როგორ შეიძლება წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოო ის, ვინც ხალხს აწამებს? – ამის შესახებ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას განაცხადა.
“წმინდა გიორგი მაწამებელი კი არ იყო, მოწამე იყო” – ამბობს არქიმანდრიტი.
საულიერო პირის თქმით, უსამართლობაა, როცა “პოლიციელებმა, რომლებმაც ჟურნალისტები, ხალხი, ახალგაზრდები დალეწეს”, წმინდა გიორგის ორდენით აჯილოდოვებენ, ხოლო ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში პოლციელისთვის სილის გაწვნის გამოა გამოკეტილი.
რას ეფუძნება ჩვენი სამართალი? ფარაონის სამართალს? ეს ხომ არ არის სახელმწიფოებრივი მმართველობა, რაც ფარაონს უნდა იმას აკეთებენ – ამბობს არქიმანდრიტი.
“დააკვირდით, ჟურნალისტი, რომელმაც ხელი გაარტყა პოლიციელს, ციხეში ზის და პოლიციელები, რომლებმაც დალეწეს ჟურნალისტები და ხალხი და ახალგაზრდები, დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ორდენით. დააკვირდით, რატომ არ არის ეს ქრისტიანული, დააკვირდით, რატომ არ არის მათი სამართალი ქრისტიანული – წმინდა გიორგი მაწამებელი კი არ იყო, მოწამე იყო. როგორ შეიძლება წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვო ის, ვინც ხალხს აწამებს? სამართლიანობა რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს. რას ეფუძნება ჩვენი სამართალი? ფარაონის სამართალს? ასე უნდა ფარაონს და იმიტომ? ეს ხომ არ არის სახელმწიფოებრივი მმართველობა, რაც ფარაონს უნდა იმას აკეთებენ. რაც ერს სჭირდება, იმას უნდა აკეთებდნენ.
დღეს ჩვენთან სამართალი იდევნება, სამართლიანობა იდევნება. სამართლიანი ხალხი იდევნება და მე იმედი მაქვს, რომ დაიბადება (უკვე დაბადებულია) სამართლიანი ხალხი და უზენაესი სამართალი საქართველოში. […]
დადგება სამართალი, დაიბადება სამართლიანობა და სამართლიანი ხალხი საქართველოში. რაც იდევნება, ის უფორ დიდად და დიდად იბადება. ოქროპირი ამბობს, ჭეშმარიტებას რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდნენ და ჯვარს აცმევდნენ, მით უფრო გამოჩნდებოდა მისი სიდიადეო. ჯვარცმით გამოჩნდა, რომ ქრისტე ღმერთია. ჯვარცმით გამოჩნდა, მას როგორ ვუყვარვართ. ამიტომ, მე მიხარია, რომ სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი ბევრნი ხართ და უფრო მეტი იქნებით, უფრო მეტი დაიბადება. შეგეწიოთ უფალი. ჩვენს ნავში ზის ღმერთი, სამართლიანი ხალხის ნავში ზის. ღმერთი ზის მასთან, ვინც სიმართლეს ეძებს, თავის მოწაფეებთან, რადგან ვინც სიმართლეს ეძებს, ისაა ქრისტეს მოწაფე. შეეწიოს ყველა სამართლიანობის მძებნელს და სამართლიან ხალხს” – თქვა არქიმანდრიტმა.










