Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს –  წერს Bloomberg-ი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.  

სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, კრემლი ასობით მილიარდ დოლარს რეზერვში ინახავს.

„ფინანსურ-საბიუჯეტო გადმოსახედიდან რუსეთი ყველაზე მცირეს აკეთებს იმისთვის, რომ კარანტინით გამოწვეული დარტყმა ეკონომიკას შეუმსუბუქოს. ეს გამართლებულია, თუ ნავთობის ფასებს გავითვალისწინებთ, მაგრამ შედეგად მივიღებთ  ხანგრძლივ აღდგენის პროცესსა და მძიმე ეკონომიკურ უკუსვლას“ – განმარტავს Bloomberg-ის ეკონომისტი სკოტ ჯონსონი.

რუსეთმა 550 მილიარდზე მეტი დააგროვა, მათ შორის 165 მილიარდი ინახება ეროვნული კეთილდღეობის ფონდში. რუბლის გაუფასურებისა და კორონავირუსის მძიმე შედეგების მიუხედავად, რუსეთი ამ თანხიდან მხოლოდ 2 პროცენტს ხარჯავს ეკონომიკის მხარდაჭერისთვის.

„2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდში რუსეთმა ბიუჯეტიდან 10 პროცენტი დახარჯა ეკონომიკაზე, მაგრამ მალევე შეძლო რეზერვების აღდგენა ნავთობის ფასის ზრდის მეშვეობით. ახლა კრემლი საექსპორტო შემოსავლის მკვეთრ შემცირებას უნდა გაუმლავდეს. ნავთობის ფასი წარმოუდგენლად დაეცა. მათთვის აუცილებელია რეზერვების გამოყენება, რადგან ეს ერთადერთი გზაა“ -აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა ალექსანდრა სუსლინამ.

როგორც ჩანს, კრემლს სურს რომ არსებული რეზერვები კიდევ მრავალი წლის სამყოფად დაიტოვოს – წერს სააგენტო. „მთავრობა მაისის ბოლოს ელოდება, რათა დაინახოს, რა მაჩვენებელზე იქნება ნავთობის ფასები და ექნება თუ არა ქვეყანას ეკონომიკის მხარდაჭერის პოტენციალი. თუკი ნავთობის ფასი ახალ ფსკერს მიაღწევს, ეს უკვე განგაშის საფუძველია“ – აღნიშნავს „ალფა ბანკის“ ეკონომისტი ნატალია არლოვა.

მარტის შუა რიცხვებში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთში ეკონომიკისა და ხალხის მხარდასაჭერად 300 მილიარდი რუბლის მოცულობის ანტიკრიზისული ფონდი შეიქმნება. გასულ კვირას, მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსთან პროძოლისთვის და შესაბამისი ღონისძიებების სისრულეში მოსაყვანად ფინანსთა სამინისტრომ 1,4 ტრილიონი რუბლი დაარეზერვა. ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად რას მოხმარდება ეს თანხები – წერს Bloomberg-ი.

Gazeta.ru

მარიამ მორგოშია

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.