ღია წერილი ქალაქ თბილისის მერიას და საქართველოს აღმასრულებელ ორგანოებს

უდაოდ დიდია თქვენი მცდელობა და ღვაწლი, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ არ მიაღწია საშიშ ზღვარს, მაგრამ კორონავირუსი „კოვიდ 19“-ის პანდემიის საფრთხე დღითიდღე იზრდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა 100 ქვეყანაში 100 000-ს გადააჭარბა. აი, რას ამბობს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: „პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა. მაგრამ ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს. დასაიმედებელია ის გარემოება, რომ ჩვენ არ ვართ ვირუსის ხელში“.

თბილისში, სხვა ქალაქებთან შედარებით (გასაგები მიზეზების გამო) კორონავირუსის ეპიდემიის მაღალი საფრთხეა, ვითარება რთულია, ამიტომ აუცილებელია გაფართოვდეს სადეზინფექციო სამუშაოები. სწავლა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში მარტის ბოლომდე უნდა შეწყდეს (იტალიაში 3 აპრილამდე შეწყდა), უნდა გაკონტროლდეს რესტორნები (მათი პრეტენზიები ამორალურია – ვგულისხმობ გადასახადებიდან განთავისუფლების მოთხოვნას), ბაზრობები; გადაიდოს მასობრივი შეხვედრები და ღონისძიებები; დორებით, ერთი თვით მაინც, დაიხუროს სახელმწიფო საზღვარი.

გაზარდეთ პროპაგანდა მოსახლეობაში, ჩემი მხრიდან კი, მოსახლეობას ვთხოვ გახდნენ უფრო პასუხისმგებელნი არა მარტო საკუთარი თავის მიმართ, არამედ სხვებსაც მოთხოვონ დაიცვან ის ნორმები რომელსაც გვირჩევენ სახელმწიფო ორგანოები, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და სხვა ანალოგიური უწყებები; ასევე ვთხოვ გამოიჩინონ გონიერება და დამოუკიდებლად მოახდინონ სადარბაზოების დეზინფექცია, ეზოებში ქლორის მოყრა; ბავშვები, თუ აქვთ ამის შესაძლებლობა, გაუშვან სოფელში.

ჩემი მოსაზრებით: აუცილებელია! მწერების გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა (თუ მოხდა ადამიანის ვირუსი მათ ორგანიზმში, მოხდება ვირუსის მუტაცია და მაშინ ვერაფერი ვერ გვიშველის); სასმელი წყლის ყოველდღიური დეზინფექცია; ქუჩების, დილაობით ქლორიანი წყლით მორწყვა.

დაიგზავნა: თბილისი, 10 მარტი, 2020 წ.

პატივისცემით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.