შესაძლებელია თუ არა დინოზავრების აღდგენა

ამ ზაფხულს, დიდ ეკრანებზე „იურული პერიოდის პარკის“ მეხუთე ნაწილი გამოვა და მრავალ მაყურებელს ხელახლა შეაყვარებს დინოზავრებს.

ამ ფილმების ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ გააღვიძა ინტერესი დინოზავრების დნმ-ის მიმართ.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის პირველ ნაწილში, „მისტერ დნმ“ დინოზავრების სისხლის მწოველი განმარხებული მწერების სხეულიდან დინოზავრების დნმ-ს იღებს. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაა.

სრულიად შემთხვევით, ბოლო პერიოდში მეცნიერებმა დინოზავრების დნმ-ის საერთო სტრუქტურის იდენტიფიცირება შეძლეს.

გენომის სტრუქტურა არის გზა, რომლითაც თითოეულ ქრომოსომაში ჩამწკრივებულია გენები. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სახეობის ინდივიდუალურ ცხოველს დნმ-ის განსხვავებული სეკვენსირება აქვს, საერთო გენომური სტრუქტურა სახეობისთვის სპეციფიკურია.

პირველ რიგში, მეცნიერებმა დაიწყეს კუებისა და ფრინველების წინაპრის გენომური სტრუქტურის გარკვევა, სანამ მოხდებოდა რაიმე ცვლილება იმ პერიოდიდან დღემდე.

ეს მემკვიდრეობითი ხაზი მოიცავს დინოზავრებისა და პტეროზავრების გაჩენას 240 მილიონი წლის წინ, რომლებისგანაც შემდეგ წარმოიშვნენ თეროპოდი დინოზავრები, საბოლოოდ კი ფრინველები.

მიუხედავად იმისა, რომ დინოზავრთა დნმ-ის აღება არ მომხდარა, მრავალ ადამიანს პირზე აკერია კითხვა, „შესაძლებელია თუ არა, ამ გზით დინოზავრების აღდგენა?“ პასუხი არის კატეგორიული „არა“. განგიმარტავთ, რატომ.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს დინოზავრების ხელუხლებელ დნმ-ს შეიცავდეს ქარვაში ჩაჭედილი მათი სისხლისმსმელი მწერები. მართალია, აღმოჩენილია დინოზავრთა სისხლის შემცველი პრეისტორიული მწერები, მაგრამ მათში არსებული დინოზავრთა დნმ დიდი ხნის დეგრადირებულია.

წარმატებით მოხერხდა ნეანდერტალისა და ბეწვიანი მამონტის დნმ-ის იზოლირება, მაგრამ დინოზავრის დნმ გაცილებით ძველია. უძველესი დნმ, რაც კი ოდესმე გვიპოვნია, მილიონი წლისაა, მაგრამ დინოზავრთა დნმ სულ მცირე 66 მილიონი წლის გამოდის, შესაბამისად, სხვაობა ძალიან დიდია.

მეორე — თუკი შევძლებთ დინოზავრის დნმ-ის ამოღებას, იგი გაფანტული იქნება მილიონობით ციცქნა ნაწილაკად და მცირე იქნება იმის შანსი, გაირკვეს, როგორ იყო ეს ნაწილაკები სინამდვილეში ორგანიზებული.

ალბათ ეს იქნება მსოფლიოში ურთულესი „პაზლი“ და არ გვექნება არანაირი წარმოდგენა, როგორ გამოიყურება რეალური სურათი, ანდაც აკლია თუ არა მას რაიმე ნაწილი.

„იურული პერიოდი პარკში“ მეცნიერები ამ ნაკლულ ნაწილებს პოულობენ და მათ ბაყაყის დნმ-ით ავსებენ. თუმცა, ეს მეთოდი სინამდვილეში ნამდვილად არ მოგვცემს დინოზავრს, ის უფრო ჰიბრიდი, „ბაყაყოზავრი“ იქნებოდა.

ბაყაყის დნმ-ის ჩანართებს უარყოფითი გავლენა ექნებოდა ემბრიონის განვითარებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა ფრინველის დნმ-ის გამოყენება, რადგან ისინი დინოზავრების უფრო ახლო ნათესავები არიან, ვიდრე ბაყაყები.

მესამე — მოსაზრება, რომ მთლიანი ცხოველის აღსადგენად საჭიროა მხოლოდ დნმ, კვლავ და კვლავ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. დნმ საწყისი წერტილია, მაგრამ კვერცხში ცხოველის განვითარება გენების ჩახლართული „ცეკვაა“ და მოითხოვს მრავალ საჭირო გარემოებას შესაბამის დროს.

მოკლედ რომ ითქვას, საჭიროა დინოზავრის სრულყოფილი კვერცხი და მასში არსებული კომპლექსური ქიმია. წიგნში მეცნიერები ქმნიან ხელოვნურ კვერცხებს, ფილმში კი გამოყენებულია სირაქლემას კვერცხები.

თუმცა, სინამდვილეში არც ერთი მეთოდი არ გამოდგება. სირაქლემას კვერცხში ქათმის დნმ-ის ჩადებით წიწილა არ იჩეკება (ცდებით დადასტურებულია). იგივე შეიძლება ითქვას ველოცირპატორზეც.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მსგავსი ცდებისთვის საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობა, ნებართვები. ალბათ გაიმართება მრავალი საპროტესტო აქციაც…

დინოზავრების აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ…

საქმე ის არის, რომ სინამდვილეში, დინოზავრები არასოდეს გადაშენებულან. დიახ, ისინი დღესაც ჩვენ შორის არიან. ფრინველები დინოზავრებისგან კი არ წარმოქმნილან, ისინი დინოზავრები არიან!

ეს დინოზავრები (ფრინველები) გადაურჩნენ ბოლო ოთხ მასობრივ გადაშენებას, ყოველ ჯერზე უფრო მრავალფეროვანი გახდნენ, მიიღეს უცნაური და საოცარი ფორმები. ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს წარმოადგენს თეორია, რომ ეს ყველაფერი მათ თავიათ გენომის სტრუქტურით შეძლეს.

გაირკვა, რომ ფრინველებს და არამფრინავ დინოზავრთა უმეტესობას ბევრი ქრომოსომა აქვთ. ეს კი ცხოველებს მრავალი ვარიაციის წარმოქმნის საშუალებას აძლევს, რაც ბუნებრივი გადარჩევის მთავარი მამოძრავებელია.

ადამიანები მოესწრნენ ისეთი ცნობილი მფრინავი დინოზავრების გადაშენებას, როგორიც იყო დოდო და მოგზაური მტრედი. ამ ფრინველთა დნმ რამდენიმე ასეული წლისაც არ არის და შესაბამისად, მათი დნმ-ის აღება გაცილებით რეალისტურად გამოიყურება.

ასევე შესაძლებელია, რომ სრულებით საკმარისი იყოს მათი ახლო ნათესავი ფრინველების კვერცხების გამოყენება. შესაფერის გარემოში შეიძლება, რომ დნმ-ის გამოყენებით მართლაც მოვახერხოთ ზოგიერთი გადაშენებული ცხოველის აღდგენა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.