ქვეყნები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდნენ

ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ რეზოლუციას ხმა რუსეთის გარდა, 12 ქვეყანამ მისცა, 78-მა თავი შეიკავა, 84 კი დოკუმენტის მიღების მომხრე იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა 19 ქვეყნის წარმომადგენელს არ მიუღია.

მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის არის, ბელარუსი, რომელიც დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგი შარშანაც იყო. ასევე, შარშანდელის მსგავსად, დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცა ბურუნდმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკამ, მაიანმარმა, ვიეტნამმა, ზიმბაბვემ, სუდანმა, სირიამ, ლაოსმა, ნიკარაგუამ. ფილიპინები, რომელმაც 2019 წელს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, წელს წინააღმდეგ გამოვიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია სომხეთს, ავღანეთს, ბოცვანას, ბურკინა-ფასოს, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკას, დომინიკას, კონგოს, ესვატინის სამეფოს, გრენადას, გვინეას, მალის, მავრიკის, სომალიას, თურმენისტანს, სეიშელის კუნძულებს, ტიმორ-ლესტეს, თურქმენისტანსა და ვენესუელას და ნაურუს. ამ უკანასკნელმა შარშან რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

რაც შეეხება სომხეთს, ერევანი ბოლო ორი წელია კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. მანამდე კი ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.

გაეროს 2020 წლის რეზოლუცია დევნილებზე

გაეროს გავრცელებულ ცხრილებში მწვანედ ის ქვეყნებია მონიშნული, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, წითლად ვინც წინააღმდეგ გამოვიდნენ, ყვითლად ისინი არიან, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. ხოლო ის ქვეყნები, რომელთა გასწვრივაც არცერთი ფერის ნიშანი არაა ნაჩვენები, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

შარშან ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას მხარი 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი 15 იყო, 57-მა თავი შეიკავა.

საბოლოოდ, 2020 წლის 3 სექტემბერს 74-ე სესიის ფარგლებში გაეროში მორიგი რეზოლუცია დამტკიცდა, რომელსაც საქართველო 2008 წლიდან წარადგენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს და ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

საგარეო უწყების ცნობით, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას პრაქტიკული დატვირთვა აქვს, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

რეზოლუცია, აგრეთვე, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს ხელს შეუწყობს. 

on.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.