საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა 26 თებერვალს ბრიუსელში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
“სრული ავტორიტარიზმისკენ”, ევროინტეგრაციის კურსის შეცვლა, უფლებების დარღვევა, ოპონენტებისა და აქტივისტების დევნა – 26 თებერვალს ევროპარლამენტის კომიტეტში განიხილეს საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც ახალ რეზოლუციას დაედება საფუძვლად. იმსჯელეს სანქციების დაწესების მნიშვნელობაზეც.
თბილისში, “ქართული ოცნების” ლიდერები ანგარიშის ავტორებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ “ევროპული ბიუროკრატია” საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას ცდილობს, ევროპარლამენტის პოლიტიკურ რეზოლუციებს კი, “ჩალის ფასი” აქვს.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც 26 თებერვალს განხილულ ანგარიშს ეყრდნობა,ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად 18 მარტია მითითებული.
ამის შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში კენჭისყრა მაისის დასაწყისში, ხოლო პლენარულ სხდომაზე – ივნისშია დაგეგმილი.
საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი, რომელიც, თავის მხრივ, ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშს ეყრდნობა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა. ლიეტუველი ევროპარლამენტარი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლიდერების კრიტიკის ერთ-ერთი გამოკვეთილი და უცვლელი სამიზნეა.
“[ევროკომისიის] 2025 წლის ანგარიში შეფასებულია ყველაზე უარესად კანდიდატი ქვეყნისთვის, ოდესმე მომზადებულ ანგარიშებს შორის, [ევროკავშირის] გაფართოების ისტორიაში”, – მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ, თავისი გამოსვლის დასაწყისში მოიყვანა ციტატა ევროკომისიის შეფასებიდან და დასძინა, რომ უკეთესად ვერ კი აღწერდა საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციას.
ევროპარლამენტარმა თქვა ისიც, რომ “საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელიღა დარჩა”. მანამდე, საქართველოს საკითხის განხილვის დასაწყისში, ეს სიტყვები წარმოთქვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმაც, რომელიც სხდომას უძღვებოდა.
2025 წლის 4 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“.

იუკნევიჩიენეს თქმით, არ უკვირს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს საქართველოს “პრორუსულ მთავრობას”.
„ღრმად ვწუხვარ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სანქციები უფრო ადრე ვერ დააწესეს. ეს უზარმაზარი შეცდომა იყო… ანგარიშში არის გაფრთხილება, რომ განგრძობადმა რეპრესიებმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და აკრძალვებმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ თანამდებობის პირებს დაეკისრებათ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. გამოსვლაში მან ახსენა დაპატიმრებული ჟურნალისტი, სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ინსპირატორი. ევროპარლამენტარმა გამოთქვა იმედი, რომ ანგარიშის პროექტის ტექსტს მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვანი ელემენტები დაემატება და კიდევ უფრო გაძლიერდება.
სიტყვით გამოვიდნენ სხვა ევროპარლამენტარებიც.
“საქართველო ევროპის ნაწილია, მაგრამ “ქართული ოცნება” – არა”, – განაცხადა გერმანელმა ტობიას კრემერმა, რომელიც მოელის ახალი წინადადებების განხილვასაც – “თუ როგორ უნდა დაუწესდეს ეფექტიანად სანქციები “ქართული ოცნების” მთავრობას, საქართველოს მოსახლეობის დაზიანების გარეშე”.










