ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ვაშინგტონმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. მთავრობის ქმედება ანტიკონსტიტუციურად შეფასდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად წუხს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ გადამეტებული ძალის გამოყენებას ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ღალატს – ევროკავშირი დამცავი საყრდენია კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან,“ – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი X-ზე.


ვაშინგტონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრულ ინტეგრაციაზე, რომელიც გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში.


„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ.


ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი დარჩეს.


„ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რომლებიც ეფუძნებოდა საერთოღირებულებებსა და ვალდებულებებს: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი.


კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს,“ წერია განცხადებაში, რომელიც თავის მხრივ, სპიკერ მეთიუ მილერის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.


ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს NATO-ში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს.


ცნობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში 2009 წლის 9 იანვარს, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს მხრიდან იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.


სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ საგარეო უწყების ვებგვერდზე შემდეგი ინფორმაციაა მოცემული:

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელმოწერილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიამ.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. აღნიშნული თანამშრომლობის მექანიზმით გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა; უსაფრთხოება და თავდაცვა; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.


ქარტია, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საშუალებას იძლევა ყველა ზემოხსენებული მიმართულებებით გაფართოვდეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა.


სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, 2019 წლის 11 ივნისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპები და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი.


დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა