ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ექსპორტზე გავა

„დიდგორი მეომარი“

„დიდგორი მეომარი“

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით, ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“, 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულით, ექსპორტზე გავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების 120 მმ ნაღმტყორცნის მოდულით აღჭურვილი ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომრის“ პირველი პარტია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება.

„თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, 2018 წელს სსსტც „დელტას“ სპეციალისტების მიერ ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპი დამზადდა, რომლის პირველი საჯარო ჩვენება საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019-ზე გაიმართა.

120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომრის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში.

პოტენციური შემკვეთის სურვილის მიხედვით საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით“, – განმარტავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.