ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნან პირობები დიალოგის განახლებისთვის, რომ აღდგეს ხალხის ნდობა – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მესტერჰაზი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნატოს წევრი და საქართველოს მხარს უჭერს ამ გზაზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო დიალოგისა და აქტიური თანამშრომლობის მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნატო დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზე.

“ამ პრინციპების დაცვა, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, ნატოში გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილია. საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის შესაძლებლობაა აჩვენოს, რომ ის ამ ღირებულებების ერთგული რჩება. ვწუხვარ, რომ არ შესრულდა დაპირება 2020 წელს გამართულიყო სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ის ასევე შეეხო გიგი უგულავას დაკავების ფაქტს და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კითხვებსა და შეშფოთებას იწვევს.

“ვშიშობ, რომ ის გარემოებები, რომელიც თან ახლდა გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რისკის ქვეშ აყენებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნან პირობები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის განახლებისთვის, რომ აღდგეს ხალხის ნდობა და უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, – დასძინა მან.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.