წლის ბოლოს საგარეო ვალი სახიფათო ნიშნულს საგრძნობლად მიუახლოვდება

მისი მომსახურება, ეკონომიკასთან ერთად, პრობლემებს ლარის კურსსაც შეუქმნის

საქართველო საგარეო  ვალების სიდიდით, შესაძლოა, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს. იმის გამო, რომ წელს მშპს-ს კლებაა მოსალოდნელი, ხოლო ვალის მოცულობა მატულობს,  თანდათან სახიფათო ნიშნულს ვუახლოვდებით. საფრთხე განსაკუთრებით დიდია ჩვენნარი, განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც ვალის მომსახურება ეროვნულ ვალუტას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. უახლოეს წლებში ვალის გასტუმრებას ასეულობით მილიონი ლარი დასჭირდება, რაც ლარს და ქვეყნის ეკონომიკას არასახარბიელო პერსპექტივას უქმნის.

ოფიციალური  სტატისტიკით,  საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18.6 მლრდ აშშ დოლარი, ანუ  53.4 მლრდ ლარი  შეადგინა.  ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ფქირობს, რომ უახლოეს წლებში ქვეყანა საგარეო ვალით მშპ-ს 60%-იან ზღვარს მიუახლოვდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვალის ეფექტურად გამოყენება და გასტუმრება ჩავარდნების გარეშე, რაც ეკონომიკისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.

,,ეპიდემიის გამო ქვეყანაში მილიარდობით მატულობს საგარეო ვალის მოცულობა და ცხადია, კრიტიკულ ზღვარს თანდათან ვუახლოვდებით.  მთავარია, შევძლებთ თუ არა ამ სესხების ეფექტიანად გამოყენებას, რაც  ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევაა.  ვალის გასტუმრებისას, როგორც წესი, დოლარის კონვერტაცია ხდება  ლარში, ეს კი დიდი წნეხია ეროვნულ ვალუტაზე. 

ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, რა მექანიზმით შეიყვან ეკონომიკაში ფულს. დღეს მოქმედებს ასეთი სქემა – აძლევენ სებ-ს ამ ფულს, რომელიც მერე ე.წ. რეფინანსირებულ სესხებს სთავაზობს კომერციულ ბანკებს. ამაზე ცუდის მოფიქრება ძალიან ძნელია, რადგან რეფინანსირებული სესხები არის მოკლევადიანი და არ შეიძლება ის იქნას გამოყენებული გრძელვადიანი მიზნებისთვის.  ახლაც ისე მოხდა, რომ უზარმაზარი რეფინანსირების სესხი მისცეს ბანკებს, რის საფუძველზე ისინი შემდეგში გრძევადიან კრედიტებს გასცემენ. აუცილებელია რაიმე უფრო ქმედითი სქემის მოფიქრება“, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” სიმონიშვილმა და დასძინა, რომ საგარეო ვალების გაზრდით , ძირითადად, საბანკო სექტორი და სესხის გამცემი ორგანიზაციები რჩებიან მოგებული.

განსხვავებული მოსაზრებისაა სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ 60%-იან ზღვარისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ამ ეტაპზე ვალი გვეხმარება რომ სწრაფად გადავწყვიტოთ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, თუმცა მეორე მხრივ, პროცენტის სახითაც დიდი თანხის გადახდა გვიწევს, რაც საკმაოდ დიდი ტვირთია ბიუჯეტისთვის.

,,საგარეო ვალი დროში გაწელილია და მისი გადახდის ხანგძლივობა საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს. მშპ-ს 60%-იან მაჩვენებელზე  ჯერ ნამდვილად ვერ გავალთ.  ამ მხრივ არც მომავალ  წელს გვექნება.  ეკონომიკა გამოვა რეცესიიდან და ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, რომ  აღებული ვალების გასტუმრება დროულად მოხდეს,  გრაფიკით გათვალისწინებულ  ვადებში. 

დღესდღეობით ვალები გვეხმარება, რომ სწრაფად გადავწყვიტოთ სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. როცა ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით დაფაროს ხარჯი, მიმართავს სესხს ქვეყნის შიგნით ან გარეთ, მაგრამ ნებისმიერი ვალი ექვემდებარება გადახდას, პროცენტის სახითაც დიდი თანხის დაფარვა გვიწევს. ყოველწლიურად 120-130 მლნ ლარამდე პროცენტის მომსახურებას ხმარდება, ხოლო თავნის გადახდის პორცია 1,5-ჯერ მეტია. 

ბევრ ქვეყანას ვალის მშპ-სთან შეფარდების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვს, ამერიკას 100%-ზე მეტი, ხოლო საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ეს ნიშნული მშპ-ს 200%-ზე მეტია, თუმცა მეორე მხრივ, ეს არის ეკონომიკური პარამეტრი, რაც  ქვეყნის ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” სოსო არჩვაძემ.

ფინანსისტ პაატა ბაირახტარის შეფასებით,  საგარეო ვალისთვის ყველაზე მეტი რისკი მიზნობრიობაა. პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როცა ეს ფული ვერ ქმნის დამატებით  ღირებულებას  ეკონომიკაში. რაც შეეხება სესხის ზღვარს, ფინანსისტის  აზრით, ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხე ჯერჯერობით არ იკვეთება.

,,მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალის მოცულობა მატულობს, ჩვენი ოდენობის ვალი კატასტროფად ჯერ კიდევ არ ითვლება, თუკი ეკონომიკა გაქვს ჯანსაღი და სესხად აღებული თანხის სწორად დაბანდება ხდება.  მნიშვნელოვანია,  რა მიმართულებას ვაძლევთ ამ ყველაფერს. ცალსახად ცუდია, თუკი ამ ფულს  ეკონომიკაში ვერ გავუშვებთ და დამატებით ღირებულებას ვერ შევქმნით. ამიტომ მთავარია მიზნობრიობა და არა ის, რამდენს  ვიღებთ  და როგორ.  თუკი რისკებზე ვსაუბრობთ, ეს განსაკუთრებით ლარის გაცვლით კურსს ეხება, რადგან  ვალს  ვიღებთ უცხოურ ვალუტაში და ვისტუმრებთ ლარში, რაც სავალუტო წნეხს საგრძნობლად ზრდის“, – განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ პაატა ბაირახტარმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.