2008 წლის ომის გმირი, ეპოქალური მნიშვნელობის ქართველი გენერალი, რომელზეც ჯარში დღემდე ლეგენდები დადის

აფხაზეთისა და 2008 წლის ომის გმირი, ქართული არტილერიის ლეგენდა. გენერალი, რომელზეც ჯარში დღესაც ბევრს ჰყვებიან – ეს დევი ჭანკოტაძეა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი. 

სამ ვარსკვლავიანი გენერალი, რომლის ერთი სიტყვით, 2008 წლის აგვისტოში, ქართული ქვეითი ჯარი მზად იყო თავი გაეწირა – სამშობლოსათვის. 

  • 2008 წელს, უმაღლეს მთავარსარდალთან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა სამმა მოქმედმა გენერალმა დაიცვა: დევი ჭანკოტაძემ, მამუკა ყურაშვილმა და ზაზა გოგავამ.

რუსული ინტერვენციისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სწორედ სამი გენერალი იყო. 

მაშინ ასე „ბითუმად“ არ არიგებდნენ გენერლობას, როგორც ახლა. გადამწყვეტი იყო გამოცდილება, თავდადება და არა – პოლიტიკური ლოიალობა.

თუმცა, ეს სხვა თემაა. ამჯერად კი მოგიყვებით გენერალ ჭანკოტაძეზე, რომლის გმირობაზე, წესით, თაობები უნდა გაიზარდოს…

გენერალი მამუკა ყურაშვილი: “დევი ჭანკოტაძე არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ეპოქალური მნიშვნელობის გენერალი. 

2008 წელს, მისი ერთი სიტყვის შემდეგ, ქვეითი ჯარი მზად იყო წასულიყო ომში – საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად.

2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართულ სახელმწიფოს იცავდნენ, რუსულმა რეგულარულმა ჯარმა ისეთი საარტილერიო დარტყმა მიიღო, რომელიც რუსეთის არმიას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მიუღია. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, რუსულ ჯარს არ დაუკარგავს არც კონტინენტთაშორისი ბომბდამშენი, სტრატეგიული ავიაციის საფრენი აპარატი…

  • რომ არა გენერალური შტაბისა და მისი უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას სტრატეგიული მოქმედება და ქართული ჯარის, არტილერიის ასეთი წინააღმდეგობა, დღეს, რუსთაველზე, რუსული დროშა იფრიალებდა.

2008 წელს, შეიარაღებული ძალების, ასევე გენერალ ჭანკოტაძის თავგანწირულმა ბრძოლამ და ქართულმა არტილერიამ (ქართული არტილერიის პატრიარქი არის გენერალი ემზარ ჭოჭუა), შესაძლებელი გახადა რომ სახელმწიფოს დაცვასთან ერთად, ომის დროს, ხეობაში ჩარჩენილი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაგვერჩინა. 

მაგალითად: მხოლოდ ხეობაში, ჩარჩენილი იყო 8,200 მშვიდობიანი მოქალაქე. 

ქართულ სახელმწიფოსთან ერთად, ყველა მათგანი გადარჩა, რაშიც შეიარაღებულ ძალებთან ერთად, გენერალ დევი ჭანკოტაძის დიდი წვლილია”.

რუსების მიერ პროვოცირებულ აფხაზეთის ომში, გუმისთასთან, გააფრთებული ბრძოლების დროს, დევი ჭანკოტაძის პროფესიონალიზმმა და თავგანწირვამ გადაარჩინა ქართველი მეომრებიც.

პირადი შემადგენლობა, რომლებმაც როგორც კი სამშობლოს დასჭირდა, მაშინვე წავიდნენ მის დასაცავად…

მათ შორის იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოლკის მეთაური, ცნობილი სამხედრო და აფხაზეთის ომის მონაწილე, ტარიელ აბუაშვილიც.

პოლკოვნიკი ტარიელ აბუაშვილი: “პირველი დღიდანვე, რაც კი შეიარაღებული ძალები შეიქმნა, ერთად ვართ. 

დევი ჭანკოტაძემ ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წელს… ყველგან თავისი კვალი დატოვა – გმირობის, თავგანწირვის. 

ქართული არტილერია, ფაქტობრივად, მისი შექმნილია.

მახსოვს, აფხაზეთის ომის დროს, გუმისთასთან, კონკრეტული ტერიტორია ავიღეთ და ისე მოხდა რომ უკან ვეღარ ვბრუნდებოდით. 

იქვე იდგა რუსული სამხედრო ნაწილიც. 

ბევრი მიცვალებული გვყავდა. ფაქტობრივად, განწირულები ვიყავით. თუმცა, დევიმ, რომელიც გუმისთის მეორე მხარეს იყო, თავისი არტილერიით ისეთი ცეცხლი გახსნა რომ გადავრჩით. 

საარტილერიო ცეცხლის შემდეგ, მოწინააღმდეგისგან, შედარებით ნაკლები წინააღმდეგობა შეგვხვდა და ჩვენც მოვახერხეთ გადმოსვლა. 

შეიძლება ითქვას რომ ქართველი ბიჭები, მაშინ, დევი ჭანკოტაძემ და მისმა არტილერიამ გადაარჩინა.

ვინ არის დევი ჭანკოტაძე? გენერალი, რომლითაც უნდა იამაყოს ჯარმა, თავდაცვის სამინისტრომ და საქართველომ… 

ის, ვინც, 2008 წელს, საქართველოს ღირსება დაიცვა” – ამბობს სოხუმის უკანასკნელი დამცველი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოლკის დამაარსებელი, ტარიელ აბუაშვილი.

  • მართლაც, გენერალმა ჭანკოტაძემ, 2008 წლის აგვისტოში, მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლის დროს (შეფარდება 1/5-ზე), საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, საქართველოში შემოჭრილი ოკუპანტი ჯარის ლამის მთელი სატანკო ბატალიონი გაანადგურა – 33 რუსული ტანკის ჩათვლით.

ამავე დროს, 2008 წლის აგვისტოში, ქართულმა არმიამ, ჯამში, 15-მდე რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო. სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის ჩათვლით. 

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ოფიციალურად ეღიარებინა რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდების ფაქტები. 

მათ შორის: სამი SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის, ერთი TU-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენისა და ორი SU-24M ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტიც.

თუმცა, თავად გენერალი ჭანკოტაძე, რომელზეც ყოველთვის ანთებული თვალებით ჰყვებიან, მოკრძალებული მოსაუბრეა. 

მაშინვე შეატყობთ რომ არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა, შეუძლია შეუჩერებლად ისაუბროს სამხედროებზე, რიგითებზე, პატროიტიზმზე… 

  • ამბობს რომ პილოტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსულ კონტინენტთაშორის ბომბდამშენს მართავდა, ჩამოგდების შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს, უმკურნალეს და მოუარეს, რადგან ომსაც თავისი წესები აქვს, რომელიც არ უნდა დაარღვიო… 
  • თუმცა, მტკიცებულებებით დგინდება რომ ასე ჰუმანურად არ ექცეოდნენ რუსი სამხედროები ქართველ ტყვეებს. 
  • ოკუპანტები, ჩვენ ბიჭებს სასტიკად აწამებდნენ, რაც მაშინაც დადასტურდა, როდესაც რუსი პილოტი 12 ქართველ სამხედროში გაიცვალა. 

საქართველოს მხარემ რუსეთს გადასცა პილოტი, რომელმაც მოგვიანებით თავადვე განაცხადა თუ როგორ კარგად ექცეოდნენ ქართველები. 

ოკუპანტებმა კი, საქართველოს მხარეს გადმოსცეს 12 ქართველი სამხედრო, რომელთა უმრავლესობა დასახიჩრებული იყო, მოჭრილი, დამტვრეული ან დამწვარი ჰქონდა თითები…

“ქართველი დაბადებიდანვე მეომარი და სამშობლოს დამცველია” – თვლის თანამედროვე საქართველოს ლეგენდალური გენერალი… 

ის ხაზგასმული პატივისცემითა და მოკრძალებით საუბრობს სამხედროებზე, ჯარზე, რიგითებზე – საქართველოზე… 

“ჯარში, ყველაზე დიდი წოდება რიგითია, რადგან რიგითი საქართველოს ჯარისკაცია და რიგითი იგებს ომს” – ამბობს დევი ჭანკოტაძე – გენერალი, რომელიც ქართველი სამხედროებისათვის დღემდე გმირობის მაგალითია.

განათლება:

1978-1982 – თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი.

2001 წელი – ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (პეკინი) უმაღლესი სამეთაურო კურსები.

სამუშაო გამოცდილება:

1991-1992. – ქ.გორის #11 ბატალიონის შტაბის უფროსი.

1992-1994  – ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური.

1994-1995 – ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი.

1995 – პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

1996-1999 – მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

1999-2000 – არტილერიის სარდალი.

2000 წელი – საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

2004 – დსთ-ს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში სამხედრო ძალების წარმომადგენელი.

2004 – თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეების ოფისის სამხედრო წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნების თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში.

2004 -2005 წლები – თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეების ოფისის თავდაცვის ატაშე.

2007-2008 – სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

2008 წლის აგვისტო – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე.

2009-2012 წლები – გენერალური შტაბის უფროსი. 

ჯილდოები:

1995 – ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.

2002 – სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ნიშანი.

2008 წელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის (I–ლი ხარისხი) მედალი.

წოდება:

გენერალ–ლეიტენანტი.

ლევან ქართველიშვილი

https://presa.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.