ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალი შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული – ევროპარლამენტარების გაფრთხილება ივანიშვილს და მის “ოცნებას”

8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას გათავისუფლება – ეს არის ევროპარლამენტართა მთავრი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მწვავე განცხადებები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაკეთდა, სადაც ერთი საათის განმავლობაში განიხილავდნენ ესტონელი დეპუტატის სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს. მკაფიო იყო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება. დეივიდ მაკალისტერმა სიტყვა პოლიტპატიმრები რამდენჯერმე  ახსენა.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას პრეზიდენტის მიერ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც, რომელიც მათი შეფასებით, ყალბი ბრალდების საფუძველზეა დაკავებული. დღევანდელ სხდომაზე ანა ფოტიგამ  გაიხსენა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტიც შეჩერებულია.

ევროპარლამენტართა კრიტიკის საგანი გახდა მოსამართლეების დანიშვნაც. მათი შეფასებით, ეს პროცედურა უმაღლეს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. დღევანდელ სხდომაზე ევროდეპუტატებმა ივნისის მოვლენების სრულყოფილი გამოძიებაც მოითხოვეს.

მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა გაკრიტიკებულია სვენ მიქსერის ანგარიშშიც, ავტორი ხაზს უსვამს, რომ ეს პროცედურა გადახედვას საჭიროებს. ანგარიშში მომხსენებელი საუბრობს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზეც და საზოგადოების პოლარიზაციის პრობლემაზეც.

გარდა ამისა, ანგარიშში, რომელშიც შეფასებულია როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ავტორი მწუხარებას გამოთქვამს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზების გამო დაზარალდა. დოკუმენტში მთავარ პრობლემებად მიჩნეულია ოპოზიციონერთა წინააღმდეგ აღძრული საქმეები და საზოგადოების პოლარიზება.

დღევანდელი განხილვის შემდეგ სვენ მიქსერის ანგარიში შესწორებების შეტანის მოლოდინშია. გავრცელებული ცნობით, ევროპარლამენტართა ნაწილს ტექსტის გასამკაცრებლად საკუთარი წინადადებები უკვე მომზადებული აქვთ და მათ წარსადგენად ვადა ხვალ, ბრიუსელის დროით 5 საათამდე აქვთ. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.