიდი ალბათობით, “ქართულ ოცნებაში“ მეორედ მოსვლების სერია გრძელდება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.