ხელფასის შემცირება ან თანამშრომელთა ქუჩაში გაშვება – სამინისტროსა და კლინიკების დავა პიკს აღწევს

ორივე მხარე ერთმანეთს სიცრუეში ადანაშაულებს და შეთანხმება უკვე შეუძლებელი ხდება

ჯანდაცვის სისტემა 520-ე დადგენილების შედეგებს ვერ უმკლავდება. კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს კალკულაციამ, მათი ხელფასები 35%-ით შეამცირა. ასევე, ხდება კადრების ოპტიმიზაციაც. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. 

„საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის „თბილისის გულის ცენტრის“ წარმომადგენლის, ექიმ არჩილ ჩუხრუკიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადაგზავნილ განფასებაში ხელფასები 35%-ით არის შემცირებული. გარდა ამისა, ბევრი პრობლემა ექმნებათ პაციენტებს, რომლებიც ვეღარ იღებენ ზოგიერთ მომსახურებას.

„520-ე დადგენილებიდან 2 თვე გავიდა, ჩვენ ვმუშაობდით და ვცდილობდით შეთანხმებას სამინისტროსთან, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არის მიღწეული. ჩვენ ვაფრთხილებდით სამინისტროს, რომ ამ ფასების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა რიგი მომსახურების შეთავაზება პაციენტებისთვის, მაგრამ ამ საკითხების მოგვარება დღემდე არ ხდება. 

520-ე დადგენილების პირველი ეფექტი ის არის, რომ ოპერაციები ფიზიკურად ვერ ტარდება, მაგალითად, ბიოლოგიური სარქველის იმპლანტაცია და ა.შ. ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ პაციენტებს, ასევე მედპერსონალისთვის შემცირდა სახელფასო ფონდი და თანამშრომელთა ნაწილი ადმინისტრაციული კუთხით დაითხოვეს საავადმყოფოდან. თუ ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროს კალკულაციებს, დარწმუნდებით, რომ თავადვე აქვთ სახელფასო ფონდი შემცირებული 35%-ით“, – განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  კი საპასუხოდ ამბობს, რომ კლინიკების მიერ გაცხადებული ფაქტი, რომ მათ ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების შემცირება, არის სიცრუე. 

„520-ე დადგენილების ფარგლებში კლინიკებისთვის ანაზღაურების ვალდებულება სამინისტროს დაუდგება მაისში, შესაბამისად, მათ მიერ გაცხადებული ამბავი, თითქოს ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების შემცირება, არის სიცრუე. გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში და 520-ე დადგენილების ფარგლებშიც ტარიფების გაანგარიშებისას არ ყოფილა ცვლილება შეტანილი სახელფასო ანაზღაურების კუთხით და კლინიკებს ხელფასების შემცირების საფუძველი არ აქვთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დადგენილება გასული წლის ბოლოდან აქტუალურია არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კლინიკებს შორის ურთიერთობისას, არამედ ის, საზოგადოებაშიც განხილვის თემად იქცა.  გუშინ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ლევან კობერიძის განცხადებით, ექიმებისა და კლინიკებისგან მიღებული ინფორმაციით, დადგენილებამ რეალურად მხოლოდ გააუარესა მდგომარეობა. 

„სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არარეალურია. ამიტომაც, პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის მკურნალობას. ეს არის რეალობა. სამინისტროს ინფორმაცია, რომ თითქოს ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, აღმოჩნდა ტყუილი, რადგან 10 იანვრის შემდეგ იმ დაანონსებულ საბჭოებში, რომელთანაც სამუშაო შეხვედრები უნდა გამართულიყო, მსგავსი არაფერი გამართულა. ყველა ინფორმაცია, რაც სამინისტრომ კლინიკებისგან და ექიმებისგან მოითხოვა, მიწოდებულია შარშან, წლის ბოლოს, მაგრამ სამინისტრო რატომღაც ვერ ან არ ახერხებს ამ ინფორმაციის გადამუშავებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. სხვათა შორის, სამინისტრომ უკვე თავად აღიარა რიგი შეცდომები დადგენილებაში. 

დღის წესრიგში მთავარი თემა ჯერჯერობით არის მხოლოდ სამედიცინო დარგები, თუმცა იგივე პრობლემები ცოტა ხანში, სავარაუდოდ, შეეხება სხვა მიმართულებებსაც, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ მზადდება დადგენილებები სხვა დისციპლინებთან დაკავშირებითაც“, – განუცხადა “რეზონანსს” კობერიძემ. 

დადგენილებას რომ წინასწარი დაგეგმვისა და ანალიზის გარეშე მიიღეს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმაც კარგად იციან. სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ტარიფიკაციის წინააღდეგი არავინაა, თუმცა 520-ე დადგენილებით მიღებული ხარჯთაღრიცხვა უსამართლო და არაადეკვატურია, რამაც საბოლოოდ კლინიკებს პერსონალის ან ხელფასის შემცირების გადაწყვეტილება მიაღებინა. 

“ეს დადგენილება თავიდანვე პრობლემური აღმოჩანდა. მან გამოიწვია რეალური პრობლემები სისტემაში, რადგან არასწორად დაითვლეს და კალკულაციაც არასწორად გაკეთდა. ერთადერთი მიზანი, რომელიც სამინისტროს ამოძრავებს, ეს არის ხარჯების შეკვეცა. გასაგებია, რომ 300- მილიონიანი დავალიანების პირობებში როგორცღაც ხარჯის შემცირებას ცდილობენ, თუმცა ამისათვის აბსოლუტურად არასწორი გზა აირჩიეს. 

ტარიფიკაციის წინააღმდეგი არა მგონია ვინმე იყოს, მაგრამ ასეთი დათვლა დღეს უსამართლოა. ტარიფები არის იმაზე ნაკლები რიგ შემთვევებში, ვიდრე თავად მომსახურეობის თვითღირებულება. ამან კი გამოიწვია ის, რომ კლინიკები იძულებულნი არიან შეამცირონ პერსონალი. ეს უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს პროცესი. 

მცირდება ანაზღაურება ან ათავისუფლებენ თანამშრომლებს, შესაბამისად, ეს აისახება პაციენტებზე და სამედიცინო მომსახურეობის ხარისხზე. საბოლოოდ,  შეიძლება ზოგიერთი მომსახურების გაწევა გახდეს პრობლური”, – აღნიშნა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.

თამარ მუკბანიანი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.