27 ნოემბერს შუა დერეფანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი, რომელსაც Europetime გაეცნო, 70-გვერდიანია. მსოფლიო ბანკის ანგარიშში შეფასებულია გამოწვევები და შესაძლებლობები.
ძირითადი მიგნებების თანახმად, შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია. როგორც მოხსენებაში ნათქვამია, შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე მდგომარეობს იმ სარგებელში, რომელიც მას შეუძლია მოიტანოს, როგორც შიდარეგიონულმა სავაჭრო დერეფანმა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გაზრდილი ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი და მამოძრავებელი ძალაა, რაც „გულისხმობს რეგიონის შიდა ვაჭრობის 37%-იან ზრდას და ხსენებულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28%-იან ზრდას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სწორი ინვესტიციებითა და პოლიტიკით, შუა დერეფანმა შეიძლება, ხელი შეუწყოს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგებას, ხოლო მარშრუტის გასწვრივ მგზავრობის დროის განახევრებას 2030 წლისთვის.
ანგარიში სახელწოდებით – „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე. დოკუმენტში ის პრიორიტეტული ღონისძიებები განსაზღვრული, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლია.
„აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკუთარი ხედვების შეთანხმებასა და დერეფნის წინსვლაში. მსოფლიო ბანკი სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და ქვეყნების მთავრობებთან ერთად მზადაა შუა დერეფნის მხარდასაჭერად,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. ის ხაზს უსვამს, რომ ახალი მონაცემები ადასტურებს – შუა დერეფანი არამარტო სიცოცხლისუნარიანია, არამედ, შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის მატარებელიც კი გახდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკისთვის.“
ანგარიში განსაზღვრული პოლიტიკის თანახმად, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად საჭიროა შემდეგი: დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტა ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის; პროცესებისა და პროცედურების რეფორმირება და გამარტივება, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად; ერთიან, თავსებად სისტემას შეუძლია დერეფანში პროცესებისა და ღონისძიებების ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა; ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად; ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმება. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტულობის განსაზღვრას საჭიროებს.
დოკუმენტში ვკითხულობთ: საქართველოს ორი პორტი აქვს შავ ზღვაზე, რომლებიც კომერციულ ტვირთნაკადებს უზრუნველყოფს, კერძოდ ფოთსა და ბათუმში, ქვეყანა ასევე ფლობს ორ საზღვაო ნავთობტერმინალს – სუფსა და ყულევი. ფოთი AP Moller Terminals-ს ეკუთვნის (APMT), ხოლო „ბათუმის პორტს“ „ყაზტრანსოილი“ მართავს.
„ამრიგად, საქართველოს სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება პოლიტიკის შემქმნელისა და მარეგულირებლის როლით, რომელიც მოიცავს გემების მოძრაობას მართვას, საზღვაო უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. „საქართველოს პორტებში კონტეინერების ყოფნის დრო შედარებით მაღალია, ძირითადად, საგზაო/სარკინიგზო გადაზიდვების დაბალი ხარისხის გამო. საქართველოს პორტებში ტვირთების დაბინავების დროის ანალიზი მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებისთვის გამოყენებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა,“ ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროა საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების შემცირება ( ამჟამად უმაღლესი ტარიფებია საქართველოში, მთელი შავი ზღვის მასშტაბით).
რეკომენდაციების ნაწილში ასევე მოცემულია, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი პორტის სერვისებზე წვდომა ყველასთვის ბაზრის მოთამაშისათვის. ასევე უნდა შემცირდეს პორტში ტვირთის გაჩერების დრო. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაზიდვების საბოლოო საფასურის გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა.
ამასთან, საჭიროა ტვირთის გადაადგილებაზე თვალყურის მიდევნება. ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაზე გადასვლა. დოკუმენტში ტვირთების კონსოლიდაციის რეკომენდაციაზეც არის საუბარი.
ყაზახური მხარის ვარაუდით, რომელმაც აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ბანკთან უკვე განიხილა, ანგარიშის პრიორიტეტული მიმართულებები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და მეტი პოტენციალის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. ამასთან, ყახაზეთი მიიჩნევს, რომ TITR არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მარშრუტი არსებული ლოგისტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.