ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიას SpaceX საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით რეგულარული ფრენის უფლება მიანიჭა. ამიერიდან ამერიკელი ასტრონავტების დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ მოდულამდე მიყვანასა და უკან დაბრუნებას სწორედ ზემოხსენებული მწარმოებლის მიერ დამზადებული რაკეტა Falcon 9 და კაფსულა Crew Dragon უზრუნველყოფს.
► რუსულმა “სოიუზმა” NASA-ს ასტრონავტი ორბიტაზე უკანასკნელად გაიყვანა
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ეს NASA-ს მიერ ახალი სატრანსპორტო სისტემისთვის მრავალჯერადი ფრენის უფლების მინიჭების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ხომალდი Space Shuttle ექსპლუატაციიდან ამოიღეს. ამას წინ SpaceX-ის კოსმოსური აპარატების ხანგრძლივი ტესტირება უსწრებდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე, როგორც უეკიპაჟო, ასევე ეკიპაჟიანი მისიები განახორციელა და საკუთარი რაკეტისა თუ კაფსულის ქმედითუნარიანობა დაამტკიცა.


“მინდა, NASA-ს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარა. ასე არასდროს მიამაყია SpaceX-ის მთელი გუნდითა და ჩვენი მომწოდებლებით, რომლებმაც წარმოუდგენლად დიდი შრომა ჩადეს იმ კოსმოსური სატრანსპორტო სისტემის შექმნასა და გამოცდაში, რომელმაც ისტორიაში პირველად NASA-ს აღიარება მოიპოვა. ეს ჩვენთვის დიდი პატივია და თავდაჯერებულობას გვმატებს, რათა მთვარეზე დაბრუნებისა და მარსზე გამგზავრების გეგმები განვახორციელოთ და კაცობრიობა მულტიპლანეტურ ცივილიზაციად ვაქციოთ”, – განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა.
NASA-ს მიერ უკვე ოფიციალურად დამტკიცებული კოსმოსური ხომალდის მეორე ეკიპაჟიანი ფრენა 14 ნოემბერს შედგება. Crew-1-ის სახელით ცნობილ 6-თვიან მისიაში მონაწილეობას ამერიკელი ასტრონავტები – მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მიიღებენ. Crew Dragon-ს ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა Falcon 9-ით გაუშვებენ, რის შემდეგაც კაფსულა მათ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებულ სადგურამდე მიიყვანს. მათი დედამიწაზე დაბრუნება კი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
► ნახეთ: როგორ იფრენს SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Starship
Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული “სოუზის” ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. თუ ბოლო დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა, SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.