ყველაზე მძიმე სანახავი ის კი არ არის, რას უკეთებს ხალხს რეჟიმი, არამედ ის, როგორ ეგუება ხალხი საკუთარ დამცირებას. როგორ ეჩვევა შეურაცხყოფას, როგორ ყლაპავს უსამართლობას, როგორ ჩუმდება მაშინ, როცა უნდა იყვიროს, და როგორ იმალება მაშინ, როცა მისი ღირსების დაცვას გამბედაობა სჭირდება.
როცა ადამიანს შიშით ათქმევინებენ უარს საკუთარ სინდისზე, როცა სიმართლის თქმას საფრთხედ აღიქვამს, როცა მონობას სიმშვიდეს არქმევს, ხოლო დუმილს
— სიფრთხილეს, სწორედ მაშინ იწყება ერის შინაგანი ნგრევა.
მონობა მხოლოდ მაშინ არ იწყება, როცა ხელებს გიკრავენ. მონობა მაშინ იწყება, როცა ხელები თავისუფალი გაქვს, მაგრამ მათი აწევის გეშინია.
რეჟიმის ძალა მხოლოდ მის იარაღში, ფულსა და ძალაუფლებაში არ არის. მისი ძალა იმ დუმილშიცაა, რომელსაც ხალხი საკუთარ თავზე ძალადობის უფლებად უქცევს.
ყოველ ჯერზე, როცა უსამართლობას ეგუები, უსამართლობას უფრო მეტ სივრცეს უთმობ. ყოველ ჯერზე, როცა დამცირებას იტან და თავს იმით იმშვიდებ, რომ შენამდე არ მოვიდნენ, სინამდვილეში იმ დღის მოახლოებას უწყობ ხელს, როცა შენც ვეღარავინ
დაგიცავს.
და ყველაზე მწარე ირონია იცი, რა არის?
ისინი, ვინც დღეს ხალხს შიშში ამყოფებენ, ვინც თავისუფლებას ლანძღავენ და ქვეყანას იზოლაციისკენ უბიძგებენ, ხშირად სწორედ იმ თავისუფალ სამყაროში ეძებენ თავშესაფარს თავიანთი ოჯახებისთვის, შვილებისთვის, ქონებისა და მოპოვებული ფულისთვის. საკუთარ მომავალს იქ აშენებენ, საითკენაც საკუთარ ხალხს გზას უკეტავენ. სხვებისთვის — მორჩილება და სიღარიბე, საკუთარი თავისთვის — უსაფრთხოება, კომფორტი და თავისუფალი არჩევანი.

მათ შვილებს თავისუფალი სამყარო, შენ — მონობა: აი რად გვიჯდება ხალხის დუმილი.
ეს არის ამ სისტემის ნამდვილი სახე: ხალხს სამშობლოს სახელით მსხვერპლს სთხოვენ, თვითონ კი საკუთარი კეთილდღეობის გადასარჩენად საზღვრებს მიღმა გარბიან.
და ხალხმა ერთხელ მაინც უნდა შეხედოს ამ რეალობას თვალებში, შიშით შენარჩუნებული დღევანდელი სიმშვიდე შეიძლება ხვალინდელი სრული უუფლებობის ფასად დაგიჯდეს. დუმილი ყოველთვის არ გიცავს. მორჩილება ყოველთვის არ გინარჩუნებს სამსახურს, სახლს ან უსაფრთხოებას. ზოგჯერ სწორედ შენი მუდმივი დათმობები აძლიერებს იმ ძალას, რომელიც ბოლოს ყველაფერს გართმევს.
ისტორია არავის ჰპირდება, რომ დამცირებული ხალხი აუცილებლად გადარჩება, ან რომ უსამართლობა თავისით დასრულდება. მაგრამ ერთი რამ ცხადია, როცა საზოგადოება საკუთარ ღირსებას არაფრად აგდებს, მის ნაცვლად სხვები წყვეტენ, რამდენად ცოტა ეკუთვნის.
და როცა დადგება დრო, რომ დღევანდელი დუმილის შედეგებს საკუთარ ცხოვრებაში დაინახავენ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს იმის გასააზრებლად, რომ თავისუფლება ერთ დღეში არ დაუკარგავთ — ის ნელ-ნელა დათმეს, ყოველ ჯერზე, როცა გაჩუმება ბრძოლას ამჯობინეს.
არც ერთი ერი არ არის დაბადებით მონა. მაგრამ საზოგადოება, რომელიც შიშს მუდმივად ემორჩილება, შეიძლება ისეთ რეალობაში აღმოჩნდეს, სადაც მონობისგან თავის დაღწევა გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე დღეს თავისუფლების დაცვა უჯდებოდა.
თავისუფლება საჩუქარი არ არის.
ღირსება დეკორაცია არ არის. და ქვეყნის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდხანს მისცემს საზოგადოება სხვებს უფლებას, მისი სახელით გადაწყვიტონ ყველაფერი.
P.S. „რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი.“ ეს მხოლოდ პიროვნებებს არ ეხება — საზოგადოებებიც იმ გადაწყვეტილებების შედეგებს იმკიან, რომლებსაც დღეს
იღებენ, და იმ დუმილისასაც, რომელსაც დღეს ირჩევენ.










