წარმოებულია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სავაჭრო ქსელებში) შესაძლებელია, სტატუს-ნეიტრალური მარკირების გამოყენებით განთავსდეს.ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად.

კერძოდ, პროდუქციაზე საკმარისია განთავსდეს მწარმოებლის სახელი, წარმოების ქალაქი ან დასახლება (მაგალითად, სოხუმი, გაგრა და ა.შ.) ან/და მისამართი (ქუჩის და ნომრის მინიშნებით). საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციაზე სტატუს-ნეიტრალური მარკირება შიდა ბაზარზე განთავსდება შესაბამისი შტრიხკოდი, რომელიც პროდუქციას მიენიჭება შესაბამისი შემცველობის მიხედვით. პროდუქციის დასახელება და მასზე განთავსებული სხვა სახის ინფორმაცია შესაძლებელია დატანილ იქნას აფხაზურ ენაზეც.

საქონლის ექსპორტი

 როგორც კონცეფციაშია აღნიშნული, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოშობილი პროდუქცია საექსპორტო ბაზარზე გავა როგორც საქართველოში წარმოშობილი პროდუქტი.

ადგილზე პროდუქციის შესაბამისი ინსპექტირების განხორციელების შესაძლებლობა

საექსპორტო ბაზარზე საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქციის მოსახვედრად სავალდებულოა წარმოშობის სერტიფიკატი, ხოლო პროდუქციის სპეციფიკური სახეობებიდან გამომდინარე − ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული ან ჰიგიენური სერტიფიკატი. შესაბამისად, განსაზღვრულ შემთხვევებში, განხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან შემოტანილი პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება საქონლის უვნებლობის გარანტირებისათვის, რის შედეგადაც გაიცემა ფიტოსანიტარიული ან ვეტერინარული სერტიფიკატი, ან შესაბამისი დოკუმენტი, რაც აუცილებელია ასეთი სახის საქონლის უცხო ქვეყანაში ექსპორტისთვის.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მეწარმეებს შეეძლებათ შესაბამისი სერვისისა და აღნიშნული სერტიფიკატის მოპოვება მომსახურების ერთიან ცენტრში. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმების უნაკლოდ ფუნქციონირებას.

შესაბამისად, პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე და საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისას, საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტებს უნდა მიეცეთ ადგილზე შესაბამისი ინსპექტირების განხორციელების საშუალება, რათა  დაადასტურონ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში პროდუქტის წარმოშობის/წარმოების ფაქტი.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედ საწარმოებს, რომლებსაც ექნებათ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის წევრ ან სხვა სახელმწიფოებში ექსპორტის სურვილი, ამ ინიციატივის ფარგლებში, შესაძლებელია, დახმარება გაეწიოთ ევროსტანდარტების დანერგვასა და პროდუქციის მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. შეიქმნება პირობები, რომ კერძო ლაბორატორიების ხელშეწყობით საწარმოებმა უზრუნველყონ პროდუქციისთვის შესაბამისი სერტიფიკატის მიღება.

საქონლის მიწოდება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდანსაქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

 აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირები შეძლებენ, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შემოიტანონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თანმხლები დოკუმენტების (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილ დოკუმენტში მითითებული მონაცემი) და, შემოწმების საჭიროების შემთხვევაში, საქონლის დათვალიერების საფუძველზე. პროდუქციას, ასევე, თან უნდა ახლდეს/უნდა ჰქონდეს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა და, საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დოკუმენტები (რომლებიც გამოიწერება საქართველოს საგადახადო ორგანოს მიერ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მუშავდება ელექტრონულად).

შეგახსენებთ, სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის  შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაც, და ის სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

პირველი – გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მე-2 – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

მე-3-ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: commersant.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.