2 მილიონზე მეტი მმართველ პარტიას, პანდემიის დროს – შემომწირველებში რუსეთის ჯაშუშები ივანიშვილის სამსახურში?

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 17 თებერვლიდან 15 მაისამდე 2 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. 90 შემომწირველს შორის არიან ისეთები, ვინც მმართველი პარტიისთვის პირველად გაიღო ფულადი რესურსი, ისეთები, ვინც უკვე წლებია მას სოლიდურ თანხებს სწირავს და ისეთებიც, ვინც წლების წინ სხვა მმართველ პარტიას სწირავდა და ახლა „ქართულ ოცნებას“ სწირავს. შემომწირველები, როგორც წესი, სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები არიან, იკვეთება მათ შორის კავშირები და ასევე კავშირები სახელმწიფო ტენდერებთან, „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებულ პროექტებსა და სხვა სახელმწიფო პროგრამებთან. შემომწირველებს შორის არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული და პოლიტპატიმრების სტატუსით განთავისუფლებული ბიზნესმენები, ფონდ ქართუს თანამშრომლები, სპორტული კლუბების ხელმძღვანელები, ჰესების მშენებლები და ისეთებიც, ვინც ბიზნესრეესტრში საერთოდ არ იძებნება.

წლების მიხედვით შედარებისას ირკვევა, რომ „ქართულ ოცნებას“ არასაარჩევნო პერიოდშიც ჰყავს მსხვილი და ერთგული შემომწირველები. 2019 წლის იანვარ-მაისის დროს მიღებული შემოწირულებები და შემომწირველების რაოდენობა მსგავსია 2020 წლის იმავე პერიოდის – 2019 წელს 99 შემომწირველმა 2 710 500 ლარი შესწირა მმართველ პარტიას.

5 მაისს 50 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას ბაკურ კიღურაძემ, შპს უტას ხელმძღვანელმა, რომელიც 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, კიღურაძე „ინტერნეტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა არხების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის დაზვერვას გადასცემდა“. კიღურაძე მის დაკავებას ბიზნესსაქმიანობას, კერძოდ, შპს „ნიმა-ინვესტს“ უკავშირებდა. 2012 წელს მან ციხიდან წერილიც გამოაგზავნა, სადაც ვლადიმერ ბედუკაძეს „ღირსეულ პიროვნებას“, „ვაჟკაცს“ და „გმირს“ უწოდებდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კიღურაძე 2016 წელს შეჩერებული პროექტების გაგრძელებაზე საუბრობდა, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი მომდევნო წლებშიც.

50 000 ლარი შესწირა 2 აპრილს საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურის გამგეობის წევრმა, ლერი კაპანაძემ მმართველ პარტიას. ეს პარტიისთვის გადარიცხული მერვე თანხაა. პარტიის არსებობის განმავლობაში ლერი კაპანაძეს 250 000 ლარზე მეტი აქვს შეწირული და ის არ არის ერთადერთი ამ საფეხბურთო კლუბიდან, რომელიც სისტემატურად სწირავს ფულს „ქართულ ოცნებას“. შედარებით მოკრძალებული თანხა, მაგრამ 3-ჯერ გაკეთებული შემოწირულება აქვს კლუბის პრეზიდენტს, ნუგზარ დეკანოიძეს. მას 55 000 ლარი აქვს პარტიის სასარგებლოდ გაღებული.

radiotavisupleba.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.