“ყველაზე დიდი მონა მდიდარი კაცი ყოფილა” – ყოფილი მხარდამჭერის წერილი ივანიშვილს

მწერალი და პოეტი, ირმა ბეგლარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“წერილი ბიძინა ივანიშვილს!

იმედს ვიტოვებ, რომ იქნებ თქვენამდეც მოაღწიოს !
წაიკითხოთ და მასში ერთი რიგითი ქართველის სასოწარკვეთილი ხმაც გაიგონოთ.
მე ხომ მაინც ჯიუტად მჯერა, სიკეთე და ბოროტება თანაბრად იდება ადამიანში, ორი ნერგი…ორი სიცოცხლე. ..
რომელს ვუპატრონებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
მეც სხვებთან ერთად მჯეროდა თქვენი, როცა სიბნელეში გამოჩნდით!
და დავიჯერე!- ბავშვივით დავიჯერე, რომ მართლა სიკეთე გინდოდათ იმ ქვეყნისთვის, რომელმაც გაგზარდათ, ჩამოგაყალიბათ და სიყვარული გასწავლათ.
როცა მეგობრები მეწინააღმდეგებოდნენ და საპირისპიროს მიმიტკიცებდნენ, ჯიუტი ბავშვივით ვიმეორებდი:
-მეც რომ ვიყო მის ადგილზე, იგივეს გავაკეთებდი და რატომ არ უნდა დავუჯეროთ-მეთქი!
ალბათ იმიტომ რომ ყველაზე დიდი მონა, თურმე მაინც მდიდარი კაცი ყოფილა. მონა ქონების, მონა ყველასი, ვისაც მისი ქონების კონტროლი შეუძლია.
არა, სიძულვილს არ ვგრძნობ, ტკივილს ვგრძნობ, დიდ ტკივილს სულში.
რომ თქვენ უბრალოდ იმ ნაცისტური პარტიის გაგრძელება აღმოჩნდით, რომელმაც ჩემი ქვეყანა და ხალხი ამ საშინელ ჩიხში შეიყვანა!
სხვა არფერი…
ჩემი მიამეტი ხალხი კიდევ ერთხელ, მწარედ გააცრუეს.
-იცით, რა მგონია?
საოპერაციოში შესული ქირურგი, რომელმაც სიმსივნით დაავდებული პაციენტი გაჭრა და ისევე დახურა!
-იქნებ იმ სიმსივნის ამოკვეთით კიდევ გადარჩენილიყო?!
-რა სიმდიდრე შეედრება სიყვარულს?!-რომლის გარდა არაფრის წაღება არ შეგვიძლია იქით…
-გადაიწონის ვითომ თქვენი სიმდიდრე იმ სიყვარულს?!
-არა მგონია!
და გამოგეპარათ ის მომენტი, თუ შეგნებულად გაუშვით, რომლითაც შეიძლებოდა სამუდამო სიყვარული დაგემსახურებინათ.
-არა, გულუბრყვილო ბავშვივით არ ვსაუბრობ.
სხვა იქით იყოს და, თქვენ ყველაზე უკეთესად უნდა განგეჭვრიტად რა ტვირთს იკიდებდით ზურგზე.
როგორ გიწამა მაშინ ხალხმა, როგორ შეგიყვარა!
თქვენში ხედავდა გადარჩენის იმედს!
-ახლა?!
არ გლანძღავენ, უბრალოდ ჩაიქნიეს ხელი. ჩაიქნიეს ხელი, რადგან ის გაჭრილი და ისევ დახურული ავადმყოფი საქართველოა…
ვერავინ ვეღარ დამაჯერებს, რომ თქვენ მართლა სიკეთე გინდათ საქართველოსთვის!
ნაციონალები, თქვენგან განსხვავებით ჭკვიანები მაინც იყვნენ. ისინი ბოროტებასაც ჭკვიანურად აკეთებდნენ.
თქვენ კი, უბრალოდ, მათი გაგრძელება აღმოჩნდით. რეაბილიტაცია ისე ლამაზად გაუკეთეთ!
რომ ისევ ის ნაცები…ისევ ის პოლიტიკა…
ისევ კატა-თაგვობანას თამაში!
რომლისაც მხოლოდ თქვენ გჯერათ!
მხოლოდ, მასხარად იგდებთ იმ დაბეჩავებულ, რწმენა წართმეულ ხალხს, ვისაც გასაქანი აღარ აქვს!
ჰო, მასხარად იგდებთ!
თითქოს ცოცხლების პრობლემა ამოწურეთ, რომ როგორ დამარხოთ მიცვალებული მხოლოდ იმაზეღა დარდობთ!
რად გინდათ სასაფლაო?!
ისედაც სასაფლაოდ არ აქციეთ მთელი ქვეყანა?!
დააყარეთ მიწა და…დამარხეთ ბოლომდე!
როგორ მჯეროდა თქვენი!
ახლა მწარედ მეღიმება ჩემს გულუბრყვილობაზე.
ბიძინამ არ იცის…
ბიძინამ არ იცის…
ბიძინამ არ იცის!
გაუთავებლად იმეორებენ თქვენი ბრმა ფანები!
-რა არ იცით?
ჩაიხედეთ გულში, იქნებ ის მეორე გამოაღვიძოთ, ვისაც მართლა კარგის გაკეთება შეუძლია!
ჩვენზე დიდ ქვეყნები გადაშენებულა. ბიზანტია არსად წასულა. იქ ახლა თურქეთია!
ჩვენზე რომელ ქვეყანას აღმოაცენებთ?
ნიგერიის ფილიალს თუ თურქეთისას?
სად ნახეთ, რომელ ქვეყანაში, მიწას ჰყიდიდნენ?!
ამერიკაში დაბადებულებს, სახლი სადაც უდგიათ, იმ მიწის გადასახადსაც კი ართმევენ, რადგან სახელმწიფოს საკუთრებაა!
თქვენც გეგმის ნაწილი ყოფილხართ, ქვეყნის დანგრევა-განადგურების!
გააჩუმეთ ეს თქვენი შვილიც.
სხვა საქმე აკეთებინეთ, ვიდრე ეს ყბადაღებული ნარკოტიკის ლეგარიზაცია.
ვნახე დაბანგული, სახეწაშლილი ვაი ახალაგაზრდობა და იმის მერე შოკში ვარ!
რა მომავალი…
მე დასასრული დავინახე მათი დანახვით.
-ქვეყანას, რომელსაც ამდენი ნარკოტიკით გაბრუებული ახალგაზრდა ჰყავს, ვითომ გადარჩება?!
-აქვს მომავალი?!
-ეს გინდოდათ?
ვიცი, ეს ის თაობაა, სააკაშვილმა რომ ბუჩქებისკენ მიუთითა „პატრიოტულ ბანაკებში“. მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ მათ გადასარჩენად?
გარდა იმისა, რომ აქეზებთ და თავზე ხელს უსვამთ!
ნამდვილი ქართველი, კიდევ გადარჩენილი ადამიანი ყველაზე მეტადაა ცოდვა ახლა!
როგორია ამას უყურო. თქვენი უაზარო კანონების მიღებას!
რომელზეც ისღა დარჩა ხალხს სიმწრით იცინოს.
ერთი ბუნებრივი კითხვა მიჩნდება:
-სად იპოვნეთ ამდენი უტვინო, ნამუსდაკარგული…სინამდვილეს აცდენილი დეპუტატი?
ეს არის თქვენი დაპირება?!
ადვილია ხომ ნარკოტიკით გაბრუებული ადამიანების მართვა. მთავარია არ მოაკლდეთ ნარკოტიკი და სულ ფეხებზე ჰკიდია ხვალ, თუ თურქეთის აულად გადაიქცევა.
ეს რას დაამსგავსეთ ქვეყანა?
სირცხვილი უკვე პატიოსანი ადამიანობაა!
თქვენ არც ჭკვიანი გჭირდებათ და არც პატიოსანი. მას ვერ გახდით თქვენზე დამოკიდებულს.
მე უკვე ჩავიქნიე ხელი უკან დაბრუნებაზე.
საქართველო აღარ გვაქვს და სად ჩავიხოცებით რა აზრი აქვს. იქ, სამშობლოშიც ემიგრანტებად აქციეთ ჩვენი თანამოძმენი.
ან ვის სჭირდება ჩემი თავგანწირვა, ჩემი შვილის გაწირვა…როცა განაჩენი გამოტანილი აქვს საქართველოს.
დიახ!
თქვენ ის ექიმი იყავით, რომელიც საოპერაციოში შედიოდით!
ავადმყოფის ჭირისუფლებს იმედს აძლევდით, რომ გადაარჩენდით!
სიცოცხლეს აჩუქებდით!
მაგრამ…უფრო დააჩქარეთ მისი სიკვდილი.
ორ უკიდურესობაში გადავარდნილი ხალხი სულ სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. თავისუფლება გახრწნილობა და გარყვნილობა ჰგონია.
რა ჭკვიანი ყოფილა სააკაშვილი, რომ საუკუნეებით ნაშენები და გამყარებული სისტემა ცხრა წელში ჩამოანგრია.
აღარც განათლება, აღარც სამედიცინო მომსახურება…
დედა აღარ ჰყავს საქართველოს.
არა, ნიშნის მოგებით არ გეუბნებით. გაოგნებული ვარ და ტკივილი მაქვს, ტკივილი ჩემი უძლურობის.
ამ ხალხს მაინც უთხარით, ამ ნაცებს და ქოცებს რომ ნუღარ ხოცავენ ერთმანეთს. რომ ერთნი ხართ!
რომ თქვენ უბრალოდ, ნაცების დაწყებული საქმე გააგრძელეთ და ბოლომდე მიიყვანეთ. ამ ორ, ძაღლ-კატასავით გადაკიდებულ მხარეს ის მაინც შეაგნებინეთ რომ ერთნი ხართ!
რომ საქართველოსაც „მჯდომარე“ მდგომარეობაში მარხავთ!
ჰოო, მდიდარი უფრო დიდი მონა ყოფილა.
შიშის…ქონების არდაკარგვის!
ამ დროს კი, იმ მარადიულ სასუფეველში გადასახლებულებს მხოლოდ სიყვარული მიგვყვება…
ან საუკუნო წყევლა-კრულვა!
ირმა ბეგლარიშვილი

“ალია”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.