წელს ტურიზმიდან 3.3 მლრდ. დოლარის ნაცვლად მაქსიმუმ 1.2 მლრდ. დოლარს მივიღებთ – Galt & Taggart

COVID-19-ის შედეგად 2020 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 58%-ით შემცირდება, რაც ინდუსტრიისთვის რეკორდული ვარდნაა. რაც შეეხება საქართველოს, მწვანე ზონების ქვეყნების წილი ჯამურ ვიზიტორებში მხოლოდ 6%-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია Galt&Taggart-ის ახალ კვლევაში „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“ არის მოცემული.

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ 2020 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 58%-დან 78%-მდე, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 62%-დან 79%-მდე შემცირდება. გარდა ამისა, ანალიტიკოსის თქმით, კრიზისის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას, რადგან სასტუმროებსა და რესტორნებზე გაცემული სესხების ნაშთი 1.7 მლრდ ლარს შეადგენს.

„Galt & Taggart-მა ეს კვლევა „ტურისტული ბუშტების“ პრაქტიკის მიხედვით გააკეთა, თუ რამდენად შეიძლება რომ მსგავსი მეთოდი საქართველოს მაგალითზე გამოსადეგი იყოს. „ტურისტული ბუშტები“ გულისხმობს, როცა მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ქვეყნები საზღვრებს ერთმანეთთან ეტაპობრივად ხსნიან. პირველ ეტაპზე, საქართველოს „ტურისტულ ბუშტში“ ქვეყანათა მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდება, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა მხოლოდ 6%-ს შეადგენს. მიმდინარეობს საუბარი, რომ ივლისიდან   ტურისტებისთვის საზღვრები გაიხსნება, მაგრამ თეორიულად ვინ და რამდენი შეიძლება რომ ამ ჩვენს „ტურისტულ ბუშტში“ მოხვდეს ჯერჯერობით უცნობია. საბაზისო სცენარით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში წლიურად 65%-ით შემცირდება და დაახლოებით იგივე დონის შემოსავლების კლებაა მოსალოდნელი ანუ 3.3. მლრდ. დოლარის ნაცვლად წელს ტურიზმიდან 1.2 მლრდ. დოლარს ველოდებით.  სხვადასხვა სცენარებია, თუმცა დიდი განსხვავება მათ შორის არ არის და ყველა მოვლენების შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა საბაზისო სცენარით 55%-დან 77%-მდე შემცირდება, რაც სექტორისთვის 50%-დან 76%-მდე დანაკარგია.

2021 წელს გაჯანსაღების ტემპი Covid-19-ის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, თუ ეს გადაიჭრა ტურიზმი ძალიან მალე აღიდგენს ძველ მდგომარეობას, რადგან საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია, ეს ჩანს google analytics-დან გაკეთებული ანალიზის საფუძველზეც, რადგან ფრენების მოძიების ინდექსები მაისიდან ზრდას იწყებს“, – განმარტავს კახა სამყურაშვილი.

კახა სამყურაშვილი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ტურისტულ რეგიონში კრიზისის ეფექტი უფრო მწვავე იქნება, რადგან მეტადაა დამოკიდებული უცხოელ ტურისტებზე განსაკუთრებით თბილისი. გარდა ამისა, შიდა ტურისტები მოგზაურობისას სასტუმროში დარჩენას ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას.

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმი, მაგრამ საქართველოში ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში მხოლოდ 26%-ია. შიდა ტურიზმს დაეხმარება ის ფაქტი, რომ ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება, თუმცა ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მაინც მიადგება. რაც შეეხება სექტორის დასახმარებლად გამოყოფილ თანხებს, 200 მილიონი ლარის სახსრებია გამოყოფილი, რადგან ასეთი კრიზისის წინაშე სექტორი ჯერ არ ყოფილა. ჩვენი შეფასებით, ეს მხარდაჭერა არასაკმარისია კრიზისის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გათვალისწინებით. სექტორისთვის ყველაზე პრობლემატური საბანკო ვალდებულებების მომსახურებაა. ჩვენი შეფასებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას. მთავრობის მიერ ტურიზმის მხარდაჭერის პაკეტის ღონისძიებები სხვა ქვეყნების მსგავსია, თუმცა ერთი გამონაკლისია – საქართველოში არ მომხდარა შიდა ტურიზმის სტიმულირება“, – განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

ნინო თამაზაშვილი

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.