,,ყველანი ,,ევას პავაროტში” აღმოვჩნდით!”

,დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია წერს:

თითქოსდა არაფერი ახალი და ყურადსაღები არ უთქვამს მიშა სააკაშვილს, ის ისევ დაიმუქრა და მეტი არაფერი, მაგრამ ერთი რამ მაინც აღსანიშნავია. სააკაშვილი, მას შემდეგ, რაც დასრულდა უკრაინაში, როგორც პოლიტიკოსი(დასავლეთის დახმარების და დიდი ძალისხმევის მიუხედავად მან უკრაინულ პოლიტიკაში დამკვიდრება ვერ მოახერხა), სულ უფრო დაემსგავსა ჭირვეულ ბავშვს, რომელიც წარამარა იქადნება, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის და არც გამოუვა, რადგან ჭირვეულობას არ მოიშლის და რომც ეცადოს, ამის საშუალებას მას ივანიშვილი არ მისცემს. რაც შეეხება რესურსგამოცლილ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ინდიფერენტულ ქართულ საზოგადოებას, მათ ჭირვეულის მორჯულება არ შეუძლიათ! ერთი სიტყვით, ძალიან ბანალური პრობლემის წინაშე ვდგავართ, ვერ ვარჯულებთ ჭირვეულს, რადგან არ შეგვიძლია, ხოლო ვისაც ძალუძს ჭირვეულის მორჯულება, მას ამის გაკეთების არანაირი სურვილი არ გააჩნია… უფრო პირიქით… ასე რომ, მიხელ სააკაშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ივანიშვილის ნომერ პირველ გავლენის აგენტად. ამასობაში, გუგული მაღრაძის საპარლამენტო დაჯგუფების ერთერთმა სწორუპოვარმა სახემ (დაჯგუფების ფარული წევრის, ეკა ბესელიას შემდეგ)გედევან ფოფხაძემ, მორწმუნე პარლამენტართა და არაპარლამენტართა გასახარად, მძიმე მარხვის ჟამს, პოლიტიკურად სუსტი ყოფაქცევის საქციელი ჩაიდინა. საზმაუს ბორდის წევრად არჩევისას ,,ურწმუნო” ნინიასათვის მხარის დაჭერის გამო, გედის სიმღერა იმღერა და პროტესტის ნიშნად ქართული ოცნების საპარლამენტო მრევლი უკანმოუხედავად დატოვა… ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, პროტესტანტ გედს სხვა გედებიც შეუერთდებინ, მერე წეროებად გადაიქცევინ, უმრავლესობიდან შორს გაფრინდებიან და პარლამენტში, გუგული მაღრაძის თაოსნობით მალე შეიქმნება ,,მორწმუნე მართლმადიდებელ წეროდ ქცეულ გედ პარლამენტართა ფრაქცია” და იბერიაც გაბრწყინდება!!! ამხანაგებო!!! ქართული ოცნების მიერ ქვეყანაში წარმოებული პოლიტიკის შედეგად, როგორც ვატყობთ, ყველანი ,,ევას პავაროტში* აღმოვჩნდით, ამიტომ არსებული პოლიტიკური ვითარება, ე.წ. ცვლილებების ახალი სიოს დაბერვას მოითხოვს. სიოს ალბათ ისევ ბიძინა ივანიშვილი დაუბერავს და ევკალიპტის გასაყიდად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულ ოპოზიციას აწ უკვე პოლიტიკურ აუქციონზე გამოაგდებს და ევკალიპტზე ცოტა უფრო მაღალ ფასად თავადვე იყიდის… P.S. ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ფოთლები მიქრიან ქარდაქარ, ხეთა რიგს, ხეთა ჯარს, რკალად თ ხ რ ი ს, სადა ვართ, სადა ვართ, სადა ვართ?!

“ალია”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.