ვენეციის კომისია დასკვნას აქვეყნებს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (ქართული FARA), გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონსა და “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ სხვა კანონებზე.
ვენეციის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოთხოვნით, თავის ბოლო პლენარულ სესიაზე მიიღო დასკვნა “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის”, „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“, ასევე სხვა კანონებთან მიმართებით.
ვენეციის კომისიის დასკვნა 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ვენეციის კომისიის განმარტებით, მათ სისტემური მიდგომით გააანალიზეს საკანონმდებლო აქტები, რათა ერთდროულად გამოსაყენებელი კანონების ერთობლივი ეფექტი გაეთვალისწინებინათ ერთსა და იმავე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.
დასკვნა “ქართულ FARA-ზე”
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ წარადგინა უცხოური გავლენის რეგულირების შესახებ უფრო ფართო საკანონმდებლო პაკეტი. ეს პაკეტი მოიცავს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს („ქართული FARA“), გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, მაუწყებლობის შესახებ კანონს და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს. ვენეციის კომისიამ ისინი სისტემური მიდგომით გააანალიზა, რადგან ყველა მათგანი, როგორც აღნიშნულია, მიზნად ისახავს არასათანადო უცხოური გავლენის თავიდან აცილებას”, – ნათქვამია დასკვნაში, რომლის თანახმადაც, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის არასაკმარისი სიცხადე და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს”.
“რაც შეეხება „ქართულ FARA-ს“, ის იძლევა ძირითადი ტერმინების, განსაკუთრებით „უცხოელი პრინციპალის“, „უცხოელი პრინციპალის აგენტის“ და „პოლიტიკური საქმიანობის“ ყოვლისმომცველ და არაზუსტ განმარტებებს. სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ სიცხადეს. კანონის მოქმედების ფართო არეალი საშუალებას იძლევა, რომ ის გამოყენებული იქნეს განურჩევლად პირებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრის მიმართ, უცხოურ სუბიექტთან რაიმე ფაქტობრივი სააგენტო ურთიერთობის არსებობის მიუხედავად, ისე, რომ ეს არც აუცილებელი და არც პროპორციულია”, – ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისია წერს, რომ „უცხოური ძალის აგენტების“ იარლიყი თავისთავად სტიგმატიზებას ახდენს და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე შემაფერხებელ ეფექტს ქმნის. „უცხოელი ძალის აგენტებისთვის“ დაკისრებული ვალდებულებები მოიცავს დეტალურ რეგისტრაციას, ხშირ ანგარიშგებასა და გამჟღავნების მოვალეობებს, ჩანაწერების წარმოებას და მასალების ეტიკეტირებას. ასეთი ვალდებულებები შეიცავს ფართო და გაურკვეველ ფორმულირებებს და არაპროპორციული ტვირთია, რაც კიდევ უფრო აფერხებს სამოქალაქო ჩართულობას”.
2025 წლის 31 მაისიდან ძალაში შევიდა სადავო პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ.”ქართული FARA”, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო. ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი – კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.
რაც შეეხება აღსრულების საკითხს, ვენეციის კომისია დასკვნაში წერს, რომ ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც გადაჭარბებული დისკრეციით სარგებლობს, “მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები”.
როგორც დასკვნაში წერია, “ქართული FARA-ს“ დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, “თუმცა დანაშაულის აღწერის ფართოდ ჩამოყალიბებული დებულებები არასრული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ გააჩნია საჭირო განჭვრეტადობა და გამართლება, ხოლო მკაცრი სანქციები ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს. ბუნდოვანი დებულებების, ფართო უფლებამოსილებებისა და დაცვის არასაკმარისი მექანიზმების ერთობლიობა ქმნის თვითნებობის, შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი ბოროტად გამოყენების რისკებს”.
წყარო: radiotavisupleba.ge










