კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარიტრენდისტილიშენ ის არ ხარ, რასაც საქმიანობ — როგორ გავმიჯნოთ პირადი ცხოვრება პროფესიულისგან

შენ ის არ ხარ, რასაც საქმიანობ — როგორ გავმიჯნოთ პირადი ცხოვრება პროფესიულისგან

ჩვენს პირად ცხოვრებასა და სამუშაო ცხოვრებას შორის არსებული ხაზი გაუჩინარდა; მოდი, ახლიდან გავავლოთ ის — გვირჩევს The New York Times-ის ჟურნალისტი, ტიმ ჰერერა.

ერთ-ერთი საუკეთესო კარიერული რჩევა, რომელიც მიმიღია, იყო, რომ სამსახურზე ზმნასავით მეფიქრა და არა არსებითი სახელივით. მაგალითად, მეთქვა, “ჟურნალისტიკით ვარ დაკავებული” და არა “ჟურნალისტი ვარ”, ან “ახალგაზრდებს ვანათლებ” და არა “მასწავლებელი ვარ”.

გეთანხმებით, სიტყვებით სულელურ თამაშს ჰგავს და ამ წინადადებებს წვეულებაზე ნამდვილად არ იტყოდით (წარმოიდგინეთ, რა უცნაური იქნებოდა, “ხალხს ვჭრი ხოლმეო”, ვინმესთვის რომ გეთქვათ, “ქირურგი ვარ-ის” ნაცვლად). თუმცა ეს მენტალური ჩანაცვლება გვეხმარება, გამოვყოთ საკუთარი პიროვნება იმისგან, თუ როგორ ვატარებთ დღეს და რა საქმიანობით გამოვიმუშავებთ ფულს ბინის ქირისა და სურსათისათვის.

ამ ბალანსის დაჭერა ჩვეულებრივ დროსაც რთულია ხოლმე — Რომ აღარაფერი ვთქვათ დღევანდელ ვითარებაზე, როდესაც ბევრი ჩვენგანისთვის სახლი ოფისად გადაიქცა, სამუშაო საათები კი დასვენების დროში გადაიხლართა. და იმის მიუხედავად, რომ პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ამ ყველაფერთან მიჩვევა ისევ გვიჭირს. შესაბამისად, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთლიანი იდენტობა 一 კონკრეტულად კი, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილება 一 არ მივაბათ იმ საქმიანობას, რომლითაც ფულს გამოვიმუშავებთ. ამაში ექსპერტებიც მეთანხმებიან.

ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და მარკეტინგის პროფესორის და წიგნის, სამსახურში ტვინიც წაიყოლე, ავტორის, არტ მარკმანის თქმით, “სამუშაო ცხოვრება, ზოგადად რომ ვთქვათ, ამერიკული მთებივითაა ყოველი დღე კარგი დღე ვერ იქნება, ზოგიერთი პროექტის საქმე კარგად არ წავა — რაიმე საინტერესოს თუ საქმიანობ, მსგავსი სიტუაციები გამოცდილი გექნება. თუ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში აკეთებ, შენი სამსახურის გარშემო ტრიალებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით მიექანები ამერიკული მთების აღმა-დაღმა რელსებზე”.

“როცა გაიზრდები, რა გინდა, რომ გამოხვიდე?”

ფოტო: kychan

იმ მომენტიდან, როდესაც ეს შეკითხვა დაგვისვეს 一 რაც, დიდი ალბათობით, ადრეულ ბავშვობაში იყო 一 ჩვენი იდენტობა განუყრელად დაუკავშირდა იმ საქმიანობას, რომლითაც ფული უნდა გამოვიმუშაოთ. არსებითი არაა, მართლა მივაღწევთ თუ არა ამ მოუთოკავ ფანტაზიებს, ჩვენ განწირულები ვართ, საკუთარი თავები პროფესიებს დავუკავშიროთ.

ამ გონებრივი განწყობით გაზრდის შემდეგ ჩვენ ვეგუებით, რომ კარიერა ის ერთადერთი ძალაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას წინ ექაჩება. და თუ საკმარისად გაგვიმართლებს და არჩეულ საქმეში კარგებიც ვიქნებით, ცხოვრებისეული პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა კიდევ უფრო გაგვიჭირდება 一 ამბობს “მენეჯერს ჰკითხე” ბლოგის დამფუძნებელი და ამავე სათაურის მქონე წიგნის ავტორი, ელისონ გრინი.

“თუ პატიოსნად მუშაობ და მოგწონს შენი საქმე, ძალიან მარტივია, შენი იდენტობა შენს სამსახურთან გადაიხლართოს — თან არა მხოლოდ უშუალოდ სამსახურთან, არამედ იმ თვითაღქმასთანაც, რომლის თანახმადაც, შენ ხარ ადამიანი, ვისაც კარგად გამოსდის ის, რასაც აკეთებს. ეს ძალიან ძლიერი რამაა და ბნელი მხარეც აქვს, რომლის შემჩნევასაც მხოლოდ მას მერე იწყებ, რაც სამსახური შენს ცხოვრებაში სინათლის შემომტანი აღარაა”, — ურთავს ის.

მირანდა ჰარტსი — არათეთრკანიანი ქალებისთვის კარიერული განვითარების ცენტრის, Memo LLC, დამაარსებელი და წიგნისმემორანდუმი: რა უნდა იცოდეს ფერადკანიანმა ქალმა იმისთვის, რომ მაგიდასთან ადგილი ყოველთვის ჰქონდეს, ავტორია. სამსახურისადმი მისი დამოკიდებულება ყოველთვის გულისხმობდა პირადი ცხოვრების პირადადვე დატოვებას, თუმცა, მისივე გამოცდილებით, საოფისე კულტურაში საკუთარი ადგილის პოვნის წნეხს მსგავსი საზღვრების გარღვევაც შეუძლია: “უმეტესობა ჩვენგანს გვასწავლეს, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება ოჯახში უნდა დავტოვოთ. მაგრამ ზოგჯერ თანამშრომლებმა, რომლებიც სხვა ღირებულებებით აღზარდეს, მსგავსი მიდგომა შეიძლება ქედმაღლურად მიიჩნიონ”.

ჰარტსის მტკიცებით, მან მსგავსი რამ ამერიკულ კორპორაციებში გატარებული დროის განმავლობაში გამოცადა და ბევრი მუშაობა დასჭირდა საკუთარი იდენტობის დასაბრუნებლად: “უბრალოდ, ვახსენებდი საკუთარ თავს, რომ არჩევანი მაქვს, და რომ ამით უფრო ცუდი თანამშრომელი არ ვხდები. ოფისში ჩემი იდენტობის იმ ნაწილებს ვამხელ, რომლებთანაც მსურს, რომ ხალხმა იურთიერთოს და ეს არავსიზე ნაკლებ თანამშრომლად არ მაქცევს”.

რატომ შევწუხდეთ? რა ხეირი?

ფოტო: Dose Media

რატომ უნდა განვაცალკეოთ ჩვენი ცხოვრების განსხვავებული ნაწილები — მით უმეტეს ახლა, როდესაც ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს? ექსპერტების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების ერთი სფეროს პრობლემებს სხვა სფეროებში შეღწევის უფლება არ მივცეთ — განსაკუთრებით ახლა, როდესაც ზღვარი ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილს შორის ასეთი ბუნდოვანია. სამსახურში ცუდი კვირის ქონა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა თუ ჩვენი პროფესია ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ნაწილია და არა — ერთადერთი, ამ ცუდი კვირის ემოციური შედეგი გაცილებით უმნიშვნელო იქნება.

“საკუთარი პიროვნების სამსახურით განსაზღვრის პრობლემა ისაა, რომ მუშაობისას ყველაფერი შენს კონტროლს არ ემორჩილება. თუ სამსახურში საქმე ცუდად წავა, შესაძლოა, ამას მენტალურ ჯანმრთელობაზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს მაშინ, როცა საქმეში ბოლომდე ხარ ჩაძირული. თუ ჩვენ სამსახურს საკუთარ კეთილდღეობასთან გავაიგივებთ, ამან მნიშვნელოვნად შეიძლება დაგვაზარალოს”, 一 გვეუბნება გრინი.

ის ასევე ამატებს, რომ სამსახურისთვის ცხოვრებაში ცენტრალური როლის მინიჭებამ, შესაძლოა, საკუთარი ინტერესებისა და ბედნიერების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიგვაღებინოს. მაგალითად, ეს მაშინ ხდება, როცა სამსახურს ზედმეტად ბევრ დროს ვუთმობთ ან ჩვენდამი ისეთ მოპყრობას ვიტანთ, როგორსაც ჩვეულებრივ არ ავიტანდით.

მარკმენის მტკიცებით, ცხოვრების ნაწილების გამიჯვნა იმისგან გვიცავს, რომ ერთ ასპექტში განცდილი “ცუდი პერიოდი” ზოგად წარუმატებლობად არ აღვიქვათ, რაც ჯამში ჩვენს პროდუქტიულობასაც კი გაზრდის: “ტვინს ცოტა დასვენება სჭირდება. კონცენტრაციის მუდმივად შენარჩუნება შეუძლებელია. თუ ტვინს ამოსახსნელი პრობლემებისგან არ დავასვენებთ, უბრალოდ დროსაც კი აღარ დავუტოვებთ, რომ ახლიდან ჩაიტვირთოს და უცხო თვალით აღიქვას არსებული გამოწვევები. შესაბამისად, ცხოვრებაში თქვენი მიზანი მაქსიმალური პროდუქტიულობაც რომ იყოს, მის მისაღწევად სამსახურისგან დასვენება მაინც დაგჭირდებათ”.

ეს არ ნიშნავს, რომ სამსახურის საქმეებს გულით არ უნდა აკეთებდეთ და თქვენი კარიერა და თანამშრომლები უნდა უგულებელყოთ. საქმის გულით კეთება ნამდვილად მომგებიანი თვისებაა, უბრალოდ შრომისმოყვარეობას საზღვარი უნდა დავუწესოთ.

გრინის თქმით, “ჩვენ ხანგრძლივ თამაშს ვთამაშობთ. შეიძლება, რამდენიმე კვირა ან თვე ვიმუშაოთ გვიანობამდე, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ამ ტემპს ვერ შევინარჩუნებთ. საკუთარ თავს რეალისტური კარიერული მიზნები უნდა დავუსახოთ”.

სად გავავლოთ ხაზები?

ფოტო: Martin Sanchez

პანდემიის პირველი თვეების განმავლობაში გრინმა ბევრი ადამიანისგან მოისმინა, თუ როგორ უჭირდათ პირადი და პროფესიული ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნა. მიზეზი კი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: სამსახურში ყველამ იცის, რომ არსად არ ხარ წასასვლელი — მაშინ, როდესაც კარანტინამდე “გარეთ” ყოფნა საკმარისი მიზეზი იყო საუბრის დასასრულებლად.

გრინის თქმით, გამოსავალი საზღვრების დაწესებაა: “სიტუაციების უმეტესობაში ნებართვის თხოვნა რეალურად არ გვჭირდება. ხალხი რატომღაც ფიქრობს, რომ ცვლილება ამასაც შეეხო და ზოგჯერ ასეცაა, მაგრამ უფრო ხშირად ხალხი აცნობიერებს, რომ რაღაცების გაკეთება უბრალოდ, თხოვნის გარეშე შეგიძლია”.

მაგალითად, ეს შეიძლება გულისხმობდეს ზარის, მეილის ან სლექში შეტყობინების უპასუხოდ დატოვებას მაშინ, როდესაც განსატვირთად 15-წუთიან შესვენებას იღებ. გრინის თქმით, “ხშირად, როდესაც ადამიანები ამ საზღვრების თვითნებურად დაწესებას იწყებენ, მალევე ხვდებიან, რომ მსგავსი ქცევა მისაღებია. ამით არაფერი იცვლება, ვერავინ ამჩნევს”.

ცხადია, ეს ყველა პროფესიასა თუ კომპანიაში არ იმუშავებს. თუ ასეთი საზღვრების დაწესების შესახებ ღელავთ, თქვენს მენეჯერს გაესაუბრეთ. უთხარით, რომ მდგრადი და ჯანსაღი გრაფიკის შექმნა გსურთ. მაშინაც კი, თუ ამ დიალოგში წინააღმდეგობას შეხვდებით, მინიმუმ საკუთარი აზრი დაფიქსირებული გექნებათ. “მას მერე, რაც საკუთარ მოლოდინებს ხმამაღლა გამოთქვამ, შეგეძლება დაფიქრდე, მართლა გიღირს ეს სამსახური ამ პირობებად თუ არა”, 一 გვირჩევს გრინი.

ასევე გააცნობიერეთ, რომ იდენტობა, რომელსაც სამსახურში ავლენთ, თქვენი თანამშრომლების მოლოდინებს ყოველთვის არ დაემთხვევა. “როდესაც სამსახურში გულწრფელობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზოგს, შესაძლოა, არ სურდეს თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ სხვა თანამშრომელი, რომელიც მსგავს თემებზე ღიად საუბრობს, მუშაობისას მეტად მონდომებულია. თუ სამსახურში გულწრფელობას ვაქეზებთ, ჩვენი ცხოვრების იმ ნაწილების გარეთ დატოვებაც უნდა წავაქეზოთ, რომელთა სამუშაო სივრცეში მიტანაც არ გვეკომფორტულება”.

ჰარტის თქმით, როცა თავად გადააწყდა სამსახურში მსგავს კონტრასტს, ამან კარიერის მიმართ მისი დამოკიდებულება შეცვალა: “თვითაღქმის გადაფასება მომიწია — აღარ შემეძლო ჩემი ქცევის სხვათა მოლოდინებსა და ახირებებზე მორგება”.

ავტორი:

ტიმ ჰერერა

The New York Times-ის ჟურნალისტი.

მთავარი ფოტო: Luis Villasmil

გაიგეთ მეტი: სამსახურისტრესისახლიდან მუშაობაპანდემია

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 1:20 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...