3 წელიწადში ენერგოსისტემას დაახლოებით 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, უწყების ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, არაგვიჰესი და მისი წყალსაცავი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს. ჰესის მშენებლობისას გაყვანილი გზა და ხელოვნური ტბა იზიდავს ტურისტებს, აღდგენილი გზით კი ადგილობრივ ფერმერებს საქონელი გადაჰყავთ.

წელს არაგვიჰესის ერთი სადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რომლის დადგმული სიმძლავრე, დაახლოებით 2 მეგავატია, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 8,8 მლნ ლარი. არაგვიჰესი 2 ერთ-ერთია იმ 11 ჰიდროსადგურიდან, რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემას ბოლო 2 წლის განმავლობაში შეემატა. მათი დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ-ია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, არაგვიჰესის ორივე სადგურზე 10 ადამიანია დასაქმებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც არაგვიჰესის მშენებლობისას ინვესტორმა კომპანიამ სამანქანო გზა აღადგინა, ხეობა, რომელიც მანამდე გაუვალი იყო, მესაქონელობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გახდა.  

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსებით მოხდეს. ჩვენ საქართველოს ენერგოსექტორში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ მემორანდუმები გავაფორმეთ. ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენს სისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და დაახლოებით, 40-მდე ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.  

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.