ოლესია ვართანიანმა, კლერ კაისერმა და ლორა თორნტონმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, კრიზისსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და ამ გზაზე დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საჭიროება, რეგიონული დინამიკა, აშშ-ის გაძლიერებული როლი სამხრეთ კავკასიაში, „ტრამპის მარშრუტს“ მიღმა დარჩენილი საქართველო – ამ საკითხებზე ისაუბრეს ოთხშაბათს „ჰელსინკის კომისიაში“.
11 თებერვალს, თბილისის დროით გვიან საღამოს აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ გაიმართა ექსპერტთა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მიერ „განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობის“ შესახებ.
მომხსენებლები იყვნენ:
- ლორა თორნტონი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი დირექტორი; წარსულში თბილისში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი;
- ოლესია ვართანიანი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი;
- კლერ კაისერი, ვაჭრობის საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის, McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი.
ივანიშვილი, უკუსვლა და რუსეთი – ლორა თორნტონი
„ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან ახალი და სწრაფია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.
„ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე არსებობდა ფატალური ნაკლი და ეს ნაკლი რუსეთში შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი იყო.
ივანიშვილი არასდროს ყოფილა დემოკრატიული პრინციპებისა თუ პროცესებისადმი ერთგული და, რაც მთავარია, ის ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან – ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა.
მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ კოალიცია რამდენიმე წელიწადში დაიშალა და „პროდემოკრატიული, პროდასავლური პარტიები მას ჩამოეცალნენ“, შემდეგ კი „არალიბერალური გრავიტაცია“ დაიწყო.
„თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბურ შეჭრასთან ერთად მოხდა საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო განშორება და ქვეყანა ავტორიტარიზმში სრულად ჩაიძირა“, – თქვა მან.
ლორა თორნტონმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ბრალდებებზე „კოლექტიური დასავლეთის“ მიმართ, – დასავლელი პარტნიორებისთვის „გლობალური ომის პარტიის“ წოდებაზე, და თქვა:
„ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ღიად მოიხსენიებს ჩინეთს და ირანს, როგორც მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. არსებობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ფოტოც კი, რომელზეც ის თეირანში ჰამასის წარმომადგენლების გვერდით დგას“.
კლერ კაისერი: საქართველოს მთავრობამ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქრთველო რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორი იყო ახლა კავკასიაში ენერგიულ ამერიკულ პოლიტიკაში ცხადად არ არის.
“იმედი მაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, რაიმე იდეების მიწოდებას შევძლებ ამერიკული მხარისთვის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა საქართველოს დავეხმაროთ.
სტატუს-კვო არავისთვის არაფერს მოაგვარებს…
ამ კომისიამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მასშტაბით შემცირდა აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უფრო გაუარესდა, მაგრამ ეს ახალი ფენომენი არ არის. ეს ნამდვილად გამწვავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ქართული ოცნების შესაბამისი ზომების შემდეგ.
2009 წლის აშშ-საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” შეჩერება 2024 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი აღსანიშნავი ნაბიჯია, ისევე, როგორც მას შემდეგ მალევე ამერიკული სანქციების დაწესება ივანიშვილისა და ქართული ოცნების რეპრესიების სხვა საკვანძო ხელშემწყობების წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ზომები ძალაში დატოვა, და ამავდროულად მოულოდნელი ენერგიისა და ფოკუსის შეტანა დაიწყო კავკასიის რეგიონში. სიმართლე გითხრათ, ამან ბევრი ადამიანი დატოვა გაოცებული.
ვიცეპრეზიდენტი [ჯეი დი ვენსი] თავის ვიზიტს ასრულებს ერევანსა და ბაქოში. პირველი მოქმედი ვიცეპრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია და ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელი ოფიციალური პირია, ვინც ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანს ეწვია…
აღსანიშნავია, რომ კავკასიაში ამ ენერგიულ ამერიკულ პოლიტიკაში ცხადად არ არის საქართველო. თავის დროზე აშშ-ის მტკიცე პარტნიორი რეგიონში, დემოკრატიული რეფორმების მოდელი, რომელიც ამერიკულ ძალებთან ერთად იბრძოდა და რომლის ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებული რჩება რუსეთის მიერ.
საქართველოს მთავრობამ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ამ ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა”, — განაცხადა კაისერმა.
ოლესია ვართანიანი: “შეერთებული შტატები კარგად არის პოზიციონირებული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები ერთ-ერთი პოტენციური ბერკეტია პროცესის წინ წასაწევად. ეს სანქციები უკვე მოქმედებს და ისინი აშკარად აისახება ქართული ოცნების დამფუძნებელზე. ისინი სტრატეგიულად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის სტიმულირებისთვის. შესახებ ნებისმიერი საბაზისო სახელმძღვანელო გეტყვით, რომ ისინი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მათ დიპლომატია ავსებს. დასანქციების დიპლომატიური გაგრძელების გარეშე სანქციებმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს, სამიზნეები კუთხეში მოაქციოს, რაც მათ აიძულებს, დარტყმა მიაყენონ ყველაზე დაუცველებს: ოპოზიციონერ აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და სხვებს”, — ამის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა ჰელსინკის კომისიის პანელზე საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.










