შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს: ვინ არის პასუხისმგებელი უხარისხო გზებზე, რომელშიც 6,3 მილიარდი დაიხარჯა

6,3  მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურაში  — შეცვლილი 6 მინისტრი,   საქართველოს საავტომობილო გზების   დეპარტამენტის  5 ხელმძღვანელი და 82 -ე ადგილი ბოცვანას და ჰონდურასის შემდეგ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებამ  2012 -2018 წლებში 6 მილიარდ  351  მილიონ 177 848  ლარი შეადგინა.  სოლიდური დაფინანსების ფონზე „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ გზების ხარისხისმიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში  საქართველო  82-ე ადგილზეა.შვიდბალიანი შეფასებით 3,8 ქულით შეფასდა გზების ხარისხი საქართველოში და  სამხრეთაფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკისა და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ჰონდურასის გვერდით აღმოჩნდა.

რატომ აქვს ასეთი დაბალი შეფასება გზების ხარისხს საქართველოში? 

„ქართულმა ოცნებამ“  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ინფრასტრუქტურული პროექტები პრიორიტეტად დაასახელა.  რატომ ვერ სრულდება გზების მშენებლობა  დათქმულ  ვადებში, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება და დონორების ფული შეუფერხებლად ნაწილდება.

ვინ არის  პასუხისმგებელი ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროქტებზე და გზების დაბალ ხარისხზე?

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს

ბიუჯეტი  2012 -2018 წლებში

  • 2018  წელი- 1 მილიარდ 033 500 ლარი
  • 2017 წელი -1 მილიარდ 288 047 ლარი
  • 2016 წელი – 965 მლნ 842 500 ლარი
  • 2015 წელი- 898 მლნ 398 000 ლარი
  • 2014 წელი  -904 მლნ 961 100 ლარი
  • 2013 წელი  – 929 მლნ  500 000 ლარი
  • 2012 წელი  – 663 მლნ 054 700 ლარი

ინფრასტრუქტურული „მინისტრთცვენა“  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 6 წლის მანძილზე 6 მინისტრი შეიცვალა. რამდენიმე  პირადი განცხადებით წავიდა, ზოგი „გაუშვეს“.  ოფიციალურად  წასვლის მიზეზად  ინფრასტრუქტურული პროექტების „ნელი ტემპი“ დასახელდა. წლების განმავლობაში სამინისტრო სოლიდურ დაფინანსებას მიზანმიმართულად  ვერ ხარჯავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდნილი ტენდერები, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესჯგუფების  და საეჭვო რეპუტაციის კომპანიების მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში პრესაში მწვავედ გაშუქდა, ეს საკითხი სამართლებრივი შესწავლის საგანი ამ დრომდე არ გამხდარა.  ამის არაოფიციალურ მიზეზად კლანური მფარველობა სახელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრები 2012 – 2018  წლებში

  • დავით ნარმანია
  • ელგუჯა ხოკრაშვილი
  • დავით შავლიაშვილი
  • ნოდარ ჯავახიშვილი
  • ზურაბ ალავიძე
  • მაია  ცქიტიშვილი

ხშირად ხმაურით ან მოულოდნელად იცვლებოდნენ საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც.  2012-2018 წლებში აქ საკადრო ცვლილება 5 ჯერ მოხდა.

2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ  დეპარტამენტის თავმჯდომარედ  ზაქარია ხუნძაყიშვილი დაინიშნა, რომელიც დავით შავლიაშვილმა შეცვალა (მას ოპოზიცია ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილის კლანის  წევრად მოიაზრებს). შემდეგ უწყებას  ვაჟა ფანჩულაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ყველაზე დიდხანს თავმჯდომარის თანამდებობას   გიორგი სეთურიძე  იკავებდა, რომელიც  2018 წლის აპრილში ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა.

მიუხედავად მედიაში, ოპოზიციური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებისა თუ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებისა,  ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროქტებზე და გზების დაბალ ხარისხზე დღემდე პასუხი არავის არავისთვის მოუთხოვია.

ნინო   ნატროშვილი    

commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.