„ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას“, – აცხადებს “ოდირი”.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს საქართველოში 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო „გრანტების კანონსა“ და სისხლის სამართლის კოდექსში.
ODIHR-ი აღნიშნავს, რომ ცვლილებები:
- სანქციებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებთ,
- უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებას და საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრას,
- კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და
- კრიმინალიზაციას უწევს იმ საქმიანობას, რომელსაც მთავრობის „ლეგიტიმაციის არაღიარებად“ თვლიან.
საუბარია სადავო პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე „გრანტების კანონსა“ და სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებმაც ახალი შეზღუდვები დააწესა.
„ფართო მოქმედების არეალი“
„ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„კანონის ფართო მოქმედების არეალმა შესაძლოა არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ცალკეულ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა თუ მომსახურების მიმწოდებლებზეც იქონიოს გავლენა“, – წერია „ოდირის“ მიერ 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
ODIHR-ი წერს, რომ იგი „აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონები შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები იყოს დაცული“.










