Facebook წმენდას გადარჩენილი სიცრუის გამავრცელებელი მედიის ქსელი

Facebook წმენდას გადარჩენილი ცრუ მედიის ქსელი

ავტორი: შოთა ნარსია

მიმდინარე წლის აპრილში „ფეისბუქმა“ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საქართველოში შიდა პოლიტიკურ კამპანიებში ჩართული 943 გვერდი, პროფილი, ჯგუფი და ინსტაგრამის ანგარიში წაშალა. მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი ცრუ მედიების ქსელიც მოხვდა. აპრილში წაშლილი ცრუ მედიის გვერდების მოქმედების მთავარი ტაქტიკა მათთან კოორდინირებული პროფილების მეშვეობით პოსტების ღია და დახურულ ჯგუფებში გაზიარება იყო. მანამდე, გასული წლის 20 დეკემბერს, პლატფორმიდან კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშლილ 344 ქართულ გვერდს შორის ასევე იყო „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული 35 ცრუ მედიის ტიპის გვერდი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებულიცრუ მედიის გვერდები პრაქტიკულად ყოველდღიურ დასპონსორებულ კამპანიას ეწეოდნენ ხელისუფლების/მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპონენტების საწინააღმდეგოდ.

მასშტაბური არაავთენტური ქსელების ორჯერ წაშლის მიუხედავად, „ფეისბუქზე“ ცრუ მედიის გვერდების კიდევ ერთი ქსელი მოქმედებს, რომელიც აპრილში წაშლილი ცრუ მედიებისგან განსხვავებით, შერჩევითი ინფორმაციის ფართოდ გასავრცელებლად „ფეისბუქ“ პოსტების დასპონსორებას მიმართავს. „ფეისბუქ“ მომხმარებელი კი ამ გვერდებზე გამოქვეყნებულ დასპონსორებულ ინფორმაციას თავის სიახლეების კედელზე ხედავს, მიუხედავად იმისა,არის თუ არა ამ გვერდის მომწონებელი ან მიმდევარი. ამდენად, მათი ტაქტიკა დეკემბერში წაშლილი ცრუ მედიების მსგავსია. 

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ დროისთვის „ფეისბუქზე“ დასპონსორებაზე მიმართული ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული 5 გვერდი მოქმედებს, რომლებიც სოციალური მედიის სხვა პლატფორმებსა და ვებ-გვერდებსაც იყენებენ. ცრუ მედიის ეს გვერდები „ფეისბუქზე“ 2020 წლის იანვრიდან შეცვლილი ტაქტიკით გააქტიურდნენ, თუმცა უცვლელია მათი მთავარი სტრატეგია: ისინი თავის რეალურ მედიად წარმოჩენას ცდილობენ და ამ ნიღბით დასპონსორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებენ. ისინი ხელისუფლების სასარგებლოდ  ერთიან კოორდინირებულ ქსელს ქმნიან. 

ამ ცრუ მედიის გვერდების მომწონებელთა და გამომწერთა საშუალო რაოდენობა 5,000-ის ფარგლებშია, თუმცა მათზე გამოქვეყნებულ პოსტებს დასპონსორებული პოსტების წყალობით მაღალი ინტერაქცია აქვთ.გამოქვეყნებული პოსტების ნახევარი დასპონსორებულია. ამ პოსტებზე გვერდების საერთო ინტერაქციის (რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამი) 99%-ზე მეტი მოდის. ცრუ მედიის გვერდებზე სპონსორდება მხოლოდ ის პოსტები, რომელთაც პროპაგანდისტული მიზანი აქვთ და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ არის მიმართული.

ცალკეული პოსტების გარდა, ცრუ მედიები საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდებსაც ასპონსორებენ. თუ წარსულში ცრუ მედიები მხოლოდ „ფეისბუქ“ სივრცეში არსებობდნენ, ამჯერად, ხუთივე ცრუ მედიას საკუთარი ვებ-გვერდები აქვს, რომლებიც ერთსა და იმავე პერიოდში დარეგისტრირდა. ვებ-გვერდები სტატიების გამოქვეყნებისას ავტორებად სავარაუდოდ გამოგონილ პიროვნებებს უთითებენ. თოთოეულ ვებ-გვერდზე თითქმის ყველა მასალა ერთი სახელისა და გვარის ავტორობის მითითებით ქვეყნდება. „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ ცრუ მედიის „ფეისბუქ“ გვერდებსა და ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული მასალები ძირითადად სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებიდან უცვლელად, წყაროს მითითების გარეშე არის გადმობეჭდილი. საგულისხმოა, რომ ცრუ მედიის გვერდები ზოგჯერ ძველ ამბებსაც ავრცელებენ, მათ შორის იმგვარი სახით, რომ მკითხველს ისინი მიმდინარე სიახლედ მოეჩვენოს.

„ფეისბუქ“ გვერდების გარდა, ცრუ მედიებს შესაბამისი „იუთუბის“ არხები, „ტვიტერის“ გვერდები და „ინსტაგრამის“ პროფილებიც აქვთ შექმნილი. თუმცა, ამ ეტაპზე, სხვა სოციალურ ქსელებში რეგისტრაციას მხოლოდ „ფეისბუქზე“ მედიად წარმოჩენის დამაჯერებლობის ფუნქცია აქვს და სხვა პლატფორმები პოლიტიკური პროპაგანდის გავრცელების მიზნით არ გამოიყენება.

ცრუ მედიის გვერდების მიზანი მედიის ილუზიის შექმნა, სოციალურ მედიაში სასურველი გზავნილების შეფარვით გავრცელება და საზოგადოების პოლიტიკურ ცნობიერებაზე ზემოქმედებაა. ანგარიშში მოცემული გვერდების ამოცანა ასევე დასპონსორებული პოსტების სახით „ფეისბუქის“ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის შერჩევითად მიწოდებაა. ცრუ მედიები საინფორმაციო პროდუქტს თვითონ, პრაქტიკულად, არ ქმნიან, ისინი ნამდვილი მედიის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ ახალ ამბებს იყენებენ. აღნიშნული გვერდები ძირითადად ხელისუფლების გზავნილების გამომხატველ სიახლეებს აგროვებენ, თავიანთ ვებ-გვერდებზე აქვეყნებენ და „ფეისბუქზე“ დასპონსორებული პოსტების სახით ავრცელებენ. მედიის ილუზიის შექმნის მიზნით, ცრუ მედიის გვერდებზე არაპოლიტიკური მასალაც ქვეყნდება, თუმცა ასეთი პოსტები დასპონსორებული არ არის.

ცრუ მედიის აღნიშნული გვერდები დასპონსორებული პოსტებით „ფეისბუქის“ მიერ არაავთენტური ქსელების წაშლასაც გამოეხმაურნენ. დასპონსორებული პოსტები მომხმარებელს აცნობდა, რომ „ფეისბუქმა“ წაშალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანგარიშების ქსელი, თუმცა „ეS პერსონასთან“ დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე მათ პოსტებში არაფერი იყო ნათქვამი. ცრუ მედიის გვერდებმა რეალური ონლაინ მედიიდან მასალის კოპირებისას აღნიშნული ინფორმაცია განზრახ ამოიღეს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, მოცემული გვერდები გამოიყენება როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და სახელისუფლებო ლიდერების სასარგებლოდ დასპონსორებული კამპანიის, ისე უშუალოდ მმართველი პარტიის ოფიციალური განცხადებების გასავრცელებლადაც.

—–

—–

ცრუ მედიის ახალი გვერდები

2020 წლის იანვარსა და თებერვალში, „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ცრუ მედიის ხუთი ახალი გვერდი შეიქმნა:  „webmedia.ge“, ”portalnews.ge“, ”pnn.ge“, ”infostudio.ge“ და “Georgian Media”. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ზოგიერთი გვერდის სახელწოდება 2019 წლის 20 დეკემბერს გაუქმებული ცრუ მედიის გვერდების სახელწოდების მსგავსია (მაგალითად, „ფეისბუქის“ მიერ წაშლამდე ერთ-ერთი გვერდი მოქმედებდა სახელწოდებით „newsportal.ge”).

—–

—–

ადრე მოქმედი ცრუ მედიის გვერდების მსგავსად, ახალი გვერდების ვიზუალური შეფუთვაც „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მედიის გვერდის შთაბეჭდილებას უქმნის, ხოლო გვერდის კატეგორიაში მითითებული აქვთ „ახალი ამბები და მედიის ვებსაიტი” (“News & Media Website”).

გვერდების შესახებ ინფორმაციაში მითითებულია მობილური ტელეფონის ნომრებიც, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ყალბია. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სხვადასხვა დროს, სცადა მითითებულ ნომრებთან დაკავშირება, თუმცა არცერთი მათგანი მისაწვდომი არ იყო, რაც, სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ნომრები არ ფუნქციონირებს.

20 მაისის მდგომარეობით, ამ გვერდებს  3-5 ადმინისტრატორი მართავს. საგულისხმოა, რომ მოცემულ გვერდებზე ადმინისტრატორთა რაოდენობა ერთდროულად იცვლება. მათ შორის 30 აპრილს, როდესაც ფეისბუქის ოპერაცია განხორციელდა, თითოეულ გვერდს თითო ადმინისტრატორი ჩამოაკლდა. აღნიშნულ გვერდებს, სავარაუდოდ, ერთი და იგივე პირები მართავენ.

—–

ცრუ მედიის ახალი გვერდების როგორც მომწონებელთა, ისე გამომწერთა საშუალო რაოდენობა 5,000-ს მცირედით აღემატება.. თუმცა, მათზე გამოქვეყნებულ პოსტებს დასპონსორებული პოსტების წყალობით  მაღალი ინტერაქცია აქვთ. შექმნიდან მიმდინარე წლის 6 მაისამდე პერიოდში ცრუ მედიის ხუთ გვერდზე 306,365 რეაქცია, გაზიარება და კომენტარი დაფიქსირდა.

—–

შექმნის დღიდან 2020 წლის 20 მაისამდე ცრუ მედიის გვერდებზე ჯამში 871 პოსტი გამოქვეყნდა, მათგან 434 პოსტი (49.83%) დასპონსორებული იყო.  დასპონსორებული პოსტებიდან 425 ფოტოს, ხოლო 9 ვიდეოს სახით განთავსდა.

პოსტების ნახევარს, რომლებიც დასპონსორების გარეშე გამოქვეყნდა, „ფეისბუქ“ მომხმარებლების მხრიდან ინტერაქცია თითქმის არ მოჰყოლია და ასეთი პოსტების ინტერაქციამ მთლიანი ინტერაქციის 0.19% შეადგინა.

—–

—–

 პოსტების დასპონსორება ცრუ მედიის გვერდებზე

ცრუ მედიის გვერდებზე სპონსორდება მხოლოდ ის პოსტები, რომელთაც პროპაგანდისტული მიზანი აქვთ და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ არის მიმართული. გამოქვეყნებული პოსტებიდან საშუალოდ, ყოველი მეორე ახალი პოსტი დასპონსორებულია. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა დასპონსორებული პოსტი, რომელთაც ახალი ამბის სახე აქვს, სინამდვილეში პოლიტიკურ რეკლამას წარმოადგენს, რომელიც ძირითადად პოლიტიკურ პროპაგანდას შეიცავს და ხელისუფლების დადებით კონტექსტში წარმოდგენას ან ოპოზიციის, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას ემსახურება. 

პოსტების ნახევარი ცრუ მედიის გვერდებზე დასპონსორების გარეშე ქვეყნდება. ამგვარი პოსტები ძირითადად არაპოლიტიკურ ან უცხოეთის ამბებს ეხება, მათ შორის მსოფლიო პოლიტიკას, სპორტს, კულტურას, სტიქიურ თუ სხვა მოვლენებს. დაუსპონსორებელი პოსტების განთავსების მიზანი „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ მოცემული გვერდების რეალურ მედიად აღქმა და სანდოობის ილუზიის შექმნაა, რაც ცრუ მედიის ტიპის გვერდების უცვლელ ტაქტიკას წარმოადგენს. მსგავს პოსტებს „ფეისბუქის“ ის მომხმარებლები, რომლებსაც მოცემული გვერდები გამოწერილი არ აქვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამჩნევენ, თუკი უშუალოდ გვერდზე გადავლენ. ამიტომაც დაუსპონსორებელი პოსტები ხშირად ნულოვანი ინტერაქციით ხასიათდება.

დასპონსორებული (მწვანე აღმნიშვნელით) და დაუსპონსორებელი (წითელი X-ით) პოსტები ცრუ მედიის გვერდებზე

აღსანიშნავია, რომ ცრუ მედიის გვერდებზე საერთოდ არ ქვეყნდება ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც მთავრობის საქმიანობას კრიტიკულად აფასებს ან ხელისუფლების გზავნილების უტყუარობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

პოსტების სახეები ცრუ მედიის გვერდებზე

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „ფეისბუქზე“ 20 დეკემბრამდე მოქმედი გვერდები ყველაზე ხშირად პოსტებს ფოტოების სახით აქვეყნებდნენ. მათ შორის ძირითადად ფოტოს სახით იყო განთავსებული დასპონსორებული პოსტებიც. ცრუ მედიის ამ 5 გვერდზეც აღნიშნული ტაქტიკა დომინირებს. მოცემულ გვერდებზე პოსტების 99% ფოტოს სახით გამოქვეყნდა. ფოტოზე, როგორც წესი, დატანილია წარწერა, რომელსაც ახალი ამბავის სათაურის სახე აქვს და იმ მთავარ გზავნილს შეიცავს, რაც პოსტის გავრცელების მიზანს წარმოადგენს.

„სამართლიანი არჩევნების“ ადრეული მიგნებები 20 დეკემბრამდე მოქმედ ცრუ მედიის გვერდებთან დაკავშირებით, მიუთითებდა მათ მიერ ერთნაირი ფოტოების გამოყენებას და მათზე დატანილი წარწერების, ფონტებისა და ფრაზების მნიშვნელოვან მსგავსებას ან იდენტურობას. როგორც დაკვირვება აჩვენებს, სავარაუდოდ კოორდინაციის დამალვის მიზნით, ცრუ მედიის ახალმა გვერდებმა ამჯერად განსხვავებული ფოტოების გამოყენების ტაქტიკა აირჩიეს. ერთი და იმავე ამბების გამომხატველ ფოტოებს სხვადასხვა გვერდზე ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებული ფონტით შესრულებული წარწერებიც ახლავს.

ცრუ მედიის 5 გვერდზე პოსტების 1% (9 პოსტი) ვიდეოს სახით განთავსდა. ყველა შემთხვევაში გამოქვეყნებული ვიდეო დასპონსორდა. 20 მაისის მდგომარეობით, მოცემულ ვიდეოებს ჯამში 281,055 ნახვა აქვს. აღსანიშნავია, რომ ცრუ მედიის ორ გვერდზე – „portalnews.ge“ და „infostudio.ge“ აბსოლუტურად იდენტური ვიდეო, ქართული გახმოვანებით, ერთდროულად გამოქვეყნდა, რაც აღნიშნული გვერდების კოორდინირებაზე მკაფიოდ მიანიშნებს. კორონავირუსთან დაკავშირებით სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრის რჩევების შესახებ ქართულად გახმოვანებული ვიდეო პირველად სააგენტო „Pia.ge“-ის „ფეისბუქის“ გვერდზე აიტვირთა. ცრუ მედიებზე გამოქვეყნების შემდეგ კი ვიდეო გამოჩნდა პრო-სახელისუფლებო მედიის გვერდზე „POSTV – ახალი ამბები“. ამ უკანასკნელს კი იმის შესახებ ინფორმაცია, თუ ვის ეკუთვნის ვიდეოს გახმოვანება, არ აქვს მითითებული.

ცრუ მედიების ახალი ტაქტიკის სახეები

ცრუ მედიის ახალი გვერდების  მოქმედების ტაქტიკამ სხვა რამდენიმე ისეთი ნიშანიც შეიძინა, რომლებიც ადრე მოქმედ გვერდებს საერთოდ ან უმეტესად არ ახასიათებდა. მათ შორისაა:

  • „ფეისბუქის“ გვერდების დასპონსორება (პოსტების დასპონსორების პარალელურად);
  • ცრუ მედიის სახელით ვებ-გვერდების შექმნა და მათზე „ახალი ამბების“ განთავსება;
  • ვებ-გვერდებზე ახალი ამბების ავტორებად არაავთენტური პირების მითითება;
  • სოციალური მედიის სხვა პლატფორმების გამოყენება;
  • პოლიტიკური ინტერესით შერჩეული ძველი ამბების გამოქვეყნება და დასპონსორება.
  • „ფეისბუქის“ გვერდების დასპონსორება

მაშინ, როდესაც ცრუ მედიის ძველი გვერდები უმეტესად პოსტების დასპონსორებაზე იყვნენ ორიენტირებულები, „ფეისბუქის“ დეკემბრის ოპერაციის შემდეგ შექმნილმა გვერდებმა ახალი ტაქტიკის გამოყენებას მიმართეს და უშუალოდ გვერდის დასპონსორებაც დაიწყეს. სავარაუდოდ, აღნიშნული ტაქტიკის გამოყენების მიზანი გვერდების მომხმარებელთა ზრდაა, რათა მათ პოსტები დასპონსორების გარეშეც ნახონ და ამ გვერდებისადმი ნდობა გაუჩნდეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა გვერდების დასპონსორების თარიღები და რეკლამის აქტივობის პერიოდები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს.

  • ცრუ მედიის ვებ-გვერდების შექმნა და „ახალი ამბების“ განთავსება

„ფეისბუქის“ მიერ გასული წლის მიწურულს გაუქმებული ცრუ მედიის გვერდების ერთ-ერთი მახასიათებელი იყო, რომ „ფეისბუქის“ გარდა, ისინი სხვა სივრცეში არ არსებობდნენ და არ ჰქონდათ ვებ-გვერდები. „ფეისბუქის“ ოპერაციის შემდეგ შექმნილმა ცრუ მედიის გვერდებმა კი თავიანთი ტაქტიკა შეცვალეს და ვებ-გვერდების შექმნა და იქ ახალი ამბების სახით მასალების განთავსებაც დაიწყეს. 

ცრუ მედიის ხუთმა ახალმა გვერდმა ვებ-გვერდის დომენი ერთმანეთის მიყოლებით, სამი დღის განმავლობაში, 9, 10 და 11 იანვარს, დაარეგისტრირა. აღნიშნული გარემოება მათ შორის კოორდინაციის დაშვებას კიდევ უფრო ამყარებს.

ცრუ მედიის ხუთივე ვებ-გვერდი WordPress-ის აპლიკაციის 5.3.2 ვერსიას იყენებს. მოცემული ვებ-გვერდების რეგისტრატორი კომპანია საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციაა (გრენა). ამ ვებ გვერდების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია უცნობია, რადგან ვებ-გვერდების მფლობელებმა დომენის რეგისტრაციისას თავიანთი ვინაობისა და საკონტაქტო ინფორმაციის საჯაროობა შეზღუდეს, რისთვისაც, სავარაუდოდ, რეგისტრატორ კომპანიას დამატებითი მომსახურების საფასური გადაუხადეს.

  • ვებ-გვერდებზე ახალი ამბების ავტორებად არაავთენტური პირების მითითება

ცრუ მედიის ვებ-გვერდები სტატიების გამოქვეყნებისას ავტორებად, სავარაუდოდ, გამოგონილ პიროვნებებს უთითებენ. თითოეულ ვებ-გვერდზე თითქმის ყველა მასალა ერთი სახელისა და გვარის ავტორობის მითითებით ქვეყნდება (webmedia.ge – გენო თორდია, pnn.ge – დათო კირვალიძე, portalnews.ge – ნინო სამხარაძე, infostudio.ge – ქეთი მაისურაძე, geomedia.ge – დათო კაპანაძე). აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მასალებზე საავტორო უფლება რეალურად მოქმედ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებს ეკუთვნით და სტატიების უმრავლესობა სხვა ნამდვილი მედია საშუალებებისგან არის მითვისებული. ცრუ მედიის ვებ-გვერდები მასალების ავტორების შესახებ ცრუ ინფორმაციის მითითებისას სახელებისა და გვარების გარდა, პიროვნების მაიდენტიფიცირებელ არცერთ ნიშანს ან საკონტაქტო ინფორმაცის არ აქვეყნებენ.

ცრუ მედიების მასალების წარმომავლობა და საავტორო უფლებების დარღვევა

ცრუ მედიის „ფეისბუქ“ გვერდებსა და ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული მასალები ძირითადად სხვადასხვა ონლაინ საინფორმაციო სააგენტოებიდან უცვლელად არის გადმოტანილი. ცალკეულ შემთხვევებში კი მცირედით არის შეცვლილი მხოლოდ სათაური. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცრუ მედიის ოთხ გვერდზე შექმნიდან 20 მაისამდე გამოქვეყნებული ყველა დასპონსორებული პოსტის წარმომავლობა შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა დასპონსორებული პოსტი სხვადასხვა მედიის ვებ-გვერდიდან არის კოპირებული. ჯამში ამ გვერდების მიერ საავტორო უფლების დარღვევის 423 შემთხვევა გამოვლინდა. ცრუ მედიის გვერდები დასპონსორებულ კონტენტს ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკომპანია „იმედის“ ახალი ამბების ვებ-გვერდების და ონლაინ მედიის სააგენტოების – „ინტერპრესნიუსისა“ და Pia.ge-ის მასალებს აკოპირებენ, წყაროს კი არ უთითებენ. ხშირად გამოიყენება აგრეთვე Kvira.ge, Ipress.ge, Primetime.ge და სხვა ახალი ამბების ვებ-გვერდების მასალები. სტატიების შინაარსი, ძირითადად, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ექსპერტების გზავნილებს, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა აქტივობებს შეეხება. დასპონსორებისთვის გამოიყენება ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების შესახებ უარყოფით კონტექსტში წარმოდგენილი სტატიებიც.

აღსანიშნავია, რომ ცრუ მედიის გვერდების მოქმედება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამომხმარებლო შეთანხმებას, რომელიც განთავსებულია მაუწყებლის ვებ-გვერდზე. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ვებპორტალზე (1tv.ge) ხელმისაწვდომი ყველა სახის ინფორმაცია წარმოადგენს პირველი არხის საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებით. პირველი არხის სამომხმარებლო შეთანხმება განსაზღვრავს:

გარდა ნებადართული კონტენტისა, აკრძალულია მასალის მთლიანი ან ნაწილობრივი კოპირება, შენახვა, გავრცელება, გამოქვეყნება, მაუწყებლობა, მოდიფიკაცია ან საჯაროდ ჩვენება (მათ შორის, ნებისმიერ სხვა ვებსაიტზე). კონტენტის ნებისმიერი მიზნით გამოყენებისთვის, საჭიროა პირველი არხის მხრიდან გაცემული წერილობითი ნებართვა.

  • პოლიტიკური ინტერესით შერჩეული ძველი ამბების განთავსება

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ შერჩევითი პრინციპით სტატიების განთავსებასა და დასპონსორებასთან ერთად,  ცრუ მედიის გვერდები ზოგჯერ ძველ ამბებსაც ავრცელებენ, მათ შორის იმგვარი სახითაც, რომ მკითხველს ისინი მიმდინარე სიახლეებად მოეჩვენოს. მაგალითად, მსგავსი დასპონსორებული პოსტები გავრცელდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას, მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, დამატებით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

უგულავას დაკავებიდან მეორე დღეს, 11 თებერვალს, ცრუ მედიის ერთ-ერთ გვერდზე – portalnews.ge – განთავსდაორი თვით ადრე, 2019 წლის 11 დეკემბერს, ონლაინ საინფორმაციო სააგენტო On.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ქალაქ ფოთის საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დაკავებას შეეხებოდა. ცრუ მედიის მიერ გამოყვეყნებულ მასალაში არ იყო წარმოდგენილი კაკულიას დაკავების თარიღი. მისი გავრცელების მიზანს სავარაუდოდ საზოგადოებაში იმ კითხვების მოხსნა წარმოადგენდა, რაც უგულავას პოლიტიკური მოტივით დაკავებასთან დაკავშირებით გაჩნდა.

უგულავას დაპატიმრება მომდევნო დღეების მთავარ თემასაც წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 19 თებერვალს ცრუ მედიის კიდევ ერთ გვერდზე – infostudio.ge – განთავსდა 2010 წლის 19 მაისს „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია ერთ-ერთი ჟურნალისტის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ (უგულავას მერობის პერიოდში) მას და მის მეუღლეს სასტუმროში განთავსება დაუფინანსა.

  • სოციალური მედიის სხვა პლატფორმების გამოყენება

„ფეისბუქის“ 20 დეკემბრის ოპერაციის შემდეგ შექმნილმა ცრუ მედიის გვერდებმა, „ფეისბუქთან“ ერთად, სოციალური მედიის სხვა პლატფორმების გამოყენებაც დაიწყეს. ხუთივე გვერდმა შესაბამისი „იუთუბის“ არხი, „ტვიტერის“ გვერდი და „ინსტაგრამის“ პროფილიც შექმნა. ამასთან, დღესდღეობით აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრაციას მხოლოდ „ფეისბუქზე“ მედიად წარმოჩენის მცდელობის გამყარების ფუნქცია აქვს და უშუალოდ ეს პლატფორმები პოლიტიკური პროპაგანდის გავრცელების მიზნით არ გამოიყენება. „იუთუბის“ არხები და „ინტაგრამის“ ანგარიშები ამ დროისთვის კონტენტის გარეშე რჩება. თუმცა, შესაძლოა, მომავალში პოლიტიკური კამპანია აღნიშნულ პლატფორმებზეც წარიმართოს.

„ინსტაგრამისა“ და „იუთუბისგან“ განსხვავებით,  ცრუ მედიებმა „ტვიტერზე“ პოსტების განთავსება აქტიურად დაიწყეს. თუმცა, აღნიშნულ პლატფორმაზე მოცემული გვერდები მრავალრიცხოვანი აუდიტორის ხილვადობითა და ინტერაქციით არ სარგებლობენ. ამ გვერდების გამომწერთა რაოდენობა 4 მომხმარებელს არ აღემატება. ტვიტების განსათავსებლად ცრუ სააგენტოები dlvrit-ის ავტომატური პოსტვის ინსტრუმენტს იყენებენ, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტო და თანმხლები სათაური სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის „ტვიტერზე“, ავტომატურად განთავსდეს.

როგორ გავარჩიოთ ცრუ მედიისა და რეალური მედიის „ფეისბუქის“ გვერდები ერთმანეთისგან?

ზემოთ აღწერილი მახასიათებლების გარდა, სოციალური მედიის მომხმარებლებს ცრუ მედიის გვერდების იდენტიფიცირება სხვა მახასიათებლების მიხედვითაც შეუძლიათ. რეალურად მოქმედი მედია ორგანიზაციების ნაწილი სარგებლობს „ფეისბუქის“ ვერიფიცირებული გვერდით, რაც იმას ნიშნავს, რომ გვერდის ავთენტურობა დადასტურებულია „ფეისბუქის“ მიერ. ასეთ შემთხვევაში გვერდის სახელწოდების ბოლოს განთავსებულია ვერიფიკაციის დამადასტურებელი აღმნიშვნელი – . ამგვარი ნიშნით „ფეისბუქი“ ადასტურებს, რომ მოცემული გვერდი ან პროფილი ეკუთვნის შესაბამის მედია კომპანიას, საჯარო ფიგურას ან ბრენდს. ბოლო მონაცემებით, ვერიფიცირებული მედიის გვერდებია: „რადიო თავისუფლება“; „On.ge“; „TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი“; “Rustavi 2”; “მთავარი არხი • Mtavari Arkhi”; „პირველი არხი“; „TV Imedi“ და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ყველა მედია კომპანიას ვერიფიცირებული გვერდი არ გააჩნია.  თუმცა, რეალური მედია ორგანიზაციები, ცრუ მედიის გვერდებისგან განსხვავებით, სოციალური მედიის პლატფორმის გამოყენებისას საინფორმაციო სააგენტოს შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს მაინც უზრუნველყოფენ და ხასიათდებიან ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ნიშნით მაინც:

  • „ფეისბუქის“ გვერდზე გასაჯაროვებულია გუნდის წევრთა ვინაობა (იმ ადამიანების პროფილები, რომლებიც გვერდს მართავენ): მაგ.: „რადიო თავისუფლება“; “Netgazeti”; „ტაბულა • Tabula“; “On.ge”; “InterPressNews.ge”, „პირველი არხი“; “აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი”.
  • მითითებული აქვთ საინფორმაციო სააგენტოს მისამართი. მაგ.: „პუბლიკა • Publika“; „რადიო თავისუფლება“; რეგინფო / Reginfo.ge; “Rustavi 2”; „პირველი არხი“; „TV Imedi“; „Formula News • ფორმულა“; “აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი”.
  • მითითებული აქვთ ავთენტური საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა). მაგ.: On.ge“; „InterPressNews.ge“; „რადიო თავისუფლება“; „Netgazeti“; “რეგინფო / Reginfo.ge”; “TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი”, “Rustavi 2”; “მთავარი არხი • Mtavari Arkhi“; „პირველი არხი“; „TV Imedi“; „Formula News • ფორმულა“; “აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

„ფეისბუქის“ გვერდების გარდა, გამჭვირვალობის სტანდარტი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია რეალური ონლაინ მედიის ვებ-გვერდებზეც. მათ შორის განთავსებულია ისეთი სახის ინფორმაცია, როგორებიცაა: მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, მფლობელების, მმართველი ორგანოს, მთავარი რედაქტორის, ავტორების, პროექტების ან/და ფინანსური დონორების შესახებ ინფორმაცია და სხვ. 

აღსანიშნავია, რომ მედიის ვებ-გვერდები რეგისტრაციისას ძირითადად უზრუნველყოფენ დომენის რეგისტრანტთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობასაც. საჯაროდ ხელმისაწვდომია ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის მფლობელის შესახებ (რეგისტრანტი, TechName, TechEmail, AdminName, AdminEmail). ცრუ საინფორმაციო სააგენტოები კი აღნიშნულ ინფორმაციას მალავენ. 

ონლაინ მედიებისგან განსხვავებით, საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს გამჭვირვალობის ვალდებულებას უწესებს. მაუწყებლები ვალდებულნი არიან, ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია განათავსონ. იგი მოიცავს ინფორმაციას ლიცენზიის მაძიებლის, ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების საიდენტიფიკაციო მონაცემების, აგრეთვე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების შესახებ.

დასკვნისათვის

ცრუ მედიის ახალი გვერდების მოქმედებაზე დაკვირვება აჩენს ეჭვებს, რომ, შესაძლოა მათ უკან იგივე აქტორები იდგნენ, რომლებიც „ფეისბუქის“ მიერ გასული წლის დეკემბერში გაუქმებული გვერდების საქმიანობას განაგებდნენ. აღსანიშნავია, რომ თუკი ადრე ცრუ მედიების სტრატეგია რაც შეიძლება მეტი გვერდის შექმნაში გამოიხატებოდა, ამჯერად მთავარი აქცენტი მოქმედების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მცირე რაოდენობის გვერდების მაქსიმალურ დატვირთვაზე და კოორდინაციის დამალვის მცდელობაზე კეთდება. დღესდღეობით ყველაზე მეტი აქტივობა ცრუ მედიის ხუთ გვერდზე მოდის, რომელთა სავარაუდო არაავთენტური ქცევის არაერთი ნიშანი გამოვლინდა. ამასთან, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, ცრუ მედიის გვერდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. საგულისხმოა, რომ მსგავსი გვერდების მოქმედების სტრატეგიის ხასიათი სანდოობის ილუზიის შექმნაა, რადგან „ფეისბუქის“ მომხმარებელს პოლიტიკური პროპაგანდა მოჩვენებითად ახალი ამბების სახით მიეწოდება. ამავე დროს, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად ნარჩუნდება პოლიტიკური მიზნით არადეკლარირებული თანხების გამოყენება ან/და მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულების არსებობა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება საქართველოში „ფეისბუქის“ მიერ რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილი სახით ამოქმედებისა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

https://isfed.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.