ცნობილი ხდება, რატომ შეუცვალა მოსამართლემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მკვლელობის მუხლი მცდელობად

„მოამბისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, რომელმაც პროკურატურის ვერსია ნაწილობრივ არ გაიზიარა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

განაჩენის მიხედვით, 12 ჭრილობიდან არასრულწლოვანი სარალიძის სიკვდილის მიზეზი მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში მიყენებული ჭრილობა გახდა, თუმცა გ.ჯ-ს მიერ ამ სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტი სასამართლოში ვერ დადასტურდა.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგინდა, რომ გ.ჯ-მ სარალიძეს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში დანით მიაყენა, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ.ჯ-ს მიერ სარალიძისთვის მარჯვენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის მიყენების ფაქტი, რაც დავით სარალიძის სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა. ამდენად, ვინაიდან უტყუარად არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი გ.ჯ-ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს(სიკვდილს) შორის, მისი ქმედება დამთავრებული მკვლელობიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობაზე“, – განმარტებულია განაჩენში.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია