15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 13-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია, თუმცა შეცვლას უფრო ემხრობა. 2-ის – საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან.

ხსენებული პრევენციული ზომით პანდემიის კრიზისს ზოგიერთმა ეკლესიამ პროაქტიურად უპასუხა, ზოგიერთმა კი გადაწყვეტილება სახელმწიფოს აკრძალვის შემდეგ მიიღო. ორმა ეკლესიამ – უკრაინამ და რუსეთის საპატრიარქომ, სანამ მორწმუნეებს ტაძარში მისვლისგან თავიშეკავებისკენ მოუწოდებდნენ, ზიარების წესიც შეცვალეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამართლმადიდებლოს უმცირესობაშია. 

მსოფლიო საპატრიარქო

“შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელების შესაბამისად. საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები”, – ნათქვამია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებაში.

ალექსანდრიის საპატრიარქო

“მოგიწოდებთ შეასრულოთ იმ სახელმწიფოთა ბრძანებები და გადაწყვეტილებები, რომლებშიც მსახურებთ, იმისთვის რომ წმიდა ეკლესია არ იქცეს დამაბრკოლებლად, არამედ სოციალური სოლიდარობისა და სიყვარულის მაგალითად”, – მისწერა მრევლს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდოროს მეორემ.

ანტიოქიის საპატრიარქო

ეკლესიებში სასულიერო პირთა აღსრულებულ ღვთისმსახურებას, მხოლოდ ტაძრის მსახურები და გუნდი უნდა ესწრებოდნენ – ერისკაცებისთვის წირვაზე დასწრება აკრძალულია. ეკლესიამ რეკომენდაცია გასცა ლიტურგიის კომუნიკაციათა სხვადასხვა საშუალებებით ტრანსლაციის შესახებ.

იერუსალიმის საპატრიარქო

იერუსალიმის სხვა ეკლესიების ლიდერებთან ერთად გამოქვეყნებულ კომუნიკეში, პატრიარქმა თეოფილემ მრევლს მოუწოდა დამორჩილებოდნენ მთავრობის ინსტრუქციებს. ისარაელში რელიგიური ღვთისმსახურებები ან შეჩერებულია, ან მიმდინარეობს ლიმიტირებულად. 

მოსკოვის საპატრიარქო

სანამ პატრიარქი კირილი მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება ყოველი ზიარების შემდეგ კოვზი სპირტით გაეწმინდა. მოგვიანებით, ეკლესიამ მრევლს სალხში დარჩენისკენ მოუწოდა.

სერბეთის საპატრიარქო

სერბეთის საპატრიარქომ, რომლის ერთი მღვდელმთავარიც კორონავირუსმა იმსხვერპლა, ღვთისმსახურებები მორწმუნეთათვის არ დახურა და არც ზიარების წესი შეცვალა. მიუხედავად ამისა, ეპისკოპოს მილუტინის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც წესი ერისკაცთა გარეშე აუგეს, სერბეთის ეკლესიამ გამოაქვეყნა ბუნდოვანი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში წერია, რომ წირვა უნდა აღსრულდეს მღვდლის, მგალობელთა და ტაძრის მსახურთა თანდასწრებით, მაგრამ იმავდროულად არის მოწოდება, 65 წელზე ზევით ადამიანების სახლში დარჩენის შესახებ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მრევლისთვის წირვაზე სიარული დასაშვებია.

რუმინეთის საპატრიარქო

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციით, გადაწყვიტა, ღვთისმსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს. ამასთან, ეკლესიამ მრევლისთვის ღვთისმსახურებათა ტრანსლაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ბულგარეთის საპატრიარქო

“წმინდა სინოდი აკურთხებს და მხარს უჭერს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაწესებულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მოუწოდებს მორწმუნეებს, ილოცონ სახლებში”, – ნათქვამია ბულგარეთის ეკლესიის განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო

საგანგებო სიტუაციისა და კარანტინის შემოღების შემდეგ, ეკლესიამ არ აკრძალა ერისკაცთა დასწრება საღვთო ლიტურგიაზე და არ შეცვალა ზიარების წესი. საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ საეროების დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს. ქვეყანაში სამ კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია.

კვიპროსის ეკლესია

კვიპროსის ეკლესიამ თავდაპირველად ღვთისმსახურებაზე 10 კაცზე მეტის დასწრება აკრძალა. მოგვიანებით ეკლესიამ მოუწოდა მრევლს თავი შეიკავოს ყველა სახის ღვთისმსახურებაზე დასწრებისგან. 

საბერძნეთის ეკლესია

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა თავდაპირველად მიიღო გადაწყვეტილება საკვირაო ლიტურგიის გარდა, ყველა სახის ღვთისმსახურება შეეჩერებინა და არ შეეცვალა ზიარების წესი. რადგან საკვირაო ღვთისმსახურება არ შეიცვალა, საბერძნეთის ხელისუფლებამ ყველა სახის რელიგიური მსახურება აკრძალა. ეკლესიას მოუწია სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა. მოგვიანებით, ეკლესიამ ითხოვა სახელმწიფოს გაეღო ტაძრის კარები, ერისკაცთა გარეშე ღვთისმსახურების აღსასრულებლად.

პოლონეთის ეკლესია

პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, ლიტურგიები არ დახურა და ზიარების წესი არ შეცვალა.

ალბანეთის ეკლესია

ალბანეთის ეკლესიების გადაწყვეტილებებით, საკვირაოს გარდა, ყველა ლიტურგია შეჩერებულია. კვირას წირვა ტარდება მრევლის გარეშე.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიწების ეკლესია

ეკლესიის გადაწყვეტილებით შეჩერებულია ყველა სახის ღვთისმსახურება “ფართო საზოგადოების” თანდასწრებით.

უკრაინის ეკლესია

უკრაინის ეკლესიამ თავდაპირველად შეცვალა ერთი კოვზით ზიარების წესი – ის მორწმუნეებს ერთი კოვზის გარეშე აზიარებდა. მოგვიანებით, რაც კორონავირუსით ინფიცირებული მღვდლის შესახებ ცნობილი გახდა, რომელსაც 500-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ეკლესიამ ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებაზე დასწრება აკრძალა. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.