ჯიგრული კორუფცია ახლო ხედვით – როგორ იგებენ ტენდერებს ქართული ოცნების შემწირველი კომპანიები

შესაძლო კორუფციული გარიგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი “ფორმულამ” მოიპოვა. კერძოდ, კომპანია “ილი ჯგუფი” ერთ-ერთია, რომელიც უპოვართა სასადილობს საკვებით წლებია ამარაგებს. თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია “ქართული ოცნების” შემწირველი გახდა და ჯამურად 215 ათასი შესწირა, ის მსხვილ – მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. 

“ლეიბორისტული პარტიის” მტკიცებით, კომპანია “ილი ჯგუფს” მერიაში მფარველობენ. კომპანიის მიმართ კითხვები აქვს “ახალი საქართველოს” წევრ თეონა ჭალიძესაც, რომელიც უკვე მესამე წელია პროკურატურისგან პასუხს უშედეგოდ ელოდება. ის “ილი ჯგუფს” ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვასა და უფასო სასადილოების არასაკმარისი საკვებით მომარაგებაში ადანაშაულებს. 

“გაბედეს” ინფორმაციით კი, ილი ჯგუფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონკრეტულად კი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობს. აქტივისტი ამბობს, რომ ისინი ბავშვობის მეგობრები არიან. კომპანიის დირექტორი იაშა ჩაჩუა გრიგოლ ლილუაშვილის საარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული. 

ცნობილია, რომ იაშა ჩაჩუა კვების ბაზარზე სამი კომპანიით ოპერირებს. შპს „ილი ჯგუფი“, შპს „ლუკა 2005“ და შპს „ტრანსფორმერი“ – სამივე კომპანიის მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს, 2018 წლის 14 დეკემბერს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 215 ათასი ლარი შესწირეს.  

თავად იაშა ჩაჩუა მის სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ პასუხობს. კორუფციის ბრალდებებს უარყოფს თბილისი მერი კახა კალაძეც. 

იაშა ჩაჩუა არ არის ერთადერთი, მას სავარაუდო კორუფციული სქემების მხოლოდ ერთ-ერთ რგოლად მოიაზრებენ. პრობლემის მასშტაბურობა საგანგებო მდგომარეობის დროს გაფორმებულმა პირდაპირმა ხელშეკრულებებმაც გამოკვეთა. კორუფციის ეჭვებს აჩენს ყვარლის ედემთან დადებული  სახელმწიფო კონტრაქტი. რამდენიმე დღით ადრე სასტუმროს მფლობელებმა “ქართულ ოცნებას”, ჯამში,  65 000 ლარი შეწირეს.

სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. პირველი ვერსიით, ბიზნესის ნაწილი მმართველი გუნდის ანგარიშზე მსხვილ თანხას რიცხავს, შედეგად მილიონიან ტენდერებს უპრობლემოდ იგებს, მეორე ვერსიით, კომპანია ჯერ ტენდერს იგებს, შემდეგ კი მოგებული თანხის ნაწილს შემოწირულების ფორმით უკან უბრუნებს. არსებობს მესამე გზაც: „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან და მის ოჯახებთან დაკავშირებული კომპანიები. მათ შორის სახელდება ზაქარია ქუცნაშვილი, იოსებ მაკრახიძე, თამაზ ნავერიანი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.