The Hill: ამერიკას საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები სჭირდება

ამერიკას საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები სჭირდება, – ამ სათაურით მასალას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

როგორც სტატიის ავტორი, ვაშინგტონის „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (Center for European Policy Analysis, CEPA) უფროსი თანამშრომელი იანუშ ბუგაისკი წერს, შუა აღმოსავლეთისა და ევრაზიის რეგიონებში კონფლიქტების წარმოქმნის საფრთხეებით სავსე ათწლეულში ამერიკას სჭირდება სანდო მოკავშირეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის უსაფრთხოებაში, საქართველო კი, ნატოს ეგიდით ოპერაციებში მონაწილეობის სანიმუშო ისტორიით, სწორედ ასეთი მოკავშირეა.

მისი აზრით, ვაშინგტონში საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტმა შეიძლება, უზრუნველყოს ის ბიძგი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასა და საქართველოს შორის.

„შემდეგ კვირაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და გამართავს შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას რელიგიური თავისუფლების შესახებ. ეს უკანასკნელი მაიკ პომპეოს ინიციატივაა, რომელიც მიზნად რელიგიური თავისუფლებების გლობალურ ხელშეწყობას ისახავს. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება, იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასასმელად.

გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა სრულად ეთანხმება ამერიკას არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად უჭერს მხარს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ვენესუელასა და იერუსალიმთან დაკავშირებით. ამერიკის მოკავშირეები სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონებში ასრულებენ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის კუთხით, რის წყალობითაც მცირდება ამერიკული ჯარების მასშტაბური განლაგების აუცილებლობა. საქართველოს სწორედ ასეთი სასარგებლო როლის შესრულება შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, შუა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის მოქცეულ ფეთქებად რეგიონში. სამხრეთ კავკასიის ეს წამყვანი ქვეყანა მდებარეობს შავიზღვისპირეთში, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი სამხედრო ძალის მობილიზაციისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით.

რუსეთის მიერ შავ ზღვასა და კავკასიაზე მარყუჟის შემოჭერა საფრთხეს შეუქმნის ნატოს წევრი ქვეყნების: რუმინეთის და ბულგარეთის და ნატოს ასპირანტი ქვეყნების: საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოებას, ასევე დაემუქრება კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპისკენ მიმავალ ენერგორესურსების მიწოდებას და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტებს, რომლებიც გადის რუსეთის ტერიტორიაზე. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მსხვილი ენერგეტიკული მილები და სარკინიგზო ხაზები ასევე გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს უკვე შეაქვს უზარმაზარი წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების, ასევე ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში საქართველო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ავღანეთში საქართველომ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო მოკავშირე ძალებს შორის. საქართველო ასევე სთავაზობს თავის ტერიტორიას, ინფრასტრუქტურას და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ნატოს ჯარებისა და ტვირთის ტრანზიტისთვის. ქვეყნის ძირითადი აეროპორტები და პორტები მოდერნიზებულია.

განსხვავებულ რეგიონებში ამერიკის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სანდო მოკავშირეების მიერ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო ამ მხრივ სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით.

საქართველომ ვაშინგტონისგან შეისყიდა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მაღალი რანგის ვიზიტების დროს ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი დიდად აფასებს საქართველოს პროამერიკულ საგარეო პოლიტიკას და მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში, და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ უნდა იყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და განახლებული ბიძგის მიცემა ნატოში საქართველოს წევრობისთვის. 2008 წლის სამიტზე ნატომ დადო პირობა, რომ საქართველო მისი წევრი გახდებოდა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვას. ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა გახდეს ალიანსის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, ნატო-საქართველოს ურთიერთობები ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ალიანსის ურთიერთობა ნებისმიერ სხვა პარტნიორთან, მათ შორის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში წვლილის შემტან პარტნიორებთან.

ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს გაწევრება გამოიწვევს ომს რუსეთთან, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. თუმცა მათ ავიწყდებათ პრინციპი, რომლის მიხედვით არც ერთ მე-3 მხარეს არ აქვს ნატოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება და, შესაბამისად, არ შეუძლია ასპირანტი ქვეყნის „მძევლად“ აყვანა.

ნატოში შესვლა ხანგრძლივი პროცესია. ამ გზაზე საქართველო აშშ-ის მიერ აღიარებული იქნება, როგორც ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირე – სტატუსი, რომლითაც დღეს 16 ქვეყანა, მათ შორის ეგვიპტე, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა სარგებლობს. კონგრესის 2014 წლის კანონპროექტიდან ამოღებული იყო დებულება საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგან ობამას ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ამბიციები.

ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირის სტატუსი ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, რისთვისაც უზრუნველყოფს საფუძველს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის და იძლევა ამერიკული ჯარების განთავსების უფლებას. მართალია, იგი ფორმალურად არ უზრუნველყოფს გარანტიებს უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ მაინც მიუთითებს მოწინააღმდეგეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ დაიცავს თავის მოკავშირეს. ამ ტიპის შეთანხმება ასევე დაეხმარება ამერიკელებს და ქართველებს რუსული დივერსიების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებაში, ჩინეთის ნეგატიური გავლენის გაქარწყლებაში და კავკასიაში მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება-განმტკიცებაში.

ამერიკისთვის არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველო, თავისი მტკიცე ტრანსატლანტიკური კურსის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, წარმოადგენს მისაბაძ პოლიტიკურ მაგალითს რეგიონში და მოსკოვის ავტორიტარიზმის ალტერნატივას, რომელშიც სახეზეა საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მომხიბვლელი საინვესტიციო გარემო. უსაფრთხოების სფეროში უფრო კონკრეტული დახმარების პირობებში საქართველო უკეთ დაიცავს თავს რუსეთის თავდასხმებისგან, განამტკიცებს დემოკრატიას და გააღრმავებს ამერიკის კავშირებს რეგიონში“, – წერს იანუშ ბუგაისკი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.