ხმალაძე „ოცნების“ ლიდერებს უპირისპირდება: „არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებასთან არ არსებობს“

„გერმანული მოდელი რასაც გვთავაზობს, ეს ერთჯერადად გამოსაყენებელი მოდელია და მისი გამოყენება სწორედ 2020 წლის არჩევნების დროს უნდა მოხდეს და არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებასთან არ არსებობს,” – აცხადებს „რეზონანსთან” კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკისა და ექს-სპიკერის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, რომელთა შეფასებითაც, ე.წ. გერმანული მოდელი „იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს არის”.

ვახტანგ ხმალაძი ვოლსკის უპირისპირდება და ამბობს, რომ სრულიად რეალურია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ გერმანული მოდელით ჩატარდეს, რის შედეგადაც მანდატების რაოდენობა უფრო სამართლიანად გადანაწილდება.

„გერმანიაში პარლამენტის წევრთა რაოდენობა ეს არ არის ფიქსირებული რიცხვი და იქ განსაზღვრულია ბუნდესტაკის წევრთა მხოლოდ მინიმალური რაოდენობა. არჩევნების შედეგების მიხედვით, ეს რაოდენობა შეიძლება ოდნავ გაიზარდოს. ასეთია „გერმანული მოდელის” გამოყენების სქემა.

„ჩვენთან ფიქსირებულია პარლამენტის წევრთა რაოდენობა – ეს არის 1 50 და ამაზე მეტი ვერ იქნება. ამიტომაც, მცირე მოდიფიკაცია გაკეთდა გერმანული სისტემის, რაც სრულად შეესაბამება კონსტიტუციის გარდამავალი დებულებით დადგენილ ნორმას.

„გერმანული მოდელი რასაც გვთავაზობს, ეს არის ერთჯერადად გამოსაყენებელი მოდელი და მისი გამოყენება უნდა მოხდეს სწორედ 2020 წლის არჩევნების დროს და არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებასთან არ არის, რადგან კონსიტუტიციის ეს დებულება აწესებს რამდენიმე რამეს, კერძოდ ამბობს, რომ მაჟორიტურული წესით 73 წევრი აირჩევა, პროპორციული წესით – 77, ამ მოდელშიც ზუსტად იგივეა გამეორებული. კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა ამბობს, რომ საარჩევნო ზღურბლი არის 3%, ამ მოდელითაც – 3%. კონსისტუცია ასევე ამბობს, რომ პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონდებლობით.

„თავად კონსტიტუცია არ ადგენს როგორ გადანაწილდება მანდატები, საუბარია სწორედ პროპორციული წესით გასანაწილებელ მანდატებზე, რადგან მაჟორიტარულით ისედაც ცხადია როგორც ხდება – თითო ოლქში თითო წევრია და ამ ნაწილში არანაირი ცვლილება არ შედის. პროპორციულობის პრინციპი გაცილებით მეტად არის დაცული გერმანულ მოდელში, ვიდრე ამჟამად მოქმედ მოდელში. ამასთან, განაწილების წესი გაცილებით სამართლიანია გერმანულ მოდელში, ვიდრე ამჟამად მოქმედ მოდელში,” – აღნიშნა ხმალაძემ.

ცნობისათვის, ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში სრული კონსენსუსია.

რაც შეეხება, დღეს არსებულ სიტუაციაში, თუ რა რეალური მექანიზმებით შეიძლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, კონსიტუციონალისტი ერთადერთ გამოსავალზე საუბრობს:

„ვადამდელი არჩევნები ინიშნება შემდეგ შემთხვევებში; თუ ახლადარჩეული პარლამენტი ვერ შეძლებს მთავრობის შექმნა, რა ვითარებაც ამჟამად არ გვაქვს, რადგან პარლამენტი მოქმედია. ჩვენ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, ამას პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს, თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, რასაც 76 ხმა სჭირდება, ნიშნავს რომ, მთავრობას უნდობლობა გამოეცხადა.

„ამის შემდეგ პარლამენტმა უნდა შექმნას ახალი მთავრობა 7 დღის ვადაში. თუ ეს ახალი მთავრობა ვერ/არ შექმნა, პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ერთადერთი სქემა, რა შემთხვევაშიც შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები,” – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.