ფინალში გავიდა 51-სკოლის გუნდი “რონდო” (ფოტოკოლაჟი)

მე-2 სეზონია წარმატებით ხორციელდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის (დეკანი ირაკლი გაბისონია) პროექტი “პოლიტიკა სამსჯავროზე”. 25 იანვარს გაიმართა მორიგი სამსჯავრო – რამდენად შეესაბამებოდა ეროვნულ ინტერესებს ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ გატარებული პოლიტიკა? ქართველ უფლისწულს, ერეკლე II-ის შვილს,  ალექსანდრეს საქართველოს გადარჩენის გზად ირანი წარმოედგინა. იგი თითქმის 40 წელწადი იყო ჩაბმული უთანასწორო ომში უზარმაზარი რუსეთის იმპერიის მრავალჯერ აღმატებულ მასზე დაგეშილ მტრულ ძალებთან. მისი გმირული ფათერაკებით სავსე ცხოვრება საუკეთესო სათავგადასავლო ფილმის თუ რომანის სიუჟეტად გამოდგება. საბჭოთა ისტორიოგრაფია მას მოიხსენიებდა განსაკუთრებულად უარყოფით კონტექსტში, როგორც ,,საქართველოს ბოროტ გენიას”.

სასკოლო ფორმატის II სეზონის I ნახევარფინალში  ერთმანეთის პირისპირ დადგა ორი უძლიერესი გუნდი. ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელების გუნდი „ენიგმა“: საბა კოპალიანი – გუნდის კაპიტანი; ელენე აჭარაძე; ცოტნე ბარბაქაძე; ნია ბოლაშვილი; ციცი გიგოიძე; მარიამ მთიულიშვილი; დიანა ნალიანი. გუნდის მენტორები: პროფ. ზურაბ კვეტენაძე – პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; მოწვეული ლექტორი ხატია ხერხეულიძე – სამართლის მიმართულებით. სკოლის პედაგოგი: ლია ჯანაშია. სტუდენტი მენტორი – თამარ ტაკაშვილი.

დაცვის მხარეს კი წარმოადგენდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა გუნდი „რონდო“: მარიამ ალავიძე – კაპიტანი; კესარია ბერძენიშვილი; აკაკი ბულია; სალომე გუნია; ნიკოლოზ მაძღარაშვილი; ლუკა ჩხაპელია; ნიკოლზ ძაგნიძე. გუნდის მენტორები: პროფ. გიორგი ჩხიკვიშვილი – პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; პროფ. ხატია ვასაძე – სამართლის მიმართულებით. სკოლის პედაგოგი: თამარ ჯავახიშვილი; სტუდენტი მენტორი: ანა ნაკაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა მაღალი ოსტატობით წარმოადგინა ციცი გიგოიძემ, რომელმაც პირდაპირ მოხიბლა ნაფიცი მსაჯულნი და თავიდანვე მათი, ასევე დარბაზის კეთილგანწყობა  დაიმსახურა, მაინც მთლიანობაში ყველა კრიტერიუმის უემოციო შეფასებათა ჯამმა ფინალში გაიყვანა დაცვის მხარე,  თბილისის 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა გუნდი „რონდო“.

კრიტერიუმები კი, როგორც პროექტის ავტორი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი აცხადებს,   მრავალ ნიუანსს ითვალისწინებს: შესავალი სიტყვა; მხარეთა შეკითხვები; მხარეთა პასუხები შეკითხვებზე; დასკვნითი სიტყვა; მხარეთა რეპლიკა; აკადემიურობა სიტყვით გამოსვლებში; გუნდურობა; კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები: ანალიზი, წყაროების მოძიება (არქივები, დოკუმენტები, ლიტერატურა…); ექსპერტის გამოყენების ეფექტურობა; მოწმეთა (არსებობის შემთხვევაში) ჩვენება; სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების კრიტერიუმებისა და პარამეტრების მყარად არგუმენტირება; სასამართლო პროცესზე მონაწილეობის უნარ-ჩვევა; საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნება; ქცევისა და ურთიერთობის ეთიკა. გათვალისწინება ხდება სხვა  კრიტერიუმებისაც, მაგალითად, გუნდმა თუ გამოავლინა და რამდენად: პოლიტიკური და სამართლებრივი კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის ხედვა; ემპირიული პოლიტიკური სიტუაციის კრიტიკული ანალიზი; პოლიტიკის სტრუქტურულ-ფუნქციური კანონზომიერებების ცოდნა; საქართველოს სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სტრატეგიულად მარადიული ღირებულებების ფორმირების პოლიტიკური და სამართლებრივი კანონზომიერებების გაცნობიერება.


0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.