ჰაბლის ტელესკოპი 28-ე იუბილეს ახალი თვალწარმტაცი ფოტოთი აღნიშნავს (ფოტო)

სახელგანთქმულ ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს 28 წელი შეუსრულა. ჰაბლი კოსმოსში 1990 წლის 24 აპრილს, კოსმოსურ შატლ Discovery-ით გაუშვეს. ერთი დღის შემდეგ, ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე გავიდა. მთელი ამ დროის მანძილზე, კოსმოსურმა ტელესკოპმა 163 500-ჯერ გარსშემოუარა პლანეტას.

ამ დღის აღსანიშნავად, პროექტის ავტორები, NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ყოველი წლის აპრილში ჰაბლის მიერ გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებენ.

წელს ჩვენ წინაშე წარსდგა ახლახან გადაღებული კიდევ ერთ მომაჯადოებელი ხედი — ლაგუნას ნისლეულის ფოტო. ლაგუნას ნისლეული ვარსკვლავთწარმომქმნელი კვანძია, რომლის სიგანე 55 სინათლის წელია, სიგრძე კი 20 სინათლის წელი.

„მიუხედავად იმისა, რომ ის დედამიწიდან 4000 სინათლის წლითაა დაშორებული, ჩვენს ცაზე სამჯერ უფრო დიდ ადგილს იკავებს, ვიდრე სავსე მთვარე. მოწმენდილ, ბნელ ღამეში ის შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. გამომდინარე იქიდან, რომ ღამის ცაზე ის უზარმაზარ ადგილს იკავებს, ჰაბლს გიგანტური ნისლეულის მხოლოდ მცირე ფრაგმენტების გადაღება შეუძლია“, — წერენ NASA და ESA.

სააგენტოები ფოტოს ორ ვერსიას აქვეყნებენ — ხილულსა და ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებულ ვარიანტებს.

ხილული სინათლის ფოტო ჰაბლმა თებერვლის დასაწყისში გადაიღო; ასახულია ნისლეულის ცენტრალური ნაწილი, რომელიც 4 სინათლის წელზეა გადაჭიმული. ფოტოზე არ ჩანს მტვრისა და სიბნელისგან შემდგარი ლაგუნას მსგავსი აუზი, რომლის გამოც ეწოდა ნისლეულს ეს სახელი.

კოსმოსში ყოფნის 28 წლის განმავლობაში, ჰაბლი მთელი ინსტიტუცია გახდა, რომელიც საზოგადოებას გამუდმებით ანებივრებს კოსმოსის თვალწარმტაცი ხედებით და ახორციელებს დაკვირვებებს, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალა ასტრონომთა ხედვა სამყაროსა და მის ისტორიასთან მიმართებაში.

მაგალითად, 1998 წელს, აფეთქებულ ვარსკვლავებზე, ანუ სუპერნოვებზე ჰაბლის მიერ ჩატარებულმა დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ სამყარო მზარდი მაჩვენებლით ფართოვდება. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, არის ჯერჯერობით უხილავი და იდუმალებით მოცული ძალა, რომელსაც „ბნელ ენერგიას“ უწოდებენ. ამ გასაოცარი აღმოჩენის გამო, სამმა მკვლევარმა 2011 წელს ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში.

თუმცა, ჰაბლის ისტორია არც ისე მარტივია და სავსეა მრავალი წინაღობით. გაშვების შემდეგ გაირკვა, რომ ტელესკოპის ძირითად სარკეს ჰქონდა დეფექტი, რაც ფოტოებს ოდნავ ბუნდოვანს ხდიდა. 1993 წელს, ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ტელესკოპთან ასტრონავტები ავიდნენ. ამის შემდეგ, ასტრონავტებმა ტელესკოპს კიდევ ოთხი შეკეთება-განახლება ჩაუტარეს. ბოლო შეკეთება 2009 წელს ჩატარდა.

ტელესკოპი დღემდე მუშაობს და შესანიშნავ ფორმაშია. მისიის ხელმძღვანელთა განცხადებით, ჰაბლი მუშაობას 2020-იან წლებშიც გააგრძელებს. თუმცა, სულ მალე მას ჩაანაცვლებს 8,8$ მილიარდად ღირებული მემკვიდრე — კაცობრიობის მიერ ამ დრომდე შექმნილი უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპი ჯეიმს ვები, რომელსაც NASA 2020 წლის მაისში გაუშვებს.

მომზადებულია nasa.gov-ისა და space.com-ის მიხდვით

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.